„შვილიშვილი მეუბნება, მამაზე დიდი კუნთები გაქვსო“, - ამბობს 53 წლის მაკა ხიზანიშვილი - ყოფილი წყალბურთელი, პერსონალური ტრენერი, ბოდიბილდინგის ჩემპიონი. მაკა ქართული ბოდიბილდინგის ერთ-ერთი „ვეტერანია“. უკვე ცამეტი წელია, რაც ამ სპორტშია, ბოლო ექვსი წელი ჩემპიონატებზე გამოდის და 12 ნოემბერს საერთაშორისო შეჯიბრებაშიც მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოში ბოდიბილდინგის ფედერაცია 1987 წლიდან არსებობს, ქალები კი 17 წელია, რაც ჩემპიონატებზე გამოდიან. ბოდიბილდინგი საერთაშორისო სპორტია, თუმცა არა ოლიმპიური. ბოდიბილდერის ძირითადი „სამუშაო ადგილი“, სატრენაჟორო დარბაზშია, სადაც სპორტსმენები ათლეტურ, როგორც თავად ეძახიან, „მშრალ“ ფორმებზე მუშაობენ: სხეული რელიეფური უნდა იყოს, რასაც თვების შრომა სჭირდება. წონებით ვარჯიში, სპეციალური დიეტა, და ზოგიერთ ქვეკატეგორიაში, დანამატების მიღება.
ჩვენს წარმოდგენაში ბოდიბილდინგი მხოლოდ ერთ კატეგორიასთან ასოცირდება, Women's Physique - რაც ძლიერად დაკუნთულ ფორმას ნიშნავს. სინამდვილეში ქალების ბოდიბილდინგში უამრავი კატეგორიაა, თუმცა საქართველოში ქალები ძირითადად ორ კატეგორიაში ემზადებიან: ფიტნეს ბიკინი - უფრო გამხდარი სხეული, გამოკვეთილი კუნთებით, და ბოდიფიტნესი - უფრო განვითარებული კუნთები, V-სებრი სხეული განიერი მხრებით. მაკა ხიზანიშვილს სწორედ ასეთი სხეული აქვს.
15 წლის რომ იყო, მშობლებმა ცურვაზე შეიყვანეს, მაგრამ კედლიდან კედლამდე ცურვა მობეზრდა და მალულად, ქალთა წყალბურთის ნაკრებში გადავიდა - წყალბურთი მაშინ გოგოსთვის შეუფერებელ სპორტად ითვლებოდა. მაკას მშობლებმა ეს გაზეთიდან გაიგეს, როცა ნაკრებმა შეჯიბრებაში გაიმარჯვა. მაკა წყალბურთში საბჭოთა კავშირის დაშლამდე იყო და მისი კაპიტნობით ნაკრები ჩემპიონიც გახდა, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იძულებული გახდა, სპორტისთვის თავი დაენებებინა. მაკა გათხოვდა, შვილი ეყოლა, ოჯახთან ერთად მაღაზიების ქსელი შექმნა, მაგრამ 90-იანებში გაკოტრდა.
„მქონდა დეპრესია. ვარჯიში შველის ამას. წავედი ლაგუნაზე, სადაც ნაცნობმა, რომელმაც წყალბურთში მომიყვანა, აბონემენტი გამიკეთა. იქ გავიცანი ჩემი მასწავლებელი, რომელმაც დახმარება შემომთავაზა. არ ვიცოდი, რომ ფიტნესიც სპორტი იყო და ვუთხარი, არა, მე სპორტსმენი ვარ-მეთქი. მაგრამ მერე რომ გავერკვიე, ფიტნესი რა იყო, მასთან დავიწყე ვარჯიში და უკვე 13 წელია მასთან ვარ“.
