აფხაზეთში რუსულ ენას განსაკუთრებული სტატუსი აქვს - არძინბა კალაშნიკოვს პასუხობს

ინალ არძინბა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე,წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "საგარეო საქმეთა მინისტრი" ინალ არძინბა რუსეთის დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებას, აფხაზეთში რუსული ენის მდგომარეობასთან დაკავშირებით, კომენტარით გამოეხმაურა.

კომიტეტის გუშინდელ, 25 მაისის, სხდომაზე კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ „აფხაზეთის კანონმდებლობაში“ შესატანი ცვლილებები შესაძლოა, რუსული ენის დისკრიმინაციის მიზეზი გახდეს. ცვლილებები ითვალისწინებს აფხაზური ენის სავალდებულო ცოდნას არჩევით თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატებისთვის.

ინალ არძინბამ კი განაცხადა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსულ ენას განსაკუთრებული სტატუსი აქვს და „მაქსიმალურად გამოიყენება რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე.“

რუსული ენის გამოყენების ნორმები ნაწილობრივ გამყარებულია აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-6 მუხლით, რომლის თანახმად, აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ენაა აფხაზური, რუსული კი, აფხაზურის გვერდით აღიარებულია სახელმწიფო და სხვა დაწესებულებებში. სახელმწიფო აფხაზეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ ყველა ეთნიკურ ჯგუფს მშობლიური ენის თავისუფალი გამოყენების გარანტიას აძლევს“, - განაცხადა არძინბამ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით, მშობლიური ენის გამოყენების უფლებით ვერ სარგებლობენ დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველები. გალის რაიონის სკოლები რუსულენოვან სწავლებაზე გადაიყვანეს.

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: Еицыҳахьчап аҧсуа бызшәа - ერთად დავიცვათ აფხაზური ენა

ასევე ნახეთ ზურაბიშვილი: რუსული ოკუპაციის გამო აფხაზეთში ერთნაირად დასაცავია ქართული და აფხაზური ენები

ინალ არძინბას სიტყვებით, რუსული ენა, როგორც საკომუნიკაციო საშუალება, აქტიურად გამოიყენება დე ფაქტო რესპუბლიკის მრავალრიცხოვან ეთნიკურ ჯგუფებს შორის. მან დაამატა, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ენის შესახებ კანონის“ თანახმად, „აფხაზეთის ყველა მოქალაქეს განათლების მიღების გარანტია აქვს აფხაზურ და რუსულ ენებზე.“

„რუსული ენა, აფხაზურთან ერთად, ოფიციალური კომუნიკაციის საშუალებაა სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებში. აფხაზეთის რესპუბლიკის სახალხო კრების, პარლამენტის, აფხაზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და სხვა დაწესებულებების მიერ განსახილველად წარდგენილი კანონპროექტები და სხვა სამართლებრივი აქტები უნდა წარედგინოს აფხაზურ და რუსულ ენებზე. კანონმდებლობის მოქმედი ნორმები იძლევა სამეცნიერო ნაშრომების რუსულ ენაზე დაცვის საშუალებას. ფაქტობრივად, რუსულ ენას აქვს მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე“, - ნათქვამია აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

არძინბამ დასძინა, რომ „მოქმედი კანონმდებლობის ნორმები საიმედოდ იცავს რუსული ენის სტატუსს, საშუალებას აძლევს ყველა მოქალაქეს, მაქსიმალურად და დაუბრკოლებლად გამოიყენოს რუსული ენა საქმიანობის ყველა სფეროში“.

მიმდინარე წლის მარტში სოხუმში განიხილებოდა „საპარლამენტო“ არჩევნების შედეგები, რომლის მიხედვით, ეთნიკურად რუსი ყველა კანდიდატი მანდატისთვის ბრძოლის პროცესს გამოეთიშა.