"დაეხმარეთ რუს ჯარისკაცს, ვისაც რით შეგიძლიათ"

უკრაინაში რუსი ჯარის სურათხატად იქცა საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ნაძარცვი სურსათით დატვირთული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ქვეითად ან სულაც ტანკებით ეზიდებიან ნაძარცვს. როგორც ჩანს, რუსეთის არმიის ამგვარ ქცევას განაპირობებს არა მხოლოდ სუსტი სამხედრო დისციპლინა, არამედ უკიდურესი შეჭირვებაც - შიმშილი, სიცივე და ანტისანიტარია, რასაც განიცდიან ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე რუსი ჯარისკაცები და ოფიცრები.

საკვების კრებული დაჭრილი რუსი ჯარისკაცისთვის

უკრაინაში შეჭრილ ჯარს რუსეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით უგროვებენ დახმარებას. გროვდება პროდუქტები და პირველადი (და არა მხოლოდ პირველადი) საჭიროების ნივთები, რომლებსაც შემდეგ უკრაინაში მებრძოლ რუს სამხედროებს უგზავნიან. ხშირ შემთხვევაში ამგვარი ჰუმანიტარული აქციები იძულებითია, ხოლო რუსი ჯარისკაცების ახლობლები და თავად სამხედროები ადასტურებენ, რომ უკრაინაში მყოფ რუსეთის ჯარს უზრუნველყოფის სერიოზული პრობლემები აქვს, რის გამოც ჯარისკაცები ხშირად ავადდებიან, შიმშილობენ და მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვასაც არ თაკილობენ..

  • „თავი გადაიპარსეს, რომ ტილებს არ შეეჭამათ“

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, მაისში ბურიატიასა და იმიერბაიკალის მხარეში დაბრუნდა “როსგვარდიის” რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებულ ომში მონაწილეობდნენ.

„თითქმის ორჯერ გამხდარი ჩამოვიდა ჩემი შვილი! 100 კილოგრამამდე იყო, ახლა კი 60-ზე ცოტათი მეტია. კანი და ძვლებია იმასთან შედარებით, რაც იყო. თითქმის არაფერს გვიყვება, ამბობს, სამხედრო საიდუმლოებააო. სად იყო, რას აკეთებდა - ხმას არ იღებს, მაგრამ ერთი-ორჯერ ისეთი რამ წამოცდა ლაპარაკისას, რომ თმები ყალყზე დამიდგა: დღეში ერთი პური და ერთი ქილა ჩაშუშული ხორცი გვქონდა ოცეულის ათ ჯანიან ბიჭს დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაშიო. შემდეგ ცოტა მეტი, ორი პური და ორი ქილაო. არ ვიცი, რამე დაემართა კოლონას, რომელსაც საჭმელი მიჰქონდა თუ კიდევ სხვა რამ, ჩვენები ჩამორჩნენ თუ მოწყდნენ ძირითად ნაწილს, მაგრამ ფაქტია, რომ თვეზე მეტი შიმშილობდნენ. რა თვე, ალბათ მეტი! ვუყურებ და ვხვდები, რომ 40 კილოს დასაკლებად, სულ ცოტა, ორი თვე მაინც უნდა ეშიმშილა“, - ამბობს ულან-უდეს მკვიდრი ეკატერინა.

პუტინი და დაჭრილი რუსი ჯარისკაცები

ბურიატიის სხვა მცხოვრებლები, რომლებიც ომიდან დაბრუნებულ როსგვარდიელებს შეხვდნენ, ამბობენ, რომ ფრონტზე მხოლოდ საკვების დეფიციტი არ ყოფილა.

„ვითომ ბელარუსში გაემგზავრნენ წვრთნებზე, მაგრამ თურმე სად ხარ, - ამბობს იულია, უკრაინიდან დაბრუნებული როსგვარდიის ოფიცრის და, - თავიდან გვეგონა, რომ უკრაინის საზღვართან იყო, რუსეთის მხრიდან, მაგრამ არა, უკრაინაში ყოფილა. თან მოუმზადებლები წავიდნენ, რადგან მერეღა დააწიეს გზაში რაღაც-რაღაცები: იარაღი, საკომუნიკაციო ტექნიკა, დრონები და ა.შ. ამბობს, რომ კავშირი უნდა დაგვემყარებინა გზადაგზა, იმ ყველაფრისგან, რასაც ვიშოვიდით ან რასაც უკრაინელები დატოვებდნენო. თავიდან ჩვეულებრივი მსუბუქი ავტომობილებით უწევდათ სიარული, თუმცა, წესით, ჯავშანტექნიკით უნდა ემოძრავათ. როგორც მე მივხვდი, დაზვერვაში იყო სადღაც კიევთან, ამიტომ კარგად ამარაგებდნენ, შიმშილს არ უჩიოდა, მაგრამ მაინც ძალიან გამხდარი ჩამოვიდა. ბევრი ბიჭი ჯერ კიდევ მკურნალობს, საავადმყოფოში, მათ შორის, ფსიქოლოგიური პრობლემების გამო“.

ურალის ერთ-ერთი ქალაქის მკვიდრმა ეკატერინამ რადიო თავისუფლების კორესპონდენტს უთხრა, რომ მისი ქმარი ჯერ არ დაბრუნებულა „წვრთნებიდან“, არადა, მას ჯერ კიდევ მარტში დაჰპირდნენ „შეცვლას“.

„მესმის, რომ დაჰპირდნენ „სპეციალური ოპერაციის“ დაწყებამდე, მაგრამ იანვრიდან იქაა, ერთი ხელი ტანისამოსით, გამოსაცვლელიც კი არ აქვს, არადა, მეხუთე თვე იწურება, - ამბობს ეკატერინა, - სულ ვაპირებ წავიდე და საჩივარი დავწერო, ის ხომ ომონიდანაა და ოფიციალურად ომიც კი არ გვაქვს გამოცხადებული, მაშ, რატომ არ აბრუნებენ? არცერთი მივლინება არ შეიძლება გაგრძელდეს ასე დიდხანს, მაგრამ ჩემი ქმარი ყოველ ჯერზე მეხვეწება, მეუბნება, ბიჭების თვალწინ არ შემარცხვინოო. და ის, რომ ნახევარი თვე მიწაზე ეძინათ, გამოსაცვლელი არაფერი ჰქონდათ, სირცხვილი არაა? პირველივე კვირაში საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოყვნენ, მთელი ტექნიკა და მარაგი დაეწვათ, მიწაზე ეძინათ, საკვებს იზოგავდნენ, ერთი კვირის შემდეგ ყველამ თავი გადაიპარსა, რადგან ტილებმა შეჭამეს, დაბანის არანაირი საშუალება არ ჰქონდათ. ფაქტობრივად, არაფერი დარჩათ დაბომბვის შემდეგ. თითქმის საზაფხულო ფორმით არის წასული, თებერვლის ბოლოს კი ისეთი ყინვა იყო, რომ ფილტვების ანთება დაემართა“.

  • „ვითხოვდით საპონს“

ჯარისკაცები, რომლებიც დაბრუნდნენ უკრაინიდან და თანახმა არიან ანონიმურობის დაცვით ილაპარაკონ, მოურიდებლად აღწერენ იმ სავალალო მდგომარეობას, რომელშიც რუსეთის არმიის ჯარისკაცები უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

„ყველაზე მეტად კავშირგაბმულობამ გვიმუხთლა: ამ უვარგისი რაციების გამო კინაღამ ჩვენებმა დაგვადუღეს რამდენჯერმე. საკვების დედაც, მაგრამ საწვავიც არ გვქონდა! ასეთი რამ გაგონილა? კარგი, მშვიდობიანობის დროს ჯარში შეჩვეულები ვართ, მაგრამ ბრძოლაში - ეს სრული ტრ...ია“, - ამბობს დონეცკიდან დაბრუნებული რუსი სამხედრო.

"ჯარისკაცის ამანათი", კემეროვო

კიდევ ერთი ირწმუნება, რომ რუსი სამხედროები „უბრალოდ იძულებული გახადეს, სამოქალაქო პირებისგან ნივთების ექსპროპრიაცია მოეხდინათ“.

„ჩემს ბიჭებს არანაირი ნახმარი თეთრეული და სარეცხი მანქანები არ გაუგზავნიათ რუსეთში, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვითხოვდით მედიკამენტებს, საპონსა და სარეცხ საშუალებებს, საპარსებს. მესმის, რომ თავიანთი ნებით არ გვჩუქნიდნენ, მაგრამ არც ჩვენ მოგვითხოვია იარაღის მუქარით. საჭმელსა და წყალს არ ვიღებდით, საშიშიაო, გადმოგვცეს, განზრახ წამლავენო. არ მოგკლავდა, მაგარამ ტუალეტში სირბილით კი ამოგხდიდა სულს მათი „ღვეზელები“, - ამბობს სამხედრო ხაბაროვსკის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილიდან, ანონიმურობის დაცვის პირობით.

  • "ნახეს, ვის გამოართვან ფული"

უკრაინაში მებრძოლი რუსი ჯარისკაცებისთვის საკვებისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტის შესავსებად მასობრივად აგროვებენ „საქველმოქმედო შემოწირულებებს“ რეგიონებში, თუმცა, როგორც რუსეთის ფედერაციის ცალკეული მოქალაქეები ამბობენ, ეს ქველმოქმედება ხშირად იძულებითი ხასიათისაა. სამაგალითად გამოდგება კემეროვოს შშმ ბავშვთა სპეციალიზებული სკოლა, რომლის აღსაზრდელების მშობლებს აიძულებენ შეიძინონ სასურსათო ნაწარმი უკრაინაში მებრძოლი რუსი ჯარისკაცებისთვის. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლების პროექტის, „სიბირ.რეალიის“ თანამშრომლებს დაუდასტურა სამმა სხვადასხვა წყარომ. მშობლებმა რედაქციას გადასცეს სკოლის დირექტორთან მიმოწერის სკრინი, რომლის მიხედვითაც, „კლასის საჭიროებისთვის მშობლებისგან შეგროვებული თანხით შეიძინეს ჯარისკაცისთვის გასაგზავნი საკვები“. სკოლის დირექციამ შეძენილი პროდუქციის ფოტო ჩატში ჩაუგდო მშობლებს.

სკოლის დირექციის წერილი მშობლებს

„ასეთი პრაქტიკა მიღებულია ქალაქის ბევრ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ჩემი შვილის საბავშვო ბაღშიც კი. თუ კლასის საჭიროებისთვის თანხა უკვე შეგროვებულია, პირდაპირ ამ თანხას იღებენ, მშობლებთან კოორდინაციის გარეშე. თუ არა, მაშინ სპეციალურად აგროვებენ. ვისაც არ უნდა შემოწირულების გაღება, იმათ ცხოვრებას ურთულებენ“, - ამბობს ერთ-ერთი შშმ ბავშვის მშობელი, რომლის თქმითაც, დირექციას შეუძლია მოითხოვოს ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანა.

„ვისაც არ გაუღია ფული ამანათისთვის, იმას სკოლის ექიმი უწერს დასკვნას "მწვავე ვირუსული რესპირატორული ინფექცია" და უშვებს უახლოეს საავადმყოფოში, საავადმყოფო კი ასეთ ვითარებაში შვებულებას არ აძლევს მშობელს. ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში, მშობლებისთვის უფრო ადვილია 300-500 რუბლის გაღება "ჯარისკაცის ამანათისთვის", - განმარტავს კემეროველი ალინა მ., - ჩვენს შემთხვევაში, გულს გვიკლავს ის, რომ საუბარია ავადმყოფ ბავშვებზე, რომელთა მშობლების ნაწილი ვერ მუშაობს იმის გამო, რომ ავადმყოფი ბავშვის მოვლა-პატრონობითაა დაკავებული. აქ არიან ბავშვები ცერებრალური დამბლით, ინვალიდის ეტლებით. ნახეს რა, ვის სთხოვონ ფული“.

რუსი ჯარისკაცებისთვის მედიკამენტების შეგროვების ამსახველი ჩატი

  • რა აკლია რუსეთის ჯარს

„საჭირო ნივთების სიის“ მიხედვით, რომელიც დახმარების შემგროვებელი ჯგუფების მონაცემებზე დაყრდნობითაა შედგენილი, რუსეთის არმიას სჭირდება ანტიბიოტიკები, სახვევები, ჰემოსტატიკური ღრუბლები, ტკივილგამაყუჩებლები, ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები, ქირურგიული აღჭურვილობის კომპლექტები. „მოხალისეები“ ყიდულობენ გულმკერდის დრენაჟისთვის საჭირო ისეთ ვიწროსპეციალიზებულ მედიკამენტებს, როგორიცაა 40,000 რუბლად (1,9 ათასი ლარი) ღირებული Pleurocan-A.

„ორგანიზებას ვუკეთებთ ნივთების შეგროვების პუნქტს, შემდეგ ნივთები გადაგვაქვს სამხედრო ნაწილებში, საიდანაც მთელი ეს ტვირთი "სპეციალურ ოპერაციაში" მონაწილე სამხედროებისთვის იგზავნება უკრაინაში. ასეთი რამ რეგულარულად ხდება“, - განმარტავს იმიერბაიკალელი მოხალისე ელენა ს.

რუსი ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება

აქვე შესაძლებელია ნახვა ნივთების გაგზავნის პროცესისა და ქვითრების ფოტოებისა. მოხალისეები ხშირად იღებენ მადლობას სამხედრო ნაწილებიდან. ერთი ხანობა ძალიან ხშირად ითხოვდნენ სასურსათო ნაწარმს, ახლა უფრო მეტად მედიკამენტებზეა მოთხოვნა.

მოხალისეები ასევე განაგრძობენ ჯარისკაცებისთვის წინდების, საცვლების, ხელთათმანების, ტუალეტის ქაღალდის, სველი ხელსახოცების, ფეხსაცმლის საფენების, სწრაფი მომზადების საკვების, სიგარეტის, სანთებელებისა და ასანთის შეგროვებას.

ტატიანა პლოტნიკოვა, სარატოვის ოლქის ქალაქ ნოვოკუიბიშევსკიდან, თითქმის ორი კვირის განმავლობაში აგროვებდა ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინაში დისლოცირებული რუსი სამხედროებისთვის. 48 წლის ქალის ამ პირად ინიციატივას, მისი თქმით, ბევრი გამოეხმაურა.

„ყველაფერს პირველივე დღეებიდან ვადევნებდი თვალს, როცა ეს სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ძალიან ვღელავდი. ჩემი ბევრი მეგობრის ქმარი, შვილი ან ძმა მონაწილეობს ამ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში". ამიტომ გადავწყვიტე მხარდაჭერა“, - უთხრა ქალმა BBC-ის რუსულ რედაქციას. ნოვოკუიბიშევსკის მცხოვრებლებმა, რომლებიც გამოეხმაურნენ ტატიანა პლოტნიკოვას მოწოდებას, ერთი „გაზელი“ ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს რუსი ჯარისკაცებისთვის: კონსერვები, მოთუშული ხორცი, შედედებული რძე, კანფეტები, ორცხობილები, ჩაი და ყავა, პირადი ჰიგიენის საშუალებები, ტრუსები, მაისურები, წინდები, პირველადი აუცილებლობის საშუალებები, წყალი, ლიმონათი და ა.შ.

  • „პრობლემები სერიოზულია“


რუსეთის რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების პუნქტების რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დაწყებულია უკრაინაში მებრძოლი რუსი სამხედროების საჭიროებისთვის თანხების მოძიების კარგად ორგანიზებული კამპანია. თავიდან ეს პროცესი სამხედროების ნათესავებმა და მეგობრებმა დაიწყეს, შემდეგ ვეტერანთა ორგანიზაციებმა აიტაცეს, ახლა კი პროცესში ჩინოვნიკებიც ჩაერთნენ, განსაკუთრებით რეგიონებში.

რუსი ჯარისკაცი ჩეჩნეთის ომში

უკრაინაში მებრძოლი რუსი ჯარისკაცებისთვის დახმარების შეგროვებაში მონაწილე მოხალისეები თავს არიდებენ პოლიტიკაზე საუბარს და ამბობენ, რომ ეხმარებიან და დაეხმარებიან, რადგან „ბიჭები ებრალებათ“.

„ომი ძვირი საქმიანობაა, მაგრამ პანდემიის დროს ჩვენ ვისწავლეთ თანხებისა და სხვა საშუალებების შეგროვების კოორდინირება. რუს ჯარისკაცებს შორის უკრაინაში ახლო ნათესავი არავინ მყავს, მაგრამ მყავს კოლეგები, რომელთა ვაჟებიც იქ იმყოფებიან. ისინი ადასტურებენ, რომ პრობლემები სერიოზულია და რომ მწვავე დეფიციტი აქვთ“, - ამბობს ანა ვორობიოვა, მოხალისე იმიერბაიკალიდან.

რუსეთის ჯარს პრობლემები აქვს ბრძოლის ველზეც. როგორც კირილ მიხაილოვი Conflict Intelligence Team (CIT)-დან ამბობს, რუსი სამხედროების ნაწილი, რომელიც ზურგში ბრუნდება, უარს ამბობს კონტრაქტის გაგრძელებასა და ფრონტის წინა ხაზზე დაბრუნებაზე.

„რუსეთში არ გამოუცხადებიათ საომარი მდგომარეობა, შესაბამისად, ბრძანების შეუსრულებლობა არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ე.წ. სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე უარიც ასევე არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ეს ბევრჯერ უნდა ითქვას, რათა კარგად გაიგონ რუსმა კონტრაქტორებმა და მათმა ოჯახებმა“, - ამბობს კირილ მიხაილოვი, რომლის თქმითაც, ბრძოლებში მონაწილეობაზე უარის თქმამ სისტემური სახე მიიღო, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს რუსეთის ჯარის ბრძოლისუნარიანობაზე:

რუსი ჯარისკაცები უკრაინაში

„ჩვენი მონაცემებით, ბრძოლაში მონაწილეობაზე უარს ამბობს სამხედრო მოსამსახურეთა 20-დან 40%-მდე, რაც, დაღუპულების, დაჭრილებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულების კატასტროფულ მონაცემებთან ერთად, რუსეთის ჯარის მეთაურობას აიძულებს შეამციროს არასრულად დაკომპლექტებული ტაქტიკური ჯგუფების რაოდენობა. ეს კი საკმაოდ უპრეცედენტო ამბავია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამის გამოა, რომ ომის დაწყებიდან სამი თვის თავზე უკრაინის ტერიტორიაზე 120-დან მხოლოდ 105 ტაქტიკური ჯგუფია დარჩენილი. დანარჩენი, როგორც ჩანს, ან დაშალეს, ან შეტევითი ოპერაციებისთვის უვარგისად მიიჩნიეს“.