დილის ხუთ საათზე დგება, შვიდის ნახევრიდან ვარჯიშს იწყებს, რვიდან საღამოს ათამდე პერსონალურ ტრენერად მუშაობს. მძიმე გრაფიკი შეჯიბრების წინა თვეებში კიდევ უფრო შეიცვლება, კვება ხომ საერთოდ:
„ბოლო ორი კვირა საერთოდ საშინელებაა, მხოლოდ ფილე, ერთი-ორი ღერი სალათის ფურცელი, ერთი-ორი კოვზი ბრინჯი, გამოხდილი წყალი, მორჩა, სულ ესაა. პოზირებაზე ცალკე ვარჯიშია, ყოველდღე 40 წუთი“.
თავად შეჯიბრებაზე, ათლეტს სულ რამდენიმე წუთი აქვს იმისთვის, რომ მსაჯებს სხეული აჩვენოს. პოზირება მთელი ხელოვნებაა, - ისე უნდა დადგე და დატრიალდე, რომ თითოეული კუნთი გეტყობოდეს; ვერც შენი ჯერის მოლოდინში იქნები მოდუნებულად, სცენაზე სულ დაჭიმული უნდა იდგე. სცენაზე გამოსვლის წინ ზედმეტად დალეული ერთი ჭიქა წყალიც კი გეტყობა. მაკას იმედი აქვს, რომ ბოდიბილდერის Pro Card-ს აიღებს, ამისთვის თავის წონით კატეგორიაში უნდა გაიმარჯვოს. Pro Card-ის მფლობელი ათლეტი უკვე ელიტური ლიგის სპორტსმენად ითვლება, უფრო დიდი ჩემპიონატებისკენ აქვს გახსნილი გზა და შეუძლია, გამოსვლებით ფულიც იშოვოს, თუ პირველ ხუთეულში მოხვდა. საქართველოში ჯერჯერობით, მხოლოდ სამოყვარულო ლიგა არსებობს.
საკუთარი სხეულის შენება
„ბოდიბილდინგი რატომ ჰქვია? შენ აშენებ შენს სხეულს. როგორიც გინდა, რომ გახდე, ისეთი ხდები. შენი თავის უკეთესი ვერსია ხდები ყოველ ვარჯიშზე“.
43 წლის ანი მარგიევაც ბოდიბილდერია და ახლა სხვებს ავარჯიშებს. უნივერსიტეტში ტანვარჯიშზე დადიოდა, მაგრამ ოჯახის გამო სპორტი გადადო.
„ბავშვები ცოტა რომ გაიზარდნენ, სკოლაში რომ დაიწყეს სიარული, ვიფიქრე, რატომ უნდა დავხარჯო ეს დრო სახლის საქმეზე, როცა შემიძლია, ჩემთვის გამოვიყენო? დავიწყე აერობიკაზე სიარული და მალევე მივხვდი, რომ არ მყოფნის, დავამატე წონებით ვარჯიში. შევედი ტრენერის კურსებზე, ავიღე სერტიფიკატი. და ერთხელაც დავფიქრდი, რატომ მარტო დარბაზი, როცა სცენაც არსებობს?“
ანი ტრენერის გარეშე, მარტო მოემზადა ჩემპიონატისთვის. ამით საკუთარ თავს იმასაც უმტკიცებდა, რომ შეუძლია, კარგი ტრენერი იყოს.
„საკმაოდ თავდაჯერებულ ადამიანად ვჩანდი ყოველთვის, მაგრამ შინაგანად ასე არ იყო. ამ სფერომ დამანახა, რამდენად დიდი მქონდა ლიდერის პოტენციალი“.
ახლა მთელი დღეები მოსწავლეები ჰყავს, უმეტესად, საკუთარი სხეულით უკმაყოფილო ქალები. ვარჯიში - კი, მაგრამ „კუნთი არ უნდათ“; ანი ამბობს, რომ კუნთი სხეულის ბუნებრივი ნაწილია და ბოდიბილდინგი საშუალებას გაძლევს, სხეული იმ სქემის მიხედვით „ააშენო“, რაც ჩაფიქრებული გაქვს.
