ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კიდევ ორი ქართველი ქალი შეეწირა ფემიციდს. რატომ კლავენ კაცები ქალებს? ტყუილია, რომ საქართველოში ქალებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ? ქალის სწრაფვა ძლიერისკენ და ძალადობა, რომელიც შეიძლება ამ ძალის უკან იმალებოდეს. რადიო თავისუფლება ფსიქოლოგ თამარ თანდაშვილს ესაუბრა.
როდესაც კაცები ბრაზდებიან, სწყინთ ან მიუღებლად თვლიან ქალის საქციელს, უბრალოდ რატომ არ შორდებიან მათ? რატომ კლავენ კაცები ქალებს?
ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე გავრცელებულ მიზეზზე ვისაუბრებ. ეს არის ეგო, წარმოდგენა იმაზე, თუ რას წარმოადგენს კაცი სამყაროში და იერარქიაში რა ადგილს იკავებს.
ნებისმიერ საზოგადოებაში, რომელიც პატრიარქალურია, და მეტ-ნაკლებად ყველა საზოგადოება ზუსტად ასეთია, საქართველო კი, განსაკუთრებით, კაცებს აქვთ წარმოდგენა, რომ მათ მფლობელობაში ძალიან ბევრი რამე შედის და ამ მფლობელობის [არეალში] შემავალი ერთ-ერთი ნივთი არის ქალი.
ვერ გეტყვით, რომ ასეთი წარმოდგენის ქონა მაინცდამაინც მათი არჩევანია. ეს არის თვითწარმოებადი კულტურა, რომელიც მათ ასწავლეს ყველა ინსტიტუციაში, სადაც ისინი მოხვდნენ - დაწყებული საბავშვო ბაღიდან, ოჯახიდან, სკოლიდან, უბნიდან, სანათესაოდან, რომ არსებობს ორი ტიპის ადამიანი. ერთი არის, რასაც ჰქვია ადამიანი თავისი პერსონოლოგიით, ღირსებით და მას ჰქვია კაცი, და მეორე არის ადამიანი, რომელიც არის უფრო ქვემდგომი, რომელსაც პერსონოლოგია ნაკლებად ახასიათებს. ის უბრალოდ ასრულებს სოციალურ როლებს და ეს არის კაცის დამატება, მას ჰქვია ქალი. იგი რაღაცა ტიპის ქცევებს აუცილებლად უნდა ასრულებდეს, მაგრამ არსებობს ქცევების მთელი რიგი, რომელსაც ის ვერასდროს და არასდროს განახორციელებს, იმიტომ რომ ამ ქცევით კაცის ეგოს შელახავს, მის სახეს შელახავს. ხშირად სწორედ ეს არის ხოლმე [კაცის] ძალიან დიდი ტკივილი და პრობლემა და არა რომანტიკული ურთიერთობების შინაარსი.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოში ქალების მიმართ კაცის პატივისცემა და მზრუნველობა, რაზეც ამდენს საუბრობენ, მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქალი ასრულებს თავის „როლს“ საზოგადოებაში, სხვა შემთხვევაში კი ქალი პატივისცემას აღარ იმსახურებს?
ის, რასაც ქალის პატივისცემას ვეძახით, რასაც ჩვენ სადღეგრძელოებს ვუძღვნით ხოლმე და ეროვნულ ნარატივებში ვხვდებით, მათ შორის ისტორიის, ლიტერატურის, წიგნებში, ქალის პატივისცემის ნასახი არ არის სინამდვილეში. ეს არის კაცის ფანტაზია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს მისთვის შექმნილი ანგელოზი, როგორ უნდა იქცეოდეს, როგორი მანერები, „ღირსებები“ უნდა ჰქონდეს, როგორ უნდა შეესაბამებოდეს და მიესადაგებოდეს მის სურვილებს. ეს არის პრინციპში კაცის კულტურული ფანტაზია, რომელიც არის პატრიარქალურ საზოგადოებაში ისევ კაცების შექმნილი, რომელსაც შენ ოდნავ მაინც თუ ასცდი, ჩამოიწერები იმ პატივსაცემი კატეგორიიდან, რომელიც მათ გონებაში აქვთ შექმნილი და უკვე გადმოხვალ მეორე კატეგორიაში, რომელსაც ძალიან ცუდი, უხსენებელი სახელი ჰქვია - ეს არის ნაშა, ბოზი და კიდევ ბევრი ძალიან დამამცირებელი და დამაკნინებელი სახელი. ქალს არ სჭირდება დიდი შეცდომის დაშვება, სულ მცირე გადაცდენაც კი საკმარისია, რომ იგი ამ კატეგორიიდან ეგრევე ჩამოლაბორანტდეს და მოთავსდეს კატეგორიაში, სადაც ყველაფერი შეგიძლია უქნა ამის შემდეგ.
ძალა და ძალადობა - ეს ორი სიტყვა ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მათ ერთი ძირი აქვთ. ქალს შეუძლია, ინსტინქტურ დონეზეც კი ეძებოს ძლიერი კაცი და დაინახოს ის ადამიანში, რომელიც მეტ-ნაკლებად მიდრეკილია ძალადობისკენ. ამ დროს ის არ ფიქრობს, რომ ძალადობის მსხვერპლი თვითონაც შეიძლება გახდეს?
კი, და ამაში გასაკვირი არაფერია. ჩვენ ვცხოვრობთ პატრიარქალურ საზოგადოებაში და როდესაც ხარ ქალი, მუდმივად გაქვს დაუცველობის განცდა, იმიტომ, რომ შენ ბუნებრივად შენი თავის დაცვა არ ხელგეწიფება, თუ ისევ პატრიარქატის მიერ ძალიან დაფასებული პერსონა, კაცი [არ გიცავს], თან პატრიარქალური კაცი, რომელსაც პატრიარქალური ნიშნები მიეწერება, იმიტომ, რომ ყველა კაცი ვერ გადის ამ კატეგორიაში. შენს ოჯახში ასეთი კაცები შეიძლება იყოს მამა, შეიძლება იყოს ძმა, პაპა, ბიძაშვილი, მაგრამ როდესაც შენ აკეთებ არჩევანს, იხიბლები იმით, რომ შეიძლება ისეთი პატრიარქალური ფიგურა შეიძინო, რომელიც დაგიცავს ყველასგან და ყველაფრისგან და საბოლოოდ მოგიხსნის იმ შიშს, რომელიც გოგოებს ჩვენთან აქვს ბავშვობიდან - ჩაგვრის, სექსუალური, ფიზიკური ძალადობის, შეურაცხყოფის, ღირსების შელახვის. რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივია, რომ ქალს პატრიარქატში უნდოდეს ისეთი ფიგურის გვერდით დგომა, რომელიც ძალაუფლების მატარებელია. ხშირად ძალაუფლების ტარება აგრესიასთან არის ასოცირებული და არ არის გამორიცხული, რომ ქალი ამით მოიხიბლოს, თუკი აგრესიას აქვს შეფარული ფორმები.
მეორე საკითხია ლტოლვა, ეროტიკული და რომანტიკული ემოციები. ამ ემოციებში ხანდახან მოსულა თამაში, რომელშიც ძალაუფლებების გადანაწილება, გაცვლა და კიდევ მრავალი სცენარია და, რა თქმა უნდა, მცირედი, ურთიერთშეთანხმებული აგრესია. ეს ხანდახან ლტოლვის, ძალიან დიდი ეროტიკული სურვილის მაჩვენებელია, რომელიც შეიძლება ქალს ძალიანაც მოსწონდეს და ხიბლავდეს. ხშირად ეს შეიძლება საერთოდ არ წავიდეს [ძალადობისკენ], მაგრამ ხდება ისეც, რომ ადამიანი აგრესიაში ზღვარს ვეღარ დებს და მას აქვს ილუზია, რომ შეუძლია იბოგინოს და გააკეთოს ის, რაც უნდა. კაცის ეგო აგებულია ვიღაცისადმი უპირატესობაზე. ეს არის მცდარი, ფუჭი ეგო. თუკი მათ ეს ილუზია მოეშალათ, ან წყალი შეუდგა მათ თვითწარმოდგენას, ამ ეგოზე დამყარებულს, ისინი შეიძლება ძალიან მძიმე ძალადობაზე წავიდნენ. ამის ფაქტები საქართველოში ჩვენ გვაქვს ხშირი, მომატებულად ხშირი და მე ვიტყოდი, მსოფლიოში გვაქვს ერთ-ერთი უარესი სტატისტიკა ამ მხრივ.
ქალებს შორის, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან, არიან ისეთები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით ითმენენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ცდილობენ თავის დაცვას, პოლიცია გამოსცემს შემაკავებელ ორდერს, მაგრამ მათი პარტნიორები მათ მოსვენებას მაინც არ აძლევენ. როგორ უნდა დაიცვას ქალმა თავი?
ხშირად ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ თვითონ კაცი როგორია. რამდენად არის მიდრეკილი ძალადობისკენ, მანამდე თუ უძალადია და რამდენად აქვს შეგრძნება, რომ ქალი მისი ნივთია, რომელსაც ხელიდან ვერ გააგდებინებენ, როგორც ძაღლს ვერ გააგდებინებ ძვალს.
ქალმა რა შეიძლება გააკეთოს? პრინციპში, ძალიან ცოტა, იმიტომ, რომ ბერკეტი იმისა, რომ ძალას დაუპირისპირდე, არის ასევე ძალა, მაგრამ ასეთი ძალა შენ არ გაგაჩნია, შენი არავის არ ეშინია. შენს მუსკულატურას არ შეუძლია მეორე ადამიანის მუსკულატურას დაუპირისპირდეს, იმიტომ, რომ ის უფრო განვითარებული და ფიზიკურად დიდია. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოები უნდა ერთვებოდნენ, რომლებიც ყველა ძალას გამოიყენებენ, რომ ეს ორი ადამიანი ერთ სივრცეში არ აღმოჩნდეს.
საუკეთესოა მაღალი ტექნოლოგიების პრაქტიკა, როდესაც ადამიანს, რომელიც ძალადობისკენ არის მიდრეკილი, უკეთდება სამაჯური, რომელიც გეუბნება რა ტერიტორიაზე მოძრაობს იგი და შენ მონიტორინგის საშუალება გაქვს. როგორც კი რაღაც სივრცეში ერთად ხვდებიან ეს ადამიანები, სენსორი ყვირის და მაშინვე უნდა მივიდეს საპატრულო ეკიპაჟი და [გაარკვიოს], რატომ არიან ეს ადამიანები ერთად, როდესაც ერთს აქვს შემაკავებელი ორდერი, ანუ ის საფრთხეს წარმოადგენს, თავისი მეუღლის და შვილების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
ანუ თავად ქალს პრაქტიკულად არაფერი რჩება თავის დასაცავად?
თუ გადაწყვიტა ქალმა, რომ ეყოფა სუსტად არსებობა და თან ცოტა ფიზიკური მონაცემებიც უწყობს ხელს, მან შეიძლება გადაწყვიტოს რაღაც საბრძოლო ხელოვნებას დაეუფლოს. მაგრამ ეს არ არის პრობლემის გადაჭრა. როდესაც შენ გჭირდება წლობით, კვირაში 3-საათიანი ვარჯიში იმისთვის, რომ სიცოცხლეს არ გამოგასალმონ, ეს არ არის ჯანმრთელი ქვეყანა, ეს არ არის პროგრესული ქვეყანა. ეს არის ქვეყანა, რომელიც თავისი მოსახლეობის 50%-ზე მეტს ჩაგრავს. მე მაინც ვთვლი, რომ კანონმდებლობას და მის აღსრულებას აქვს უზარმაზარი როლი და ამ მხრივ საქართველოში დიდი გარღვევა გვაქვს.