დეპუტატი რაქვიაშვილი ეკონომიკის მინისტრს: საინტერესო იქნებოდა გველაპარაკა გადასახდების შემცირებაზე - იმაზე, რაც ეხმარება ეკონომიკას

ალქესანდრე რაქვიაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი

საქართველოს პარლამენტის წევრი "გირჩიდან" ალექსანდრე რაქვიაშვილი უკმაყოფილოა პარლამენტში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის პასუხების მოსმენით. მინისტრს მმართველმა გუნდმა ინტერპელაციის გზით საქართველოში მაღალ ინფლაციაზე და უკრაინის ომის ქვეყნის ეკონომიკაზე მოსალოდნელ გავლენასთან დაკავშირებით კითხვა რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა.

დეპუტატმა რაქვიაშვილმა თქვა, რომ ეკონომიკის მინისტრი იმ საკითხებზე საუბრობდა, რაც მისი უწყების ფუნქციებში არ შედის.

"ძალიან მიხარია, რომ მეტი შემოსავლები ექნება ბიუჯეტს და დეფიციტი იქნება ნაკლები - მადლობა ფინანსთა სამინისტროს ოღონდ, ეს ეკონომიკის სამინისტროს არ ეხება... კარგია, თუ მთავრობა ხედავს, რა ზარალი მოაქვს მაღალ ინფლაციას და ფიქრობს, როგორ დაეხმაროს ღარიბებს - მაგრამ მადლობა უნდა ვუთხრათ ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს. ინფლაცია ხომ იცით, რომ ეროვნული ბანკის საქმეა, ამაზე ამდენი ვილაპარაკეთ...

რაც მართლა ეხება ეკონომიკის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს მთავარი ფუნქციაა იზრუნოს, როგორ გავმდიდრდეთ სწრაფად, უფრო გამიხარდებოდა ამაზე ყოფილიყო თქვენი გამოსვლა..." - თქვა დეპუტატმა მისთვის გამოყოფილ დროში.

ალექსანდრე რაქვიშვლის თქმით, მთავრობა ისეთ საკითხებში ერევა, რომლის წინააღმდეგიც თავად უნდა იყოს.

"უამრავი რამ არის, რაც ეკონომიკას დაეხმარება. მაგრამ რა არ დაეხმარება ეკონომიკას - როცა მთავრობა ერევა იმაში, რაც მისი საქმე არ არის. ბენზინის ფასზე საუბარი და ის, რაც მთავრობამ მიიღო, დანაშაულია. იმიტომ კი არა, რომ თეორიულად ცუდი იქნებოდა, ბენზინის ფასი იყოს დაბალი...

რატომ იზრდება ჩვენს ქვეყანაში ფასები, უნდა მიმართოთ ეროვნულ ბანკს, მაგრამ თქვენ რას აკეთებთ, ამის ნაცვლად, მიმართავთ კონკურენციის სააგენტოს, რომელიც იწყებს რაღაც მოლაპრაკებებს, რაც უბრალოდ არ შეიძლება საბაზრო ეკონომიკაში და უნდა იყოთ ამის წინააღმდეგი...

ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა გველაპარაკა გადასახდების შემცირებაზე, პრივატიზაციაზე, უამრავი საკითხია, რაც ეხმარება ეკონომიკას ზრდაში. კარგი იქნება, ყველამ ის გააკეთოს, რაც მას ევალება და სხვა სამინისტროების და ინსტიტუციების უფლებებში არ შეიჭრას" , - თქვა "გირჩის" წევრმა.

დღეს, 27 მაისს საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის გზით საქართველოს ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს უსმენენ. მან მისთვის გამოყოფილ დროში თქვა, რომ მაღალი ინფლაციის მაჩვენებელია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით კონკურენციის სააგენტომ დაიწყო საწვავის ფასების შესწავლა და ზოგიერთ შემთხვევაში გაიაფდა კიდეც.

"რაც შეეხება ფასებს, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, გასაგები იყო, რომ მთელი ეკონომიკური გუნდი უნდა ყოფილიყო მობილიზებული იმისათვის, რომ დაგვეწია ინფლაცია, მათ შორის, ინფლაციაზე დიდწილად მოქმედებს ორი რამ, ეს არის საკვები პროდუქტები და საწვავი. საწვავთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივით, მოკვლევა გააკეთა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა და კონკურენციის სააგენტოსთან ერთად ჩვენ ვიმუშავეთ, რომ დეტალურად გაგვეანალიზებინა მიწოდების ყველა რგოლი, იმისთვის, რომ გვენახა სივრცე, როგორ შეიძლებოდა მოსახლეობისთვის საწვავზე ფასების შემცირება", - თქვა მან.