„კულტურის მინისტრის აზრით, მონებივით პირამიდა უნდა ავუშენოთ - ასე არ მოხდება“ - ინტერვიუ ირაკლი კაკაბაძესთან

Your browser doesn’t support HTML5

მუზეუმის ათობით თანამშრომლების გათავისუფლება, მანამდე ხელოვნების მუზეუმის დირექტორის გაშვება, რეჟისორ სალომე ჯაშის ფილმ „მოთვინიერების“ გაუქმებული ჩვენება, კინოცენტრის ხელმძღვანელის შეცვლა, თვეობით დაფინანსებაგაჩერებული ლიტერატურული ჟურნალები, ჩაშლილი ლიტერატურულ პრემია „ლიტერა“, თბილისის ლიტერატურული ფესტივალის გაურკვეველი მომავალი, ბოლო დღეებში გახმაურებული წიგნის ფესტივალის მხარდაჭერაზე უარის თქმის ამბავი და საქართველოს 65 ბიბლიოთეკისთვის ყოველწლიური წიგნადი ფონდების განახლების პროგრამის გაუქმება - ეს ის ფაქტებია, რაც, სულ ცოტა, ერთ შეკითხვას მაინც ბადებს: რატომ აკეთებს ამას კულტურის სამინისტრო და მისი ხელმძღვანელი, რისი მიღწევა სურს ამით?

მკაფიო პასუხები არ არსებობს. კულტურის სამინისტრო, IDFI-ს ბოლო გამოკვლევის თანახმად, ყველაზე ჩაკეტილი საჯარო უწყების სტატუსს ატარებს და არათუ ამ, არამედ გაცილებით მარტივ შეკითხვებზეც მედიისთვის პასუხების მიღება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

მაგრამ ისიც ჩანს, რომ რაც მეტია მსგავსი გადაწყვეტილებები, მით უფრო მკაფიოა პროტესტი მწერლების, მეცნიერების, რეჟისორების იმ ნაწილში, ვისაც სჯერა, რომ მათ ასე ადვილად ვერავინ „მოათვინიერებს“. და სულ ცოტა, რაც ახლა მათი აზრით, უნდა გაკეთდეს, ეს პროტესტი არ უნდა მიჩუმდეს.

სტამბოლში მცხოვრები მწერალი და მთარგმნელი ირაკლი კაკაბაძეც ამ აზრზეა და ამბობს, რომ კულტურის სამინისტრო თავად არის საზოგადოების მსახური და დავალების შემსრულებელი და არა პირიქით.