"ბებიასთან, მაკრიალში [თურქული ქალაქის ქემალფაშას ძველი სახელწოდება - რ.თ.] როცა მივდიოდით, მთელი ოჯახი ტელევიზორის გარშემო ვსხდებოდით და საქართველოში ჩაის კრეფას ვუყურებდით. სიმღერებს მღეროდნენ და ვფიქრობდით, რომ იქ ჩვენი სანათესაოც იქნებოდა. პატარაობისას წინაპრები [საბჭოთა პერიოდის დროს] სულ გვიყვებოდნენ ბათუმზე, თბილისზე და საქართველოს ნახვა ოცნებად გვქონდა ქცეული", - ჰყვება 58 წლის ეთნიკურად ლაზი მწერალი უმით ოსმანაღაოღლუ.
ის 5 დედმამიშვილთან ერთად თურქეთში, ხოფაში დაიბადა. აქ ცხოვრობდნენ მისი წინაპრებიც, უფრო დიდი წინაპრები კი - ბათუმში. უმითის დაბადებიდან რამდენიმე წელში ოჯახი სტამბოლში გადასახლდა და ბავშვებს განათლება იქ მისცა. უმითი სტამბოლშია გაზრდილი.
"ერთი პერიოდი ხოფაში დავბრუნდი, მამულის აღსადგენად. მამას დავპირდი, რომ სახლს შევაკეთებდი. მაშინ მივედი საქართველოს საზღვართან. ახალი წლის ღამე იყო, ორი საათით ადრე აღნიშნავდნენ და საზღვრიდან დავიძახე: "ცოტა დამელოდე [საქართველო] და აუცილებლად შენთან დავბრუნდები-მეთქი".
უმითი საქართველოში პირველად 2007 წელს ჩამოვიდა და მას შემდეგ 15 წელია ხან თურქეთშია და ხან კიდევ აქ.
12 წლის წინ ქართველ ქალზე ლია ბახუტაშვილზე დაქორწინდა. საქართველოში წყვილი, როგორც წესი, თავის სახლში ხონში ჩერდება, თუმცა დასარჩენი აქვთ თბილისშიც. 2017 წელს ცოლ-ქმარმა თურქეთიდან 200 წლის ნალია ჩამოიტანა, რომელიც ახლა ლისის ტბასთან ახლოს ნაყიდ ნაკვეთზე დგას.
როცა ქართველები უმითს თურქს ეძახიან, სწყინს, ლაზი ვარო, ამბობს, თავისი პირველი მხატვრულ–დოკუმენტური წიგნიც "ლაზი ვორე" (ლაზი ვარ) ქართულ ენაზე 2014 წელს გამოსცა.
"თვალები პირველად ზღვაში გავახილე. ოჯახის უფროსები ზღვაში აგდებდნენ ბავშვებს, ცურვა რომ ესწავლათ. ცოტა რომ წამოვიზარდეთ, უკვე თევზის ჭერას გვასწავლიდნენ. ჩვენი სახლიც ზღვის სანაპიროზე იდგა".
ვინ არიან ლაზები
ასობით წლის წინ, გვიან ანტიკურ და ადრე შუა საუკუნეებში ლაზები ფაქტობრივად თანამედროვე დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა იყო. კოლხური სახელმწიფო და კულტურა უძველეს პერიოდში სხვადასხვა საზღვარში - სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთსა და დასავლეთ საქართველოში ვრცელდებოდა. აქ მოსახლე ხალხი ერთიან კოლხურ ენაზე საუბრობდა, რომელსაც სამეცნიერო წრეებში ზანურსაც უწოდებენ.
ლაზებს ქართველებისგან განსხვავებული თვითიდენტიფიკაცია აქვთ.
