ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაცია "თბილისი პრაიდი" აცხადებს, რომ წელს "ღირსების მარშს" ვერ გამართავენ, რადგან არ აქვთ ამის შესაძლებლობა. ამაზე საუბარია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც პრაიდის კვირეულის გეგმებს ეხება.
"წელს ჩვენ არ გაგვაჩნია არავითარი სივრცე და შესაძლებლობა ღირსების მარშის ჩასატარებლად. ვრჩებით ერთადერთ ჯგუფად, რომელსაც, ფაქტობრივად, ჩამორთმეული აქვს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. ამასთანავე, ჩვენს დღის წესრიგში დგას უმწვავესი პრობლემები, როგორებიცაა განათლებაზე, დასაქმებაზე, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, უსახლკარობა, გენდერის სამართლებრივი არაღიარება, ოჯახში ძალადობა, დისკრიმინაცია. თუმცა გვწამს, რომ ჩვენი დაუღალავი ბრძოლითა და თანადგომით ამ რეალობას აუცილებლად შევცვლით.
ჩვენ გვარწმუნებენ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი წინააღმდეგია, თუმცა ფაქტები ცხადყოფს, რომ მიმღებლობა ლგბტქ ადამიანების მიმართ საგრძნობლად იზრდება. სწორედ ეს გვაძლევს იმედს, რომ ჩვენს ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი!" - წერია განცხადებაში.
ასევე ნახეთ 95%-ზე ბევრად ნაკლები - საქართველოში ქვიარების მიუღებლობა მცირდება ასევე ნახეთ მოსახლეობის 73% აზრით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება - „ედისონ რისერჩი"პრაიდის კვირეული 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება და სამ ღონისძიებას მოიცავს.
- "ახალი ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება";
- "რეგიონული კონფერენცია, რომელზეც საერთო გეოპოლიტიკურ ბრძოლებზე სასაუბროდ შეიკრიბებიან ლგბტქ აქტივისტები საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ბელარუსიდან";
- "პრაიდ ფესტივალი, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებს გააერთიანებს".
"2022 წელი იქნება იარების მოშუშების, ძალის მოკრების, სოლიდარობის, გაერთიანების, ერთმანეთზე ზრუნვის, მიღწეული შედეგების დაფასების და სტრატეგიების გამრავალფეროვნებისა და გაფართოების წელი. ამავდროულად, კვირეული იქნება ხმამაღალი, პოლიტიკური, ემოციური, მრავალფეროვანი და თავს მოუყრის ყველას, ვისაც თანასწორობის სწამს!" - ვკითხულობთ განცხადებაში.
გასულ წელს, 2021 წლის 5 ივლისს, მაშინ, როცა თბილისის ცენტრალურ გამზირზე "ღირსების მარში" უნდა ჩატარებულიყო, სასულიერო პირებისა და ჰომოფობიური ჯგუფის, "ალტ-ინფოს", მოწოდებით სიძულვილის ჯგუფები შეიკრიბნენ. მათ დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი და იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე. ამ დრომდე პოლიციას არ დაუკავებია ძალადობის ორგანიზატორები.