ღარიბაშვილი: რომ არა ჩვენი ხელისუფლება, დღეს აქ იქნებოდა მეორე მარიუპოლი

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას. 27 მაისი, 2022 წელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიცია, დასმული შეკითხვების პასუხად, ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი განცხადებების ტირაჟირებაში დაადანაშაულა.

"ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა ვუპასუხო ამ სააკაშვილის პარტიას, "ნაცმოძრაობას" და ამ დესტრუქციულ და უპასუხისმგებლო ადამიანებს, რომელიც იმეორებენ სიყალბეს, სიცრუეს, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს და ყველაფერს აკეთებენ, რომ რაიმენაირად ზიანი მიაყენონ ქვეყანას, ჩვენს ევროპულ პერსპექტივას“, - ასე დაიწყო მან შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლა.

ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა პარტია „ლელოს“ წარმომადგენელ დეპუტატს, სალომე სამადაშვილს და თქვა, რომ „მას ზრდილობაც არ ეყო, რომ დარჩენილიყო და მის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხები მოესმინა.“

პრემიერ მინისტრის თქმით, არ შეესაბამება სიმართლეს ის, თითქოს ბატონი ივანიშვილი არის წინააღმდეგი და ის არის მთავარი ბარიერი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის გარეშე, ევროინტეგრაციის შანსი კი არა, „ქვეყანა აღარ გვექნებოდა.“

ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის გაუგონარი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელსაც თქვენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეწეოდით. სააკაშვილის დროს თქვენ დაკარგეთ ტერიტორიები, დააბრუნეთ რუსული ჯარი, ომის შემდეგ თქვენ არათუ სანქციების დაწესებაზე არ გიფიქრიათ და გიმუშავიათ, ახლა, დღეს რომ გამოდიხართ დიდი პატრიოტები და მელაპარაკებით აქ, რომ უკრაინის ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შევუერთდეთ, თქვენ არათუ სანქციებზე ელაპარაკეთ ჩვენს პარტნიორებს, არამედ ომის შემდეგ თქვენ გახსენით უვიზო რეჟიმი რუსი მოქალაქეებისთვის და მიჰყიდეთ სტრატეგიული ობიექტები რუსეთს, რუსულ სახელმწიფო კომპანიებს. რაზე მელაპარაკებით? და დღეს გამოდიხართ და ჭკუას გვასწავლით, რომ რუსეთს დავუწესოთ ჩვენ ეკონომიკური სანქციები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილმა განმარტა, რა კეთდება, რათა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლა გამოირიცხოს

მისი სიტყვებით, სანქციების დაწესების, უკრაინისთვის ჩარტერული რეისებით მოხალისეებისა და ახალრეაბილიტირებული სუ25-ების გაგზავნის მოთხოვნა, არის ის, რაც „ჯდება პოლიტიკაში, რასაც ჰქვია ქვეყნის ომში ჩართვა“.

31 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ხელს აწერს საქართველოდან ელჩის გაწვევას. მან რამდენიმე მიზეზი დაასახელა. „არიან ისეთები, რომლებიც მუშაობენ სხვებთან ერთად სახელმწიფოს დაცვაზე, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც კარგავენ დროს და მუშაობენ მხოლოდ იმაზე, რომ დარჩნენ თანამდებობებზე. არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსეთის ბიზნესისთვის - მოძებნეთ სხვა სამსახური", - თქვა ზელენსკიმ. თავდაპირველად უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ განაცხადა რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან მეექვსე დღეს (1 მარტს), მათთვის დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.

შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა გაიხსენა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნისა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებები და თქვა, რომ მას ოპოზიციის მხრიდან ამ განცხადებების გამო პროტესტი არ მოუსმენია.

მოვისმინეთ მორიგი აღიარება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, სამწუხაროდ. მე შეგახსენებთ ყველას, მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, თუ რა ხდება რეალურად და რატომ არის ეს აჟიოტაჟი არაფრისგან გამოწვეული. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, ეს არ არის ჩვეულებრივი პიროვნება, გამოვიდა და თქვა, რომ ასე ვთქვათ, მათი სურვილი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსა და მოლდოვაში. ადამიანმა თქვა საუბრისას, გამოსვლისას, რომ არა მხოლოდ მათი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენ, არამედ მეორე ფრონტი უნდა იყოს საქართველოშიო და მოლდოვაშიო. ამის შემდეგ, თქვენ, მოგმართავთ ახლა საქართველოს მოქალაქეებს, ამ შემთხვევაში, როგორ გიჩნდებათ, როგორ არ გიჩნდებათ ან ელემენტარული ემოცია, პროტესტი, ან რაღაც, რომ ამის შემდეგ კიდევ იმავეს აგრძელებთ. კიდევ ერთი მინდა შეგახსენოთ, ასეთი პიროვნება არის, არესტოვიჩი, თუ არ ვცდები, გამოვიდა და თქვა, რომ ეს მთავრობა არ არის ომის მთავრობა და მოიყვანა აქვე მაგალითი, რომ სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაშიო დღესო, რუსეთთან ომს გამართავდაო და დღეს ეს ხელისუფლება არ წავიდა ომზე რუსეთთანო. ეს, ფაქტიურად, მეორე აღიარებაა. თქვენგან ნული, არავითარი რეაქცია, რეაგირება, პროტესტი არ გამიგონია. თქვენ საერთოდ ჩამოყალიბდით, ვის ემსახურებით - ემსახურებით საქართველოს, თუ ემსახურებით სხვა სახელმწიფოს, თუ სახელმწიფოებს. ამაზე გიფიქრიათ საერთოდ ოდესმე?! ეს არის მთავარი კითხვა და ამაზე უნდა გასცეს პასუხი ყველამ“, - თქვა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ მიზანმიმართული ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა და მტრობაა, როდესაც ადამიანებს ამ საკითხებზე პროტესტი არ უჩნდებათ.

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა 26 მარტს გაკეთებულ განცხადებაში თქვა: "თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია პრეტენზია კალინინგრადის ოლქზე, ეს ჩვენ აუცილებლად დაგვეხმარებოდა, მათ [რუსეთს] სხვა საქმეებიც გამოუჩნდებოდათ გარდა იმისა, რომ გაანადგურონ ჩვენი ქალაქები და სოფლები, დახოცონ ჩვენი ბავშვები და ქალები." დანილოვის ამ განცხადებას საქართველოში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მანამდე კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურნენ. შალვა პაპიაშვილმა თქვა, რომ მიუღებელია საქართველოსთვის ომის დაწყების მოწოდება.

ირაკლი ღარიბაშვილი შეეხო დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა გარანტიები არსებობს, რომ „საქართველოში არ გაჩნდეს შავი ხვრელი", რომლითაც "არ ფინანსდება უმძიმესი დანაშაულები უკრაინაში.“

ასევე ნახეთ დეკანოიძე: თქვენი გამოსვლიდან როგორც გავიგე, საქართველო მიერთებია სანქციებს, ე.ი. ომი გინდათ, ხო?!

არ ვიცი, რა გიპასუხოთ. ან არ გესმით, ან არ გინდათ რომ გაიგოთ, ან თქვენს ტვინში ჩაიხედეთ, იქნებ თქვენს ტვინში არის რაღაც რეალური პრობლემები. არ ვიცი, რა გიპასუხოთ ამაზე მაშინ, როცა ქვეყანა ევროკავშირისგან ელოდება ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მით უმეტეს დღეს არ არის კონსენსუსი ევროკავშირში. ველოდებით გადაწყვეტილებას, მოგვცემენ თუ არა ჩვენ კანდიდატის სტატუსს, ეს ადამიანები, ამისნაირი ვითომ პატრიოტები ავრცელებენ განცხადებებს. რატომ? - „ჰედლაინი“ რომ წავიდეს, „ჰედლაინი“, მთავარი სიტყვა, რომ საქართველო არის შავი ხვრელების რაღაც. ეს არის მტრობა, ეს არის ღალატი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების. თქვენ და ყველანი არ ემსახურებით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. თქვენ რეალურად რომ გინდოდეთ ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის [კანდიდატი ქვეყნის] სტატუსის მიცემა, სხვანაირად მოიქცეოდით“, - თქვა ღარიბაშვილმა.

მისი სიტყვებით, ოპოზიციამ იცის, რომ „გაკოტრებულები არიან“, ერთადერთი ბერკეტი, რაც ჰქონდათ, რომ „რამენაირად მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა, ესეც ვერ მოახერხეს“.

„შემოაგზავნეს მთავარი კონტრაბანდის საქონელი - სააკაშვილი, რომელსაც უნდოდა რეალურად ომის, რევოლუციის მოწყობა, ჩვენი და ჩვენი ყველასი გადატრიალება და დესტაბილიზაცია ჩვენი ქვეყნის. არ გამოუვიდათ, იმიტომ რომ არ გამოგივათ არასოდეს. ამის შემდეგ კითხვა ისმის, რატომ შემოვიდა ბატონი სააკაშვილი საქართველოში? ერთადერთი მიზნით, ბატონებო, რამენაირად მომხდარიყო აქ დესტაბილიზაცია. ნოემბერ- დეკემბერში იგეგმებოდა უკრაინაში შეჭრა რუსეთის, რეალურად არსებობდა გეგმა იმისა, რომ თუ აქ დესტაბილიზაცია მოხდებოდა და აქ ომი დაიწყებოდა, ოკუპირებული ქვეყანაში. მე მოგმართავთ თქვენ, თუ გონიერება გაქვთ შერჩენილი, როცა ვიღაც ადამიანი ფიქრობს რევოლუციის მოწყობაზე, ეს ნიშნავს თუ არა ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციას მთლიანად, ელემენტარული პროვოკაცია სჭირდება და ძალიან მარტივია ამ პროვოკაციის მოწყობა, რომ აქ ხელმეორედ გაიმართოს ომი. თქვენ ეს გაცნობიერებული გაქვთ? მე ამ კითხვას გისვამთ ხელმეორედ. ის უბედურება, რაც გავიარეთ 90-იანი წლების შემდეგ - ორი ომი რუსეთთან, აფხაზეთში, ოსეთში, შემდეგ სამოქალაქო ომი, შემდეგ 2008-ში ეს უგუნური ომი. ამ ყველაფერზე ვინ არის პასუხისმგებელი? ჩვენ, ხელისუფლება, ადამიანები, რომლებიც მართავენ, განკარგავენ ადამიანების ბედს. ამიტომ მოგმართავთ, მეგობრებო, ჩამოყალიბდით და მიპასუხეთ“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლოს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მოწოდებები, რომ საქართველოს უკრაინისთვის იარაღი გადაეცა და მოხალისეები ჩარტერული რეისებით წასულიყვნენ უკრაინაში, „უკავშირდებოდა ერთადერთ მიზანს - რამენაირად ომის დაწყება საქართველოში და რომ არა ჩვენი ხელისუფლება დღეს, აქ იქნებოდა მეორე მარიუპოლი. ამაზე, რა თქმა უნდა, იქნებოდა ყველა ეს ადამიანი პასუხისმგებელი. ამიტომ მთავარ კითხვაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა - ვის ემსახურებით, ემსახურებით საქართველოს თუ სხვა სახელმწიფოს?“- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის გამოსვლასაც პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატების ტაში მოჰყვა.

მანამდე პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს შემდეგი განცხადებით მიმართა:

არ ვიცი, ბატონო პრემიერო, გქონდათ თუ არა შანსი, გენახათ ევროპის ერთ-ერთ მთავარ გაზეთ „ფიგაროში“თქვენი სურათით გამოქვეყნებული სტატია. სტატიის სათაურია: „საქართველო შორდება ევროკავშირს და უახლოვდება რუსეთს“. მათ შორის, იმ მიზეზებზე საუბრისას, რომლის გამოც დღეს ასე თვლის ჩვენი ბევრი პარტნიორი ევროპაში, არის დასახელებული სწორედ თქვენი ხელისუფლების პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით. დღეს, ამ დარბაზში უმრავლესობის წევრებმა დასვეს შეკითხვა, ვუჭერთ თუ არა ჩვენ მხარს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. დიახ, ბატონებო და ქალბატონებო, ცხადია, ამ ინიციატივას მხარს ვუჭერთ და ამ ინიციატივას მხარს უჭერს მთელი ქართული საზოგადოება. მაგრამ, რაც ვერ გაიგო ევროპამ და რაზეც პასუხი არ აქვს, არის მთავარი შეკითხვა - ჩვენს ევროპულ მომავალს უჭერს თუ არა მხარს ის ადამიანი, ვინც დღეს მართავს ამ ქვეყანას, რომელიც დღეს ამ დარბაზში არ არის და ვერც მოვა, მაგრამ ვინც რეალურად განაგებს ჩვენი ქვეყნის მომავალს თქვენი თანამონაწილეობით და დახმარებით. ვგულისხმობ, ბიძინა ივანიშვილს".

თავის მხრივ, "ლელოს" კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს უთხრა, რომ, როგორც ჩანს, პრემიერმა ვერ გაიგო მისთვის გაგზავნილი კითხვების შინაარსი. მან პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ გაუმეორა მათ მიერ ინტერპელაციის ფორმატში გაგზავნილი შეკითხვის შინაარსი და ასევე გამოეხმაურა პრემიერის მიერ შესავალ სიტყვაში ჩამოთვლილ იმ რეგულაციებს, რომლებიც საქართველომ გაითვალისწინა, რათა ქვეყანა არ დამდგარიყო ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთისადმი დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის საფრთხის წინაშე.

"ბატონო პრემიერო, თუ სწორად გავიგე, თქვენ ამ დარბაზში აღიარეთ, რომ მიმდინარე წლის 28 თებერვალს სანქციების ნაწილს ლუგანსკთან და დონეცკთან მიმართებაში შეუერთდით. მაშინ, რატომ ატყუებდით საქართველოს მოქალაქეებს, როდესაც ამბობდით, რომ თუ საქართველო სანქციებს შეუერთდება, ეს იქნება ქვეყნის ომში ჩათრევა. მაშინ ტყუოდით, თუ ახლა ტყუით? ხომ აბრალებდით ოპოზიციას, რომ სანქციების მიერთებას ითხოვთო. ჩვენ სანქციების მიერთებაზე კითხვა არ გამოგვიგზავნია, არც უკრაინასთან მიმართებით გამოგვიგზავნია კითხვა. როგორც ჩანს, კითხვა ვერ გაიგეთ. ჩვენ გკითხეთ, როგორ არის დაცული საქართველო იმისგან, რომ რუსეთმა არ გამოიყენოს ჩვენი ქვეყანა და არ გადააქციოს ის „შავ ხვრელად“, რა გარანტიები აქვთ დღეს საქართველოს მოქალაქეებს, რომ აქ შექმნილი „შავი ხვრელით“ არ ფინანსდება უმძიმესი დანაშაულები უკრაინაში. გვაქვს თუ არა გარანტია, რომ ასეთი „შავი ხვრელი" არ არსებობს. არსებობს თუ არა სისტემა, რომელიც დაიცავს საქართველოს. თქვენ აქ 15 წუთის განმავლობაში იდექით და ვერ თქვით, რომ სისტემა არსებობს. ბატონო პრემიერო, თუ თქვენ არ იცით, მე გეტყვით, რომ სახელმწიფო არ იმართება ზეპირი განცხადებებით, სახელმწიფო არც დაპირებებით იმართება. სახელმწიფო იმართება დოკუმენტებით და საკანონმდებლო აქტებით", - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით კითხვებზე პასუხების გასაცემად შვიდმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიბარა. ესენი არიან: დავით უსუფაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე, არმაზ ახვლედიანი, თამარ კორძაია და დილარ ხაბულიანი. მათ პრემიერისგან შემდეგ საკითხზე სურდათ პასუხის მიღება.

რა სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიის, საქართველოში რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირების თუ სხვა სუბიექტების გამოყენებით რუსეთის ფედერაციისა და მათი წარმომადგენლების მიერ სანქციების რეჟიმის დარღვევა არ მოხდეს?

ინტერპელაცია საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი ფორმაა, როდესაც მთავრობის წარმომადგენელი დეპუტატთა მიერ გაგზავნილ შეკითხვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პასუხობს.

ინტერპელაციის ფორმატი, დასმულ კითხვებზე მინისტრის მიერ პასუხის გაცემის გარდა, ითვალისწინებს დებატების გამართვასაც.