საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, ორჯერ აღნიშნა - 1919 და 1920 წლებში, 1921 წელს კი, როცა თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებდა, 26 მაისი აღნიშნეს ქართველმა ბოლშევიკებმა, რომლებიც ოკუპაციის პირველ თვეებში ჯერ კიდევ ვერ ბედავდნენ ხმამაღლა ლაპარაკს საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობაზე.
ყველაფერი შეიცვალა 100 წლის წინ, 1922 წელს, როცა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ „ნამდვილ დამოუკიდებლობის დღესასწაულად“ სულ სხვა თარიღი გამოაცხადა, 26 მაისს ქუჩაში გასულ მოქალაქეებს კი ტყვია და კონდახები დაუშინა.
„წითელი არმიის მიერ დაპყრობილმა საქართველომ, მიუხედავად ჩეკას (ЧК - საგანგებო კომისია) სასტიკი რეპრესიებისა, დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი მაინც აღნიშნა, - წერდა 1922 წელს პარიზში გამოსული ჟურნალი „თავისუფალი საქართველო“, - 22 და 23 მაისს უკვე მთელმა საქართველომ და მასთან ერთად ბოლშევიკებმაც იცოდნენ, რომ 24, 25 და 26 მაისს მოხდებოდა ყველგან დამპყრობელთა საწინააღმდეგო დემონსტრაციები და გამოსვლები, ამიტომ ორივე მოწინააღმდეგე მხარე შეუდგა მზადებას“.
26 მაისამდე
ბოლშევიკების სამზადისი მხოლოდ ჩეკისტების ფეხზე დაყენებითა და „არასაიმედო პირების“ დაკავებით არ შემოფარგლულა. 1922 წლის 23 მაისს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, ფილიპე მახარაძემ ხელი მოაწერა „ბრძანება N5“-ს, რომლის მიხედვითაც, „საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობის დღესასწაული შეფარდებულ იქნა სრულიად საქართველოს საბჭოების პირველი ყრილობის დღესთან - თებერვლის 25-თან“.
ცხადია, ბოლშევიკებმა საბჭოების პირველი ყრილობის დღე საგანგებოდ დაამთხვიეს 25 თებერვალს - თბილისის აღების წლისთავს.
ფილიპე მახარაძის ბრძანებასთან ერთად ქართულ საბჭოთა პრესაში, მათ შორის, „კომუნისტსა“ და „წითელ არმიელში“, გამოქვეყნდა წერილები, რომელთა ავტორები „საფუძვლიან პასუხს“ სცემდნენ კითხვას: 26 მაისი თუ 25 თებერვალი?
ეს კითხვა ასე პირდაპირ პირველად დაისვა საქართველოს დაპყრობის შემდეგ, მანამდე, 1921 წლის 26 მაისის აღნიშვნისას ბოლშევიკები ამბობდნენ, რომ არაფერს ერჩოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას, რომელსაც, მათი თქმით, მენშევიკებმა უღალატეს.
„წარსულის გამოსწორება“ - სწორედ ამ სულისკვეთებით არის გაჟღენთილი 1921 წლის 26 მაისის „კომუნისტის“ ყველა პუბლიკაცია, რომლებშიც საუბარია არა საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაზე, არამედ მენშევიკების ნაციონალიზმსა და ბურჟუაზიულ ცოდვებზე.
„გაუმარჯოს 26 მაისს! გაუმარჯოს მშრომელთა საქართველოს ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას!“ - წერდა ოკუპაციის პირველ თვეებში ქართველი ბოლშევიკების გაზეთი, რომელმაც, სულ რაღაც ერთი წლის თავზე, „26 მაისს“, მიკიბ-მოკიბვის გარეშე, მენშევიკების დამოუკიდებლობის დღე უწოდა. ქართველ მენშევიკებს „ბრალი დასდეს“ იმაში, რომ „მშრომელი ხალხი კაპიტალის მონობაში დატოვეს, განამტკიცეს ბურჟუაზიული წყობილება, შეეკვრნენ მსოფლიო კონტრრევოლუციას და საქართველო აქციეს დასაყრდნობ ბაზად რუსეთის რევოლუციის წინააღმდეგ გასალაშქრებლად“.
„თვით ნაციონალური დამოუკიდებლობა და სუვერენობა, რომლის სახელით მოქმედებდნენ მენშევიკები, ფრიად მოჩვენებითი, ეფემერული იყო. აქ ბატონობდა არა საქართველოს მშრომელი ხალხის სახელმწიფოებრივი ნებისყოფა, არამედ სხვადასხვა ჯურის იმპერიალისტები - ოსმალები, გერმანელები, ინგლისელები, იტალიელები და სხვები განაგებდნენ ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალს... ასეთი იყო მენშევიკების დამოუკიდებლობა. ეს იყო დამოუკიდებლობა რევოლუციისგან და სრული დამოკიდებულება კონტრ-რევოლუციაზე. თავის შინაარსით ეს იყო მშრომელი ხალხის დამონება. რა თქმა უნდა საქართველოს მშრომელი ხალხი ასეთ მდგომარეობას ხანგრძლივად ვერ შეურიგდებოდა“, - წერდა 1922 წლის 25 მაისს გამოსული გაზეთი „კომუნისტი“ და 1921 წლის თებერვალ-მარტის საქართველოს სისხლიან ოკუპაციას სახალხო აჯანყებად ასაღებდა:
„განა შეუძლია ვინმეს თქვას, რომ საქართველოს მშრომელი ხალხი დღეს არ არის თავისუფალი, თავის ბედის თვითონ გამომჭედი? - არავის, გარდა ხალხის მტრებისა, რომელთაც დამოუკიდებლობა ისე ესმით, როგორც საშუალება თავისი ბატონობის აღდგენის და მშრომელი მასების ისევ დამონების. ასეთ საშუალებას წარმოადგენდა მენშევიკების 26 მაისის დამოუკიდებლობა, ჩვენ კი მის მაგივრად გვაქვს 25 თებერვალი, და მას კიდეც დიდი ზეიმით ვიდღესასწაულებთ“.
26 მაისს
კითხვას, „განა შეუძლია ვინმეს თქვას, რომ საქართველოს მშრომელი ხალხი დღეს არ არის თავისუფალი?“ - ათობით ათასმა ქართველმა საპროტესტო გამოსვლით უპასუხა, საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებამდეც კი მივიდა, რადგან 1921-1922 წლებში საქართველოში გამორჩეულად მძაფრი იყო ტერორი - იჭერდნენ ან ფიზიკურად სპობდნენ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს. ამის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობის დღე 1922 წელსაც აღნიშნა. არადა, ბოლშევიკები მართლაც 3-4 დღით ადრე შეუდგნენ „არასაიმედო პირების“ დატუსაღებას, თბილისის ქუჩებში გამოიყვანეს ჯავშნოსანი ავტომობილები, რკინიგზაზეც ჯავშნოსანი მატარებლები ჩააყენეს, მაგრამ ქუჩები მაინც გადაჭრელდა ანტიბოლშევიკური პროკლამაციებითა და მოწოდებებით - ხალხი ეროვნული დროშებით საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად გამოსულიყო.
„24 მაისიდან მთელ საქართველოში მართლაც დაიწყო მანიფესტაციები და არ დარჩენილა ერთი კუთხეც, სადაც ამა თუ იმ სახით არ აღენიშნოთ იგი. თფილისში დემონსტრაცია მოხდა სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ერევნის მოედანზე, ვერის დაღმართზე, სალდათის ბაზარზე, მეტეხის ციხესთან და სხვაგან. ჩეკისტები და სალდათები სასტიკად სცემდნენ ხალხს, არ ინდობდნენ არც მოხუცსა და არც ბავშვს; მუშაობა შეწყდა რკინიგზის სახელოსნოებში, ქარხნებში, ფაბრიკებში და თვით სახელმწიფო დაწესებულებებშიც. ეკლესიებში ჩეკისტები ჩადგნენ და ზარის რეკვა აუკრძალეს. იჭერდნენ ყველას ვინც კი მოხვდებოდათ, მაგრამ დღისით ქუჩაში გატარებას ვერ ბედავდნენ და ნაშუაღამევს მიჰყავდათ ასობით ჩეკაში და ციხეში. დაჭერილებში ბევრია მძიმეთ ნაცემი, მათ შორის ქალები და ბავშვებიც“, - წერდა „თავისუფალი საქართველო“.
დემონსტრაციები გაიმართა სხვა ქალაქებსა და სოფლებშიც. ბათუმში ეროვნული დროშა აფრიალდა თვითმმართველობის შენობაზე, ქუთაისში მიტინგმა რეზოლუციით მოითხოვა რუსის ჯარის გაყვანა, სოფელ ფიჩხის ჯვარში (გურია) გამართული კრების დასაშლელად იარაღის გამოყენება გახდა საჭირო.
26 მაისის შემდეგ
1922 წელს მთელი სიმძლავრით ამუშავდა რუსული საბჭოთა პროპაგანდაც, რომელიც, როგორც კონსტანტინე გვარჯალაძე (ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, ასევე დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე) ამბობდა, იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ საქართველოს დაპყრობაში რუსეთს წილი არ მიუძღვოდა და, რომ თითქოს ის არაფერ შუაში იყო და მუშათა და გლეხთა რევოლუციით საქართველო თავისი ნებით გასაბჭოვდა. ამას ამბობდნენ გენუის კონფერენციაში მონაწილე რუსეთის დელეგაციის წევრებიც, მათ შორის საგანგებოდ ჩართული ქართველი ბოლშევიკი, ბუდუ მდივანიც, თუმცა ფაქტები, მათ შორის, საქართველოს პროვინციებში (სვანეთი, ხევსურეთი) დაწყებული შეიარაღებული აჯანყებები, სულ სხვა რამეზე მეტყველებდნენ...
1922 წლის 26 მაისს ტყეში შეხვდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი, რომელიც თავის რაზმთან „საქართველოს შეფიცულებთან“ ერთად შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდა საბჭოთა ხელისუფლებას. ქაქუცას რაზმის წევრი და უახლოესი თანამებრძოლი, ალექსანდრე სულხანიშვილი წლების შემდეგ დაწერილ მოგონებებში ასე იხსენებდა ჩეკისტებთან შეტაკების ერთ ეპიზოდს:
„მე რომ ჩემი ტყვიით განგმირულ ჭაბუკს გადავხედე, გული მომიკვდა და გავიფიქრე: აი, რა უბედურებაში ჩაგვყარეს რუსებმაც და იმ მოღალატე ქართველებმა, რომლებმაც რუსებს მისცეს ხელი და ამნაირად ძმას ძმას აკვლევინებენ-მეთქი“.
ქაქუცას ბომბებითა და არტილერიით ებრძოდნენ, მაგრამ მთელი ორი წლის განმავლობაში ვერაფერს უხერხებდნენ.
1922 წლის ივლისში აჯანყებამ იფეთქა ფშავ-ხევსურეთში, 1922 წლის ოქტომბერში კი - სვანეთში.
სვანები მულახში მდებარე სამაზრო რევოლუციური კომიტეტის შენობას დაესხნენ თავს. აჯანყებას მალე შეუერთდა რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობა.
„გაგვწყვეტენ და თავი მაინც ვისისხლოთო“, - ასეთი იყო აჯანყებულების გადაწყვეტილება.
ქართველი ბოლშევიკების ძალაუფლება, განსაკუთრებთი ოკუპაციის პირველ წლებში, თავიდან ბოლომდე ეყრდნობოდა რუსულ წითელ არმიას, შესაბამისად, წითელი არმიის გაკეთილშობილებაზე იხარჯებოდა ბოლშევიკური პროპაგანდის მთელი ძალისხმევა.
„დღეს, საბჭოთა საქართველოში, როგორც ყველგან, მრავალი პროვოკატორი დაძრწის. მათ სურთ საბჭოთა ხელისუფლებაში უნდობლობა შექმნან. უმთავრესად პროვოკატორები ყალბი ცნობების შეთხზვაში არიან დახელოვნებული, ჭორი მათი საუკეთესო იარაღია.... დღეს ისინი ათასნაირ ჭორებს თხზავენ რუსეთის წითელი არმიის შესახებ, რომლის ერთი ნაწილი საქართველოში არის დაბანაკებული. ამ არმიას ისინი საბჭოთა რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების განმახორციელებელ არმიას უწოდებენ. იქამდეც კი მიდის მათი საზიზღრობა, რომ რუსეთის არმიის კავკასიაში ყოფნას კავკასიის ერების დაჩაგვრა-დამონავების სურვილით ხსნიან... ქართველი წითელი არმიელი თავის უფროს ძმას, რუს წითელ არმიელს ყოველთვის და ყველგან გვერდში უნდა უდგეს, რათა საერთო ძალ-ღონით მოიგერიონ ის მტრები, რომელნიც ჯერ კიდევ გარეს შემოხვევიან საბჭოთა რესპუბლიკებს“, - წერდა ქართული საბჭოთა პრესა 1922 წელს.
საბჭოთა პროპაგანდა ცდას არ აკლებდა იმას, რომ დამოუკიდებლობის მოკლე პერიოდი, მათ შორის 26 მაისი, დავიწყებულიყო ან მხოლოდ ნეგატიურად ყოფილიყო წარმოჩენილი. ასე იყო გასული საუკუნის 20-იან და მომდევნო წლებში. მენშევიკების (ე.ი. დამოუკიდებლობის წლების) გაშავების და კომუნისტების (ე.ი. ოკუპაციის წლების) გათეთრების ქრესტომათიული მაგალითია ვითომ ხალხური პოეზიის, სინამდვილეში კი, საბჭოთა პროპაგანდის ეს ნიმუშები:
„მენშევიკების ხელშიო,
ვერ გავიმართე წელშიო,
ყაჩაღად გადავარდნილი
ვკვდებოდი ტყე და ღრეშიო...“ და ა.შ.
„კომუნისტების ხელშიო,
ქე გევიმართე წელშიო,
კოლექტივს ვენაცვალები,
მისი ჭირიმე ყელშიო...“ და ა.შ.
1922 წლის 26 მაისმა აჩვენა თვალსაჩინოდ და უტყუარად, რომ ქართველი ბოლშევიკების მტკიცება, ხელისუფლების შეცვლა არ ნიშნავს დამოუკიდებლობაზე უარსო, ფიქცია და ტყუილი იყო, ოკუპაციის მომდევნო 70-მა წელმა კი დაადასტურა პეტრე სურგულაძის მიერ 1918 წელს ნათქვამი სიტყვების სიმართლე:
„არავითარი საკაცობრიო ინტერესი, თუ არა უსამართლო ძალმომრეობა, არ მოითხოვს ქართველი ერი მონა იყვეს უფრო ჩამორჩენილი ერისა. ამასთანავე თუ საზოგადოდ ისტორიულ წარსულს, ბუნებას, ფსიხოლოგიას ერთა მომავლისათვის მნიშვნელობა აქვს და წარსული ადვილად არ წაიშლება მომავლის შენებაში, იძულებული ვიქნებით ვსცნოთ, რომ გუშინდელი დესპოტური რუსეთი თუნდა ხვალ ფორმით დემოკრატიულიც გახდეს, მაინც შეინახავს ბევრს თავის ძველ თვისებათ, მაშინ როდესაც თავისუფალ საქართველოს, როგორც საზოგადოდ პატარა ერს, შეუძლია იარსებოს მხოლოდ როგორც დემოკრატიულ აგებულებას“.