წიგნის ფესტივალი უკრაინის ფერებში

დიდი რიგებია ექსპო-ჯორჯიას მე-11 პავილიონში. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. თან, პანდემიის მერე, ჩვეული მასშტაბით, პირველად. დარბაზში ძველებური ზუზუნით, სცენიდან წამოსული ექოთი, წიგნის მოყვარულების შეხვედრებით და ერთმანეთის მოკითხვით, „რა წიგნი შეარჩიე“ ფრაზებით, ავტოგრაფების დარიგებით, - ჩანს, რომ ორწლიანმა წყვეტამ ამ თავშეყრის მონატრება გაამძაფრა. მაგრამ წლევანდელ ფესტივალს მაინც გამოარჩევს ერთი რამ - მისი სლოგანი: „საქართველო უკრაინის გვერდით დგას“. ფესტივალის ეს დღეები, 26-დან 29 მაისის ჩათვლით, წიგნებს და უკრაინას მიეძღვნება. ფესტივალის მთავარი ფერებიც ლურჯი და ყვითელია.

სასურველი წიგნების სია ალბათ უკვე ჩამოწერეთ, მაგრამ ჩვენ გამომცემლობების ნაწილს ვთხოვეთ დაესახელებინა სამ-სამი წიგნი წლევანდელი ფესტივალიდან, რომელთაც სხვა გამოცემებთან ერთად, მკითხველს ურჩევენ.

სამი წიგნი გამომცემლობა „სიესტისგან“

ზელენსკი უგრიმოდ, ავტორი სერგი რუდენკო, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი პოლიტიკური ბიოგრაფია.

„ჩალისფერი მხედარი ანუ დავიწყებული პანდემია“, ლორა სპინი - ეს არის წიგნი ესპანური გრიპის ისტორიაზე, არაერთი პარალელით კოვიდ-19-ის პანდემიასთან: „თითქოს ასი წლის წინანდელ ამბებს კითხულობ, მაგრამ ეს ამბები ძალიან ჰგავს კოვიდის ისტორიას“, - გვეუბნება გამომცემლობა „სიესტის“ მთავარი რედაქტორი დავით კაკაბაძე.

თანამედროვე კლასიკის სერია, ოთხი გამოცემული წიგნით, მათ შორისაა ჰაინრიხ ბიოლის „ბილიარდი ათის ნახევარზე“, ჯორჯ ორუელის „1984“ და „ცხოველების ფერმა“ და ოლდოს ჰაქსლის „საოცარი ახალი სამყარო“ - დღემდე ყველა რომ აქტუალურია.

სამი წიგნი გამომცემლობა „სეზანისგან“

„დიქტატურის გემო“, რუსუდან გორგილაძე - ეს უნდა ყოფილიყო წიგნი გაფრთხილება, მაგრამ აღმოჩნდა წიგნი - რეალობა. მისი პრეზენტაცია უკრაინაში ომის დაწყების დღეს, 24 თებერვალს დაემთხვა. მასში სამი დიქტატორის, სტალინის, მუსოლინისა და ჰიტლერის მართვისა და პროპაგანდის ხერხებზეა მოთხრობილი.

„დავითი და გოლიათი“, მალკოლმ გლედველი - ეს წიგნი არის ზუსტად დავითის და გოლიათის პარადიგმაზე, „როგორ შეიძლება, პატარა მოერიოს დიდს და როგორ შეიძლება, ნაკლი იყოს უპირატესობა“, - გვეუბნება გამომცემელი შორენა შავერდაშვილი.

„ჩალის ღერის რევოლუციონერი", ლარი კორნი - წიგნი ნატურალურ სოფლის მეურნეობაზე, მასანობუ ფუკუოკას ფილოსოფიასა და ცხოვრების წესზე. იმაზე, თუ როგორ დავამუშაოთ მიწა და ვაწარმოოთ მეურნეობა ისე, რომ ის იყოს ბუნებასთან ჰარმონიული.

სამი წიგნი „ნოდარ დუმბაძის გამომცემლობისგან“

„ნეტფლიქსი“, ნიკა ჯორჯანელი, პოეზია.

„ჩანამღერი“, სოფო დუმბაძე. პოეზია.

შობის წიგნი, თათია მთვარელიძე. პოეზია.

„ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა“ მალე გამოსცემს სოსო მეშველიანის და გიო საჯაიას პოეტურ კრებულებს. ასევე, ნოდარ მაჭარაშვილის ორ წიგნს, რომანს სახელწოდებით „კვაზიმუდოს ქალაქი“ და ვრცელ მოთხრობას „ქეიფი სოლოლაკში“.

სამი წიგნი გამომცემლობა „ზიარისგან“

„მძიმე ჯვარი“, ვალიკო ჯუღელი - ეს არის სახალხო გვარდიის მეთაურის, ვალიკო ჯუღელის დღიური, რომელიც პირველად ასი წლის წინ გამოვიდა რუსულად, ახლა კი მკითხველი სრულ დღიურს ქართულ ენაზე გაეცნობა.

„მეორადი ჰომეროსი“, დათო ქარდავა - ლექსების კრებული. „თბილისის ყოველდღიურობის პოეზია“, როგორც მას გამომცემელი ნატო ალხაზიშვილი უწოდებს.

„ქართველთა ამბოხი ტექსელზე“, ერიკ ლი - წიგნი ევროპის ბოლო ბრძოლაზე მეორე მსოფლიო ომის დროს და ტექსელის აჯანყების ხელახლა აღდგენილი სურათი.

სამი წიგნი გამომცემლობა „დიოგენესგან“

„სახეობების წარმოშობა“ და ავტობიოგრაფია, დარვინი. ამ წიგნების თარგმანი არსებობდა, მაგრამ აქამდე სრულყოფილად არ გამოცემულა.

„აუსტერლიცი“, ვინფრიდ გეორგ ზებალდი, მეოცე საუკუნის გერმანელი მწერლის ყველაზე მნიშვნელოვანი რომანი.

„ძუძუ“, ფილიპ როთი, ქართველი მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობი ამერიკელი ავტორის კიდევ ერთი წიგნი იმაზე, თუ რა ხდება მაშინ, როცა პერსონაჟი განიცდის მეტამორფოზას და ის სხეულის ნაწილად გარდაისახება.

სამი წიგნი „სულაკაურის გამომცემლობისგან“

„ველურ გულთან ახლოს“ და „ვარსკვლავის დრო“, კლარის ლისპექტორი. ამ წიგნში მოქცეულია ბრაზილიელი მწერლის ორი ცნობილი რომანი.

„საუბრები მეგობრებთან“, სალი რუნი. ეს არის თანამედროვე ირლანდიელი მწერლის გახმაურებული წიგნი.

„მოკლე კატოს თავგადასავალი“, ზაირა არსენიშვილის კიდევ ერთი ახალი გამოცემა.

სამი წიგნი „ქარჩხაძის გამომცემლობისგან“

„აპეიროგონი“, კოლუმ მაკკენი - ეს არის წიგნი პალესტინა-ისრაელის კონფლიქტზე, ოღონდ ეს კონფლიქტი, როგორც გია ქარჩხაძე ამბობს, დანახულია სულ სხვა თვალით - ეს არის ორი ადამიანის პარალელური ისტორია, ამ გმირებს კი ის აერთიანებს, რომ ამ კონფლიქტის შედეგად ორივემ დაკარგა შვილი.

„უჩინარი“, რალფ ელისონი - ეს არის 50-იან წლებში გამოცემული წიგნი, რომლის ავტორი ერთ-ერთი პირველი მედროშეა, ვინც წერდა შავკანიანთა უფლებებზე და ამ წიგნში ჩანს სწორედ, როგორ მიდის ეს უჩინარი ადამიანი პოლიტიკურ იდეებამდე და ბრძოლამდეც.

„ინტელექტუალური საკუთრება“, არამ სინრაიქი - ამ წიგნის ავტორი არის ბას-გიტარისტი, წიგნი იელის უნივერსიტეტში გამოიცა თავის დროზე და ძალიან პოპულარულად ხსნის, თუ რას ნიშნავს „ქოფირაითი“.

სამი წიგნი გამომცემლობისგან „წიგნები ბათუმში“

„ერთი ქალაქის ისტორია“, მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინი“, - ეს წიგნი დღესაც აქტუალურია რუსეთისა და უკრაინის კონტექსტშიც. დღეს ბევრი სვამს კითხვას, თუ რატომ სჭირს ამ ერს ის, რაც სჭირს, რატომ ვერ სვამს ეს ხალხი კრიტიკულ კითხვებს და ემორჩილება პროპაგანდის მანქანის გავლენას ასე მარტივად. „მიუხედავად იმისა, რომ ეს კლასიკური ნაწარმოებია, ამავე დროს, არის ძალიან თანამედროვე, ალეგორიული ნაწარმოები, სადაც მოქმედება ხდება საბრიყვეთში და მგონი, ყველა დღეს არსებულ კითხვას სცემს პასუხს რუსეთზე“, - გვეუბნება გამომცემელი მარი კორინთელი.

„ყვითელი შპალერი“, - შარლოტ პერკინს გილმარი, - პირველი თაობის ფემინისტის გოთიკურ სტილში დაწერილი მოთხრობა, პირველი ნაწარმოები, რომელმაც გახსნა მსჯელობა ქალის მენტალურ ჯანმრთელობაზე.

„ეკონომიკის ისტორია სქოლიოებიდან“, გიორგი ბაქრაძე. ეს წიგნი იმ ადამიანებსაც კი ჩაითრევს, ვისაც ერთი შეხედვით სულაც არ აინტერესებს ეკონომიკა და მოიცავს ადამიანურ ისტორიებს გამარჯვებასა და მარცხზე.

სამი წიგნი გამომცემლობა „ინტელექტისგან“

„თვალი თვალში, დავით წერედიანი - მისი დიალოგები, ინტერვიუები, ლიტერატურული პორტრეტები. „ეს არის დავით წერედიანის, როგორც დიდი პოეტის და მთარგმნელის სხვა სახე“, - გვეუბნება „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი ზვიად კვარაცხელია.

„პუტინის რუსეთი“, ანა პოლიკოვსკაია, განახლებული გამოცემა, ეს არის წიგნი სიმართლე რუსეთზე, რომელიც ანა პოლიტკოვსკაიას საკუთარი სიცოცხლის ფასად დაუჯდა, მაგრამ ამ წიგნით ავტორმა მთელ მსოფლიოს დაანახვა პუტინის რეალური სახე.

„ახალი აღქმა“, ნანა აბულაძის ახალი წიგნი, მოთხრობების კრებული. ეს არის წიგნი „ძველი აღთქმისა“ და „ახალი აღთქმის“ პერსონაჟ ქალებზე.

სამი წიგნი გამომცემლობა „არტანუჯისგან“

„გალაკტიონი უცენზუროდ“, თეიმურაზ დოიაშვილი, ნათია სიხარულიძე - თითქოს რა უნდა იყოს ახალი გალაკტიონზე? მაგრამ ამ წიგნში, ნახავთ „ფარდის მიღმა არსებულ გალაკტიონს“.

თან საკითხავის სერიაში - გიორგი ლეონიძე, ამ წიგნში კარგად ჩანს გოგლა, როგორც დრამატული ფიგურა, როგორც მოქალაქე.

„ტომ ჯონსის ნაპოვარას ამბავი“, ჰენრი ფილდინგი, რომელსაც ევროპული რომანის ფუძემდებელსაც უწოდებენ.

სამი წიგნი გამომცემლობა „პალიტრა L”-ისგან

„იკიგაი“, ჰექტორ გარსია, ფრანსესკ მირალესი. მსოფლიო ბესტსელერი, რომელიც ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონურ საიდუმლოზე მოგითხრობთ.

„პიანისტი“, ვლადისლავ შპილმანი, ნამდვილი ამბავი, მოთხრობილი ცნობილი პოლონელი პიანისტისა და კომპოზიტორის ვლადისლავ შპილმანის მიერ. მუსიკოსი ყველა იმ მძიმე განსაცდელის შესახებ გვიყვება, რაც მას თავს გადახდა მეორე მსოფლიო ომის წლებში, ვარშავის გეტოში გამომწყვდეულს.

„მძიმეა დღის ბოლო“, მარიკე ლუკას რეინეველდი. ამ რომანში, როგორც გამომცემლობა წერს, ტრავმასთან გამკლავების მექანიზმი უცნაური, შემზარავი და იმდენად წარმოუდგენელია, რომ მას მხოლოდ ბავშვური, ცხოველური ფანტაზიით თუ ავხსნით. მძიმე ოჯახური ტრაგედიის შემდეგ ათი წლის იასი ჭიპში ჭიკარტს ჩაისობს, ამ საქციელით ის ცდილობს, მოახერხოს საკუთარი თავის პოვნა, გაცნობა და საბოლოოდ გაქრობა.

წიგნის ფესტივალზე ასევე წარადგინეს „ომის პოეზიის“ მომავალი კრებულიც, რომელიც შემოდგომაზე უნდა იყოს მზად. ეს იქნება ქართველი და უკრაინელი პოეტების უკრაინის ომის დროს დაწერილი ლექსების ერთობლივი წიგნი, რომელიც ახლა გერმანულად ითარგმნება.

იდეის ავტორს, პოეტ ბელა ჩეკურიშვილს, რომელიც გერმანელ ავტორთან, საბინე შიფნერთან ერთად მუშაობს ლექსების თარგმანებზე, ძალიან უნდა, რომ კრებული სამენოვანი გამოვიდეს.

კრებულს გერმანული გამომცემლობა „Klak Verlag“-ი გამოსცემს, რომელიც უკვე 25 წელია აღმოსავლეთ ევროპის თემაზე მუშაობს. ეს კრებული კი, როგორც ბელა გვეუბნება, მათთვის სოციალურ-პოლიტიკური დატვირთვის პროექტია:

„ომის ლირიკა არც კომერციულია და არც საამოდ წასაკითხი. ეს კრებული პოზიციის დაფიქსირებაა, რითაც ეს კონკრეტული გამომცემლობა გერმანელ აუდიტორიის წინაშე თავის პოზიციას გამოხატავს რუსეთ-უკრაინის ომზე“.

თბილისის წიგნის ფესტივალზე, უკრაინის ლიტერატურულ ფესტივალ „წიგნის არსენალთან“ პარტნიორობით, უკრაინელი ილუსტრატორების მიერ რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე შექმნილი ილუსტრაციების გამოფენაც გაიხსნება.

თბილისის 24-ე საერთაშორისო წიგნის ფესტივალის წლევანდელი ფოკუსქვეყანა თურქეთია. მომავალ წელს კი ის ამ სტატუსს პოლონეთს გადასცემს.