"ლაზთა უმეტესობა აღიარებს მის ნათესაობას ქართველებთან, მაგრამ ამბობს, რომ ლაზია. მათ ქართულ თვითიდენტიფიკაციას ხელს ენობრივი ფაქტორიც უშლის. საერთო ჯამში, ამ ხალხს ბევრ სხვადასხვა სახელმწიფოში ცხოვრება მოუწია და ქართულ სახელმწიფოში ცხოვრების ეპიზოდები შედარებით ხანმოკლე იყო", - ამბობს ისტორიკოსი ბუბა კუდავა.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკოსი და ლაზურის შენარჩუნების მომხრე პოპულარული ლაზი მომღერალი ქაზიმ ქოიუნჯუ იყო. მომღერალი, რომელიც 2005 წელს გარდაიცვალა, მღეროდა ლაზურ, მეგრულ, თურქულ და ქართულ ენებზე.
ბრძოლა ლაზურის გადასარჩენად
ლაზურად მოსაუბრეთა უმრავლესობა ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, შავი ზღვის სანაპიროზე - რიზესა და ართვინის ქალაქებსა და სოფლებში ცხოვრობს. მათი უმრავლესობა ჩრდილოეთ შავი ზღვის ძირძველი ხალხია.
მცირე ნაწილი კი, სულ 2000-მდე, საქართველოში, ძირითადად აჭარაში, სარფსა და კვარიათში. ლაზების ინსტიტუტის კვლევის თანახმად, მსოფლიოში სულ 1 მილიონი ლაზი ცხოვრობს, მაგრამ ამ ენაზე დღეს დაახლოებით 250 000 მათგანს თუ შეუძლია ლაპარაკი.
2011 წლიდან ლაზური მეგრულსა და სვანურთან ერთად იუნესკომ "აშკარად საფრთხეში მყოფი" ენების სიაში შეიტანა.
"ლაზებს გვაქვს გამონათქვამი "ნენა გურიში ნეკნა რენ" "Nena gurişi neǩna ren" (ენა გულის კარია). ეს ჩვენი გულის ენაა. ჩვენ ლაზური ენის თავმდაბალ მსახურებად ვთვლით თავს, მისი შენარჩუნებისა და მომავალი თაობებისთვის გადასაცემად უსასრულოდ ვმუშაობთ", - ამბობს ეთნიკურად ლაზი ეილემ ბოსტანჯი, რომელმაც საკუთარი ფესვების შესასწავლად თურქეთსა და საქართველოში მოგზაურობა 20 წლის წინ დაიწყო.
ის ახლა სტამბოლში დაფუძნებული ლაზური ინსტიტუტის პროექტის კოორდინატორია. ორგანიზაცია ლაზური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას ცდილობს.
მისი წინაპრები 1878 წლის ოსმალეთ-რუსეთის ომის შემდეგ ბათუმიდან ქალაქ საფანჯაში, ამჟამინდელ თურქეთის მარმარას რეგიონში გადასახლებულან. ლაზური ენის გადარჩენისა და პოპულარიზაციის საქმეში მკვლევარი 2001 წელს ჩაერთო. 2002 წელს კი, ევროპაში განათლების მიღების შემდეგ საცხოვრებლად ისევ თურქეთში დაბრუნდა და ოჯახიც იქ შექმნა.
"ჩვენი უფროსები დღესაც ამბობენ, რომ მათი მშობლიური ქალაქი ბათუმია. ჯერ კიდევ 1980-იან წლებში მე და ჩემი ოჯახი საცხოვრებლად ლონდონში გადავედით, სადაც გავიზარდე. საუნივერსიტეტო განათლება ლონდონის პრესტიჟულ უნივერსიტეტში მივიღე, შემდეგ მაგისტრის ხარისხი მოვიპოვე. პროგრესული ოჯახური წარმომავლობა ნიშნავდა, რომ მე ენობრივი და კულტურული უფლებების შესახებ ვიცოდი, რაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა", - ჰყვება ეილემი.
1993 წელს თურქეთში მცხოვრებმა ლაზებმა პირველი ლაზურენოვანი ჟურნალი "ოგნი-სკანი ნენა" ("მოუსმინე შენს ენას") გამოუშვეს. მის პირველ ნომერს თურქეთის მთავრობამ "სეპარატისტული პროპაგანდა" უწოდა. გამოცემის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სამართლებრივი ზომები მიიღო და გამომცემლებს მთელი ტირაჟი ჩამოართვა.