„უმეტესობას, ვინც აქ მოდის, საკუთარი სხეული ეზიზღება. ის მომენტი, რომ რაღაც არ მოგწონს, ყველას აქვს, მეც. ეს სტიმულს უნდა გაძლევდეს შრომისთვის. თუ რაღაცას აღიქვამ როგორც მინუსს, ესე იგი, არ არის ეს დადებითი, არ გაგაბედნიერებს, რაც არ უნდა ეცადო. უნდა აღიარო, რომ გაქვს და მერე იმუშაო, არ უნდა განიცადო. გზა ხომ იცი? აირჩიე და პატარა ნაბიჯებით მიხვალ შედეგამდე“.
32 წლის უკრაინელმა, ანტონინა კონკოვამ ვარჯიში რომ დაიწყო, უბრალოდ ორსულობის მერე „ფორმაში მოსვლა“ უნდოდა, მაგრამ დარბაზში უთხრეს, „ფიტნეს ბიკინის“ კატეგორიისთვის კარგი მონაცემები გაქვს და შეჯიბრებისთვის მოემზადეო.
„2016 წელს დავიწყე მომზადება პირველი ჩემპიონატისთვის, მაგრამ ისევ დავორსულდი და 9 თვის ბავშვი დავკარგე. ექიმები მეუბნებოდნენ, არავითარი ვარჯიშიო, მაგრამ მაინც შევბრუნდი. სამ კვირაში უკვე 70 კილოს ვწევდი. რომ არ მეტირა, მაგისთვის ვწევდი წონას. არ მინდოდა, რომ უფროს ბავშვს ჩემი ცრემლები ენახა და სახლიდან დარბაზში გავრბოდი. დარბაზი მხოლოდ სხეულისთვის ხომ არაა, მაშინ ყვირილი მინდოდა და ხმა არ მქონდა, დარბაზი იყო ის ადგილი, სადაც ამას უხმოდ ვაკეთებდი. ქანცის გაწყვეტამდე ვვარჯიშობდი, სახლში ხოხვით მოვდიოდი, ვეხუტებოდი უფროს შვილს და ჩუმად ვიძინებდი. ასე გადავრჩი“.
ანტონინამ კიდევ ერთი შვილი გააჩინა და ორი შვილის დედობას დარბაზში მუშაობა შეუთავსა. „ქალი ხარ, იმშობიარე და მორჩა, ეგაა ქალის ბედი“ - ამ აზრის წინააღმდეგ წასვლა უნდოდა. ტრენერის გარეშე, მარტო მოემზადა და ეროვნულ ჩემპიონატზე პირველ ადგილზე გავიდა, წელს კი, ესპანეთის ჩემპიონატზე, საქართველოს სახელით, მეექვსეზე.
„მინდა ამ ყველაფერს საქართველოს სახელით ვაკეთებდე. ვთვლი, რომ ორი გული მაქვს - ქართული და უკრაინული. გაგიჟებით მიყვარს საქართველო და მინდა, ეს ქვეყანა დაინახონ საერთაშორისო ჩემპიონატებზე, მინდა ყველგან ცნობილი იყოს. მინდა, ჩვენი დროშა ჩანდეს, საქართველოს პრობლემებიც ჩანდეს, უკრაინისაც. მსოფლიო კარგად იცნობს დიდ ქვეყნებს, მაგრამ არსებობს პატარა, თბილი, კეთილი ქვეყნები, რომლებიც ყურადღების მიღმაა. როცა სპორტსმენები გამოვდივართ, სულერთია რა სფეროში, ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვარსებობთ, ჩვენი ქვეყნების პრობლემებიც არსებობს. მინდა, ეს დროშა ყველგან ჩანდეს“.
“ქალი ქალი უნდა იყოს”
მაკა ხიზანიშვილი ამბობს, რომ დღე არ გავა, ტიკ-ტოკზე „კაცქალა“ არ დაუძახონ, მაგრამ წარბსაც არ იხრის. ვარჯიში მისი ცხოვრების წესია, ოჯახი მხარს უჭერს და ბევრი მოსწავლეც ჰყავს, მათ შორის, კაცებიც.
„ქალი ქალი უნდა იყოს" - მაგით ვერ გამაკვირვებ. თავიდან განვიცდიდი, ქუჩაში რომ მიყურებდნენ, ახლა ვერც კი ვამჩნევ. ყველას თავისი ცხოვრება აქვს, მე ბოდიბილდერი ვიქნები თუ არა, ეგ არავისი გადასაწყვეტი არაა. ჩემს ცხოვრებაში არავის არ მივცემ ჩარევის უფლებას“, - ამბობს მაკა.
„ადამიანი თუ მოვა ჩემთან და მეტყვის, იცი რა, დაკლება მინდა, კი, ვიმუშავებთ მაგაზე, მაგრამ შემხვედრია მსუქანი ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, და მე არასდროს არ ვეტყვი, რომ არასწორია, იმიტომ რომ მას მოსწონს, აკმაყოფილებს და მე რატომ უნდა ჩავერიო მის ცხოვრებაში“.
ანი მარგიევა სხვანაირად ფიქრობს, რაც თინეიჯერ შვილთან ურთიერთობაშიც გამოიხატება.
„როგორი რთულია ჩემთვის იმის აღიარება, რომ ჩემს უმცროს შვილს არ უნდა ვარჯიში. რა ხერხი აღარ გამოვიყენე, შევაშინე კიდეც, რომ ამდენი ფასტფუდის ჭამით და უმოძრაობით ჯანმრთელობას გაიფუჭებს, მაგრამ არა. მოსწონს საკუთარი თავი. რატომ უნდა იყო ცუდ ფორმაში, როცა შეგიძლია, არ იყო? არც იმან იმოქმედა, რომ ბავშვობიდან ვავარჯიშებდი და ჯანსაღ ცხოვრებას ვაჩვევდი. არ ვიცი, ცუდი დედა ვარ, ცუდი ტრენერი ვარ, რომ საკუთარ შვილს ვერ შევუცვალე ეს აზრი. "მე მინდა, რომ ვიყო ისეთი, როგორიც ვარ" - ეს მიდგომა ჩემთვის არ არის მისაღები. მე არ მომწონს ჩემი თავი არასდროს, ყოველთვის ვხედავ მინუსებს და ყოველთვის მინდა, ამაზე ვიმუშაო“.
ანტონინა კონკოვას ერთ-ერთი ოცნებაა, ახალგაზრდა დედებისთვის სემინარები ჩაატაროს, სადაც ასწავლის, როგორ ივარჯიშონ და შეარჩიონ საკვები მშობიარობის მერე და დეპრესიას ებრძოლონ. ამბობს, რომ „ფორმაში ჩადგომა“ ყოველთვის შესაძლებელია, და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი შვილი გააჩინე.
„ძალიან ხშირად მსმენია, რომ კუნთი თუ გაქვს, "ფუ, კაცი ხარო". მაგრამ ეს ჩემი არჩევანია. ყველას აქვს უფლება, განსაჯოს ან მიიღოს. არ ვარ ვალდებული, სხვას შევეწყო, თუ ვინმეს არ მოვწონვარ, სხვა მხარეს გაიხედოს, არ მადარდებს. როგორც წესი, ქალი რომ იღებს ბოდიბილდინგში მოსვლის გადაწყვეტილებას, უკვე მზადაა ყველაფრისთვის, ისახავს გზას და მიდის ბოლომდე“.
რა სტილით და როგორი რეჟიმით ცხოვრობენ ბოდიბილდერები საქართველოში: