მინსკში ასამართლებენ ქალს, რომლის ქმარი კგბ-სთან შეტაკებისას მოკლეს საკუთარ ბინაში

კგბ-ს თანამშრომლებსა და ანდრეი ზელცარს შორის შეტაკება. მინსკი. 2021 წ. 28 სექტემბერი.

ბელარუსში სასამართლოს წინაშე წარდგა ქალი, რომლის მეუღლე მინსკში საკუთარ ბინაში იქნა მოკლული კგბ-სთან შეიარაღებული შეტაკებისას. მარია უსპენსკაიას ქმრის თანამოაზრეობაში ედება ბრალი. მისი სასამართლო პროცესი 31 მაისს დაიწყო დახურულ კარს მიღმა, იტყობინება ადამიანის უფლებების დამცველი ცენტრი „ვიასნა“.

დეტალები ჯერაც უცნობია 2021 წლის სექტემბერში მომხდარი შეტაკებისა, რომლის შედეგადაც მოკლულ იქნა ანდრეი ზელცარი, რომელიც აშშ-ში მდებარე IT კომპანია EPAM-ისთვის მუშაობდა. შეტაკებისას დაიღუპა ასევე კგბ-ს ოფიცერი ძმიტრი ფედასიუკი. ხელისუფლებამ მაშინ განაცხადა, რომ „განსაკუთრებით სახიფათო ბოროტმოქმედმა“ ცეცხლი გაუხსნა უშიშროების სამსახურის ოფიცრებს მას შემდეგ, რაც მათ სახლში მიაკითხეს მას და ეძებდნენ „ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილე პირებს“.

„ვიასნას“ თანახმად, მოსამართლე ვალიანცინა ზიანკევიჩი დიდი ალბათობით დაასკვნის, რომ მარია უსპენსკაია არ არის ჯანმრთელ მდგომარეობაში, ვინაიდან შეიარაღებულმა ინციდენტმა მძიმედ იმოქმედა მის ფსიქიკაზე. სასამართლო უსპენსკაიას სავარაუდოდ ფსიქიატრიულ კლინიკაში გაგზავნის, აცხადებს უფლებადამცველი ორგანიზაცია.

ბელარუსში უპრეცედენტო ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები მოეწყო მას შემდეგ, რაც 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურ გამარჯვებულად ქვეყნის ავტორიტარი ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა გამოცხადდა. ოპოზიციური ჯგუფები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. მრავალი დასავლური სახელმწიფო უარს ამბობს, პრეზიდენტად აღიაროს ლუკაშენკა.