ნავალნის თქმით, მას ახალი ბრალდებები წაუყენეს და კიდევ 15 წლით პატიმრობა ემუქრება

პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ თქვა, რომ, როგორც გამომძიებლებმა შეატყობინეს, მის წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძვრება „ექსტრემისტული ჯგუფის შექმნის“ ბრალდებით, რაც დაკავშირებულია მის ორგანიზაციასთან, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდთან“ და მასთან დაკავშირებულ ჯგუფებთან.

„დღეს კვლავ მომაკითხა გამომძიებელმა და ოფიციალურად წარმომიდგინა ბრალდება ახალ საქმესთან დაკავშირებით“, - დაწერა კრემლის კრიტიკოსმა 31 მაისს ტვიტერში.

„თურმე ექსტრემისტული ორგანიზაცია შევქმენი, რათა ზიზღი გამეღვივებინა ხელისუფლებისა და ოლიგარქების მიმართ. და როცა ციხეში ჩამსვეს, ამაზე აღშფოთება გავბედე (რა სულელი ვარ) და მიტინგების მოწოდებით გამოვდიოდი. ჩემს განაჩენს კიდევ 15 წელი უნდა მიუმატონ“, - თქვა მან.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური მოძრაობა 2021 წლის ივნისში „ექსტრემისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადეს და გააუქმეს. ანალოგიური ბრალდებები უკვე წაუყენეს ნავალნის რამდენიმე თანამებრძოლს.

ნავალნი შარშან იანვარში დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც ის მოსკოვში დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც მას მკურნალობდნენ მოწამვლის გამო. ევროპულმა დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმა დაასკვნეს, რომ პოლიტიკოსი საბჭოთა ტიპის ნერვულ-პარალიზური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ იყო მოწამლული.

ამის შემდეგ მას 2,5 წლით პატიმრობა მიესაჯა იმ ბრალდებით, რომ მან გერმანიაში წასვლით დაარღვია ადრე მისთვის მისჯილი პირობითი სასჯელის წესები. თავდაპირველი სასჯელი ფართოდ მიიჩნევა პოლიტიკურად მოტივირებულად.

გასულ კვირაში სასამართლომ ძალაში დატოვა ნავალნისთვის გამოტანილი განაჩენი ცხრა წლით პატიმრობის თაობაზე. ამ ახალი ბრალდებებით, მას ედავებიან ფლანგვასა და სასამართლოსადმი უპატივცემულობას, რასაც ის და მისი მომხრეები ასევე პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.