სასამართლომ მოგვიანებით გადაწყვეტილება ჟურნალის სასარგებლოდ მიიღო, თუმცა შიდა სარედაქციო უთანხმოების გამო მისი გამოცემა შეფერხდა და ბოლო წლებია აღარ გამოდის.
თურქეთში ლაზურმა ნელი აღორძინება 1999 წლიდან დაიწყო, როდესაც თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე წამოიწყო მოლაპარაკებები. პროცესი, ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვასაც ითხოვდა. 2002 წელს ევროკავშირმა ქვეყანას ეთნიკური უმცირესობების ენის სწავლება დაავალდებულა და თურქეთიც იძულებული გახდა, უცხო ენების სწავლებისა და განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შეეტანა.
თურქეთში სახელმწიფო საშუალო სკოლების მე-5-მე-8 კლასების მოსწავლეებს ლაზურის სწავლა არჩევით საგნად შეუძლიათ. ლაზურის არჩევითი გაკვეთილის სასწავლო გეგმა და სასწავლო წიგნები ლაზურმა ინსტიტუტმა მოამზადა. ლაზურმა ინსტიტუტმა თურქეთის განათლების სამინისტროსთან ლაზურის მასწავლებლების გადამზადების შეთანხმებასაც მიაღწია, თუმცა ლაზური ენა სკოლებში მაინცდამაინც წარმატებულად ვერ ისწავლება.
ლაზურად მოლაპარაკეთა უმრავლესობა საშუალო და უფროსი ასაკისაა. როცა თაობები ენის გადაცემას ვერ ახერხებენ, ენები ქრება, - აღნიშნავს იუნესკო. გადამწყვეტია ასევე დოკუმენტაციის ნაკლებობა და ხელისუფლების გულგრილობა.
"ლაზური და მეგრული ენები მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. ჩვენ ვართ კოლხეთის სამეფოს შთამომავლები. ჩვენ გვაქვს მდიდარი და ფესვგადგმული კულტურული მემკვიდრეობა. ჩვენ გვაქვს განსხვავებული ცეკვები, მუსიკა, ზღაპრები და ხელნაკეთობები. თურქეთისა და საქართველოს მთავრობებმა უნდა გამოყონ ბიუჯეტი ჩვენი კულტურის აღრიცხვისა და გამოფენისთვის და აღიარონ, რომ ეს ლაზებსა და მეგრელებს ეკუთვნით. მოკლედ, ჩვენი ენების პრესტიჟი უნდა გაიზარდოს და მივცეთ ის ღირებულება, რასაც ისინი იმსახურებენ", - ამბობს ლაზი აქტივისტი, ეილემ ბოსტანჯი.
ლაზურის და მეგრულის სიახლოვე
ლაზური და მეგრული იმდენად ახლოს დგანან ერთმანეთთან, რომ მეცნიერთა ნაწილი მათ ერთ ენად განიხილავს. მეგრულის მცოდნე ლაზურის სხვადასხვა კილოებს სრულყოფილად ვერა, მაგრამ მაინც გაიგებს. მაგალითად, "ლაზი ვორე" (ლაზი ვარ) მეგრულად იქნება "ლაზ ვორექ", თოლი (თვალი) - თოლი, ჯიხა (ციხე) - ჯიხა, დრო - ორა. ლაზურს საქართველოში ქართულის გავლენა ეტყობა, თურქეთში კი - თურქულის. ორივეგან სიტყვები შერეულია.
ქართველი ენათმეცნიერების ნაწილი ლაზურს ენას უწოდებს, ნაწილი - დიალექტს.
