ქუთაისი-მილანის რეისი თვითმფრინავის გაუმართაობის მიზეზით გაუქმდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-მილანის რეისი გაუქმდა. აეროპორტების გაერთიანებაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ფრენის გაუქმების მიზეზი ბორტის გაუმართაობა იყო, რაზეც უფრო ვრცელ კომენტარს ავიაკომპანია "Wizz Air"-ი მოგვიანებით თავად გაავრცელებს.

"როცა დასკვნა დაიდება, რა დაემართა ბორტს, ამაზე ავიაკომპანია ისაუბრებს. მოკვლევა მიდის. ტექნიკოსები ახლაც მუშაობენ, ბუდაპეშტში გადაგზავნილია პირველადი მონაცემები", - განაცხადა აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენელმა ნანა ბარამიძემ.

პრობლემის აღმოჩენამდე, თვითმფრინავი მილანიდან ჩაფრინდა ქუთაისში, საიდანაც მგზავრები უკან უნდა წაეყვანა, თუმცა რეისი აღარ შედგა.

აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, მგზავრების ნაწილმა ბილეთები სხვა რეისზე გადაცვალა, ნაწილმა კი ბილეთის თანხის დაბრუნება მოითხოვა.