თბილისში, ავლაბრის მთაზე, სამების ტაძართან ახლოს სომეხი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მონახულება სომხეთიდან ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრებისთვის ვიზიტის პროტოკოლის ნაწილია - აქ მოჰყავთ სომხეთის პრეზიდენტები, პრემიერები, პატრიარქი... რა თქმა უნდა, მოდის უბრალო ხალხიც.
„უფრო სომხეთიდან მოდიან, ვიდრე ადგილობრივები, განსაკუთრებით ზაფხულობით, ბათუმში, ქობულეთში როცა ისვენებენ, აქაც ამოივლიან ხოლმე, - ამბობს გარიკ გრიგორიანი, რომელიც პანთეონს 2000 წლიდან უვლის, - მაშინ მითხრეს, 17 მანეთი გექნება ხელფასიო. მე ვუთხარი, ფული არ მაინტერესებს-მეთქი. აი, ჭიშკრიდან დაწყებული ყველა მონაკვეთი მიყვარს აქაურობის“.
როსტომ მეფის საჩუქარი
ამ ადგილის ისტორია მე-17 საუკუნიდან იწყება. პანთეონის საინფორმაციო აბრაზე ამოიკითხავთ, რომ როსტომ მეფემ თავის ხაზინადარს აშხარბექ ბეიბუთოვს (ასლან-მელიქ ბეიბუთს) საგვარეულო სასაფლაოს მოსაწყობად ავლაბრის ტერიტორიაზე მიწა აჩუქა. როსტომი ბეიბუთს ძალიან აფასებდა და ამის გამო მას ხოჯაც, ანუ დიდი უწოდა. გარდა იმისა, რომ სასაფლაო მოაწყო, ხოჯამ ამ მიწაზე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაც ააშენა, რომელსაც ხალხმა ხოჯავანქი - ხოჯას ეკლესია - შეარქვა. მოგვიანებით ამ სახელის გამოყენება უკვე სასაფლაოს აღსანიშნადაც დაიწყეს.
„თეიმურაზის და ერეკლე მეორის სიგელებითაც დამტკიცებულია, რომ ეს ტერიტორია სომხებს ეკუთვნოდათ. მერე მთელი მე-19 საუკუნის სომხური ინტელიგენცია თბილისში ცხოვრობდა და აქვე კრძალავდნენ. მათ ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი თბილისის განვითარებაში, ჯერ მარტო მიქაელ არამიანცმა რამდენი გააკეთა?! წარმოიდგინეთ, ნახევარი მთაწმინდა რომ ერევანში იყოს დაკრძალული, ისეა ეს პანთეონიც, - ამბობს პანთეონის დირექტორი მაია წილოსანი, - თავად ხოჯას საფლავი არ შემონახულა, რადგან 30-იან წლებში ლავრენტი ბერიამ სასაფლაო თითქმის მთლიანად დაანგრია, ააფეთქა“.
30-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ სასაფლაოს ადგილას „მეგობრობის პარკის“ გაკეთება გადაწყვიტა. ეკლესია დაანგრიეს, საფლავების ქვებიდან ბევრი გზების მშენებლობაზე გამოიყენეს. 300 წლის განმავლობაში აქ დამარხული ათასობით ადამიანის საფლავიდან მხოლოდ რამდენიმე ათეულიღა გადარჩა, მათ შორის, სომეხი პოეტის რაფის საფლავიც. როგორც ამბობენ, რაფი იმდენად დიდი მოღვაწე იყო, რომ მის სამარხს ვერ შეეხნენ.
„ვისაც პატრონი ჰყავდა, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე გადაასვენა თავისი მიცვალებული, მაგრამ ბევრი საფლავი დაიკარგა.
მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული, ამ პარკში იყო რუსული სკოლა, 26 ბაქოელი კომისრის სახელობის საზაფხულო კინოთეატრი, ატრაქციონები, პიონერთა სახლი, რვა წელი მანდ ვსწავლობდი. ერთხელ, რომ ვსეირნობდით, ბებიაჩემმა მიმიყვანა ამ პიონერთა სახლთან და მითხრა, აქ ჩემი და არის დასაფლავებულიო. ძმის საფლავის გადატანა მოასწრეს, დის - ვერა. ახლა ძველი შენობებიდან მხოლოდ ბაღი დარჩა, იქ დევნილები ცხოვრობენ. სანამ სამება აშენდებოდა, პარკის ტერიტორია სანაგვედ იყო ქცეული. სამების ფუნდამენტის თხრა რომ დაიწყეს, მიწას უამრავი ძვალი მოჰყვებოდა. მარტო 20 თავის ქალა მე მოვაგროვე და პანთეონის კედელთან დავმარხე“, - იხსენებს გარიკ გრიგორიანი.
რამდენიმე გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის ნეშტი, რომლებიც 30-იან წლებში პარკის მშენებლობას გადაურჩნენ, სომეხი პოეტის რაფის საფლავთან გადაასვენეს. უკვე 1961 წელს ამ ადგილას ოფიციალურად გაიხსნა სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, რომელიც ცნობილმა არქიტექტორმა რუბენ აღაბაბიანმა დააპროექტა. გარდა ნამდვილი საფლავებისა, აქ არის სიმბოლური საფლავებიც.
ყველაზე ძველი საფლავი რაფისაა (ნამდვილი სახელი ჰაკობ-მელიქ ჰაკობიანი), მე-19 საუკუნის სომეხი ნოველისტის. რაფი სპარსეთში, მდიდარ ოჯახში დაიბადა, სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში, ცხოვრობდა სოლოლაკში.
„თანამედროვე სომხური ენით წერდა. ცნობილია მისი რომანები „სამველი“, „შერეკილები“... „სამველში“ მოქმედება მე-5 საუკუნეში ხდება და სპარსელების წინააღმდეგ სომხების აჯანყებაზეა მოთხრობილი. სამველი კლავს მშობლებს, რომლებმაც ქრისტიანობას უღალატეს. ეს ისტორიული ფაქტია. მაგრამ ისტორიკოსს ამ ამბავზე მხოლოდ ორი წინადადება აქვს დაწერილი, რაფმა კი მთელი რომანი შეთხზა.
„შერეკილები“ დაახლოებით ისეთი ტიპის ნაწარმოებია, როგორიც ქართული „დათა თუთაშხია“. რამდენიმე ადამიანი სისტემის წინააღმდეგ იბრძვის“, - ჰყვება სომხური ლიტერატურის ფილოლოგი და ჰოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმის თანამშრომელი გოჰარ მაზმანიანი.
რაფის მარჯვნივ სწორედ ჰოვანეს თუმანიანის საფლავია. ის 14 წლის იყო, როცა მამამ ლორეს გუბერნიიდან თბილისში ჩამოიყვანა. მას შემდეგ აქ ცხოვრობდა. მეგობრობდა ტიციან ტაბიძესთან, კოტე აფხაზთან, ზაქარია ფალიაშვილთან. „ცისფერყანწელები“ მისი სახლის ხშირი სტუმრები იყვნენ. თუმანიანის მოთხრობა „გიქორი“ ქართულ სასკოლო პროგრამაშიც იყო შეტანილი.
„თბილისელი გოგო მოიყვანა ცოლად, ათი შვილი გაუჩნდათ. ბოლოს კიბო ჰქონდა და მოსკოვში რომ მიდიოდა საოპერაციოდ, იოსებ გრიშაშვილმა უთხრა, ჩამოსულს შენს ნაწარმოებებს თარგმნილს დაგახვედრებ მაგიდაზეო. მაგრამ მოსკოვში გარდაიცვალა და მერე ჩამოასვენეს“, - ამბობს გოჰარ მაზმანიანი.
რაფის მარცხნივ მწერალი გაბრიელ სუნდუკიანი მარხია (1825-1912წწ.). სპექტაკლი „პეპო“, რომელშიც მთავარ როლებს მედეა ჩახავა და ეროსი მანჯგალაძე ასრულებენ, სწორედ მისი პიესის მიხედვით არის დადგმული.
„პეპო“ სომხურად კი არის დაწერილი, მაგრამ თბილისურ კილოზე. 1871 წელს ჯერ ქუთაისში დაიდგა, მერე თბილისში და სცენიდან არ ჩამოდიოდა. კიდევ მისი პოემის მიხედვითაა დადგმული სექტაკლი „ხათაბალა“, ესეც ძალიან წარმატებული. „ხათაბალა“ გლეხი კაცის, კინტოების გასაჭირზეა, სულ რომ შრომობენ, მაგრამ კაპიკსაც ვერ აკეთებენ, - ამბობს გოჰარ მაზმანიანი, - და კიდევ აქ არის დაკრძალული ღაზაროს აღაიანი, ჩვენი იაკობ გოგებაშვილი. უამრავი საბავშვო ნაწარმოები აქვს დაწერილი, ბევრი მათგანი დღემდე სომხეთის სასკოლო პროგრამაშია. მანვე დაწერა სომხური დედაენა“.
ბოლო წლებში პანთეონს საქართველოში მოღვაწე თანამედროვე სომეხი მსახიობების, ჟურნალისტების, მხატვრების საფლავებიც შეემატა. მათ შორის, გაიანე ხაჩატურიანის, რომლის ნახატები მთელ მსოფლიოში სხვადასხვა კოლექციაშია დაცული.
აქვეა სერგო ფარაჯანოვის სიმბოლური საფლავიც, ბროწეულის ნერგით.
„ფარაჯანოვი თბილისში ცხოვრობდა, თბილისში გარდაიცვალა და, წესით, აქ უნდა იყოს დაკრძალული, მაგრამ 90-იანი წლები იყო, არეულობა. მაშინ ნებართვა აიღეს, რომ სომხეთში გადაესვენებინათ“, -ჰყვება მაია წილოსანი.
ახლა პანთეონი თბილისის მერიის ბალანსზეა. იმისთვის, რომ აქ ვინმე დაიკრძალოს, ნებართვა მერიამ უნდა გასცეს.
„საქართველოში ძალიან ბევრი სომხური სათვისტომოა და მათი მომართვა, თხოვნაც გვჭირდება, ჩვენ ხომ არ ვიცით, ვინ ვინ არის“, - განმარტავს პანთეონის დირექტორი.
დღეს პანთეონში 45 საფლავია, მათ შორის ზოგი სიმბოლური.
„ხშირად მოაქვთ ყვავილები, - ამბობს გარიკ გრიგორიანი, - მეც მომაქვს ხოლმე და მსახიობ ლეილა მკრტჩიანის საფლავზე ვაწყობ, ის უფრო ბოლოსკენ დამარხეს, 2016 წელს“.