ისტორიკოსი ბუბა კუდავა თვლის, რომ ენათმეცნიერულ-ლინგვისტური თვალსაზრისით, ლაზური და მეგრული, ფაქტობრივად, ერთი ენაა, თუმცა სოციო-ლინგვისტური თვალსაზრისით, სადაც მნიშვნელობა სხვა ფაქტორებსაც ენიჭება, ცალ-ცალკე ენებია.
"მაგალითად, წმინდა ენათმეცნიერული თვალსაზრისით, თურქული და აზერბაიჯანული, ფაქტობრივად, ერთი ენაა, თურქებსა და აზერბაიჯანელებს უპრობლემოდ ესმით ერთმანეთის, მაგრამ პოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახელმწიფო და სხვადასხვა საზოგადოებაა, სხვადასხვა რეალობით. აქედან გამომდინარე, ცალ-ცალკე ენად ითვლება. პრობლემა კიდევ ის არის, თუკი ჩავთვლით, რომ მეგრული და ლაზური ერთი ენაა და ასეც არის, ჩემი აზრით, გაუგებარია, რა ჰქვია მაშინ ამ ენას", - ამბობს ბუბა კუდავა და დასძენს, რომ ერთ-ერთი კრიტერიუმი ენის/დიალექტის ფენომენის განსასაზღვრად ისაა, თუ რას ეძახის თავად ხალხი თავის მეტყველებას.
"თუ ასე გაგრძელდა, საუკუნის მიწურულს ლაზური გაქრება", - მიაჩნია ლაზეთის მკვლევარსა და ისტორიის დოქტორს, ბაკურ გოგოხიას. დაახლოებით იგივე საფრთხის წინაშეა მეგრული და სვანურიც. მიზეზებიც თითქმის ერთგვაროვანია - ყოფით დონეზე მათი გამოყენების სიხშირის შემცირება და სხვა ენითა თუ ენებით ჩანაცვლების მზარდი ტენდენცია. მას გამოსავლად საჯარო სკოლებში სახელმწიფო ენის (ქართულის) სასწავლო პროგრამასთან ერთად კომბინირებულად ლაზურის, მეგრულისა და სვანურის სწავლება მიაჩნია.
"…ფაქიზი თემაა. თურქეთზე საუბარი ძნელია, რადგან ჩვენი პრეროგატივა არაა, საქართველოში კი აუცილებლად დარგის სპეციალისტების ჩარევით უნდა მოხდეს", - ამბობს ის.
"ლაზები დღემდე ანაკლიაშიც ცხოვრობენ, მაგრამ ლაზური ჩვენ თვალწინ დაიკარგა, ანუ მეგრულს შეერწყა. ლაზური დაავიწყდათ და დღეს მეგრულად საუბრობენ", - ამბობს ენათმეცნიერი ნათია ფონიავა.
მისი აზრით, პირველ ეტაპზე, ლაზებით დასახლებულ ადგილას, სკოლებში ის სავალდებულო საგნად უნდა შევიდეს, რადგან არჩევითი საგნის სახით შემოღება დროის კარგვად მიაჩნია და თურქეთის გამოცდილებას იშველიებს, სადაც 2013 წლიდან ლაზური, ისევე როგორც სხვა კავკასიური ენები, არჩევით საგნად ისწავლება.
"იქ ასეთი პრინციპია, თუ სკოლაში 10-კაციანი ჯგუფი შედგება, მაშინ დაიწყება სწავლება. იმდენად ცოტა ადამიანმა გაიარა ეს კურსი, რომ პრობლემის მასშტაბიდან გამომდინარე პრაქტიკულად უშედეგოა. იქაც ცდილობენ, რომ სავალდებულო საგნად შემოღებას მიაღწიონ, მაგრამ, ჯერჯერობით, ამ მხრივ წინსვლა არ არის", - ამბობს ენათმეცნიერი.
14 აპრილს, დედაენის დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ კარგი იქნებოდა, თუკი მეგრული და სვანური ენები სკოლაში არჩევითი საგნები გახდებოდა. ზურაბიშვილმა კონსტიტუციით განსაზღვრული ქართული და აფხაზური ენების დაცვასთან ერთად, ჭანურისა და ლაზურის დაცვაზეც ისაუბრა.
"გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და გადარჩენისთვის ზრუნვა, რამეთუ ეს ენები განუყოფელი ნაწილია ჩვენი კულტურის და წარმოადგენენ უნიკალურ სიმდიდრეს. ამას შევძლებთ, თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ პირველ რიგში მეგრულისა და სვანურისათვის", - განაცხადა მან.
თუმცა პრეზიდენტის ეს განცხადება პირველი არ ყოფილა და მსგავსი რამ მან 2021 წელსაც თქვა.
"ვჩაგრავთ ჩვენი ენის ფუძე ენებს – მეგრულსა და სვანურს. რატომღაც გვეშინია, ქართულის უმდიდრეს ლიტერატურულ ენად ჩამოყალიბებაში მათი როლის აღიარება. მეგრულიც და სვანურიც ჩვენი საგანძურია, რომელსაც უნდა ვიცავდეთ და ვანიჭებდეთ სწორ ადგილს. ყველა მსურველს უნდა ჰქონდეს სკოლაში ამ ენების არჩევით შესწავლის საშუალება და არ უნდა ვემორჩილებოდეთ ცრუ შიშებს!", - ნათქვამი იყო მიმართვაში.
"ფოთსა და აბაშაში ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ სერიოზული საფრთხის ქვეშაა მეგრული. აშკარა საფრთხიდან სერიოზულზე გარდამავალი საფეხურია ქალაქებში - სენაკში, მარტვილში და ზუგდიდშიც ნაწილობრივ. სოფლებში ბევრად უკეთესი მდგომარეობაა. თუმცა იმდენად სწრაფად მიდის ენის კარგვის პროცესი, რომ მეგრული აქაც ძალიან მალე სერიოზული საფრთხის ქვეშ მყოფად ჩაითვლება.
უაზრო შიშისგან უნდა განვთავისუფლდეთ, - თუ შენ მოსახლეობას ისე მიაწოდებ საკითხს, რომ თუ მე ამას ენას დავუძახებ, თუ რეალურ ნაბიჯებს გადავდგამ მის დასაცავად, სახელმწიფო თავზე დაგვექცევა, შედეგი არ გვექნება… ფიქრობენ, რომ არაფერი მოუვა ამ ენებს და თუ აქამდე მოვიდნენ, ჰგონიათ, ასე გაგრძელდება, მაგრამ ასე არ არის, მათი გამოყენების არეალი ძალიან შევიწროვდა", - ამბობს ენათმეცნიერი ნათია ფონიავა.
თურქეთში მცხოვრები მწერალი და ჟურნალისტი ფარნა ბექა ჭილაძე ლაზებისა და ქართველების გაუცხოების პრობლემასა და ლაზებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროგრამის მნიშვნელობაზე საუბრობს. თურქეთში მცხოვრებ ასეულობით ლაზს საქართველოს მოქალაქეობა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილების საფუძველზე მიანიჭეს, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს პროგრამა აღარ გაგრძელდა.
"მოქალაქეობის მინიჭება ერთგვარი პატივისცემის გამოხტვის ჟესტია. კარგი პროგრამა იყო და კარგი იქნებოდა, რომ გაგრძელებულიყო. ასევე, საჭიროა მათი რაღაც ღონისძიებებზე დაპატიჟება, რაიმე სახის ჩართულობა, რომ კავშირი არ გაწყდეს", - ამბობს ფარნა ბექა ჭილაძე.
"საქართველოს მოქალაქეობის აღება ბევრ ლაზს უნდა. რამე რომ მოხდეს, თქვენ გვერდით ისევ ჩვენ, ლაზები უნდა ვიყოთ. თურქეთიდან რომც მოინდომონ რამე, ჩემი მიწა უნდა გამოიარონ, ლაზეთი, და იქ უნდა გავაჩერო, ჩემს მამულში", - ამბობს უმით ოსმანაღაოღლუ, რომელიც ამჟამად თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეა.