ბათუმში ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის მფლობელობაში არსებულ კომპანიაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

ბათუმი. საგამოძიებო მოქმედებები სასტუმრო "ეიფორიაში". 31 მაისი, 2022 წელი

ბათუმში თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის, კომპანია „მეტრო სითის“ მფლობელობაში არსებულ სასტუმრო „ეიფორიაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს, ამის შესახებ ადგილიდან იტყობინება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი.

მისი ინფორმაციით, „ეიფორიის“ თანამშრომლები შენობის გარეთ, მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებებს აპროტესტებენ. თავად ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი შენობის მეხუთე სართულზეა, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან ერთად.

"ეიფორიის" თანამშრომლები ამბობენ, რომ დღეს, 31 მაისს დაიბლოკა კომპანიის საბანკო ანგარიშები. მათივე თქმით, შენობიდან გაიტანეს კომპიუტერები და საბუთები.

კომპანიაში დასაქმებული ერთ-ერთი პირის მოწოდების შემდეგ, შენობის გარეთ მყოფმა თანამშრომლებმა შეწყვიტეს ოზთურქის მხარდამჭერი შეძახილების სკანდირება და შენობაში შევიდნენ.

გალიფ ოზთურქის მხარდამჭერები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში რადიო თავისუფლებას ბათუმში, ერთ-ერთ კომპანიაში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს, დეტალების გახმაურების გარეშე. უწყების წარმომადგენლის განცხადებით, დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ბათუმში მომუშავე თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის სახელს პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები თუ მედიასაშუალებები აქტიურად უკავშირებდნენ გოგოლის ქუჩაზე წამოწყებულ მასშტაბურ, უკანონო მშენებლობას.

ასევე ნახეთ ბათუმში კორპუსების უნებართვოდ მშენებელი კომპანია განმარტებებს ავრცელებს

8 თებერვალს მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა ადამიანებმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს უთხრეს, რომ „დაახლოებით ერთი კვირაა, რაც მშენებლობა შეჩერდა“.

კომპლექსს ადგილობრივებმა „ჩინელების დასახლება“ დაარქვეს, რადგან აქვთ მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან, ამ კორპუსებში ჩინეთის მოქალაქეებს შეასახლებენ.