უკრაინაში ომის გამო, მსოფლიოს სურსათით მომარაგების პრობლემის მოგვარება რუსეთმა მის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების მოხსნას დაუკავშირა. რუსეთს შავ ზღვაში დაბლოკილი აქვს უკრაინის პორტები, საიდანაც ხორბლის და სხვა პროდუქციის ექსპორტირება ხდებოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ დღეს, 25 მაისს, მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა, რომ „სასურსათო პრობლემის მოგვარებას სჭირდება კომპლექსური მიდგომა“, რომელიც „მათ შორის დაკავშირებულია რუსულ ექსპორტსა და ფინანსურ ტრანზაქციებზე სანქციური შეზღუდვების მოხსნასთან“. გარდა ამისა, როგორც რუდენკო აცხადებს, უკრაინამ უნდა განაღმოს ყველა პორტი, რუსეთი კი, მზად არის "ჰუმანიტარული დერეფნების გასახსნელად".
რაც შეეხება დასავლეთის წარმომადგენლების, მათ შორის, ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას, რომ რუსეთი სურსათის თემას შანტაჟის იარაღად იყენებს, რუდენკოს თქმით, ეს ფონ დერ ლაიენის "სინდისზე იყოს", რუსეთი კი „ყოველთვის მზად არის დიალოგისთვის ყველასთან, ვინც ყველა პრობლემის მშვიდობიანად მოგვარებისკენ ისწრაფვის“. რუდენკომ დღეს ისიც უარყო, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში ხორბალს იპარავენ.
ასევე ნახეთ რატომ იტაცებს რუსეთი უკრაინულ ხორბალს? ასე იწყებოდა ჰოლოდომორირუსეთის არმიის თავდასხმამდე უკრაინა იყო მსოფლიოში ხორბლის და სხვა მარცვლეული კულტურების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი.
გაეროს მონაცემებით, 2022 წლის მაისის დასაწყისისთვის უკრაინის პორტებში დაბლოკილი იყო 4.5 მილიონი ტონა ხორბალი. უკრაინიდან ექსპორტის შეწყვეტა განსაკუთრებით მძიმედ აისახება მსოფლიოს ღარიბ და განვითარებად ქვეყნებზე. გაერო უშედეგოდ ცდილობს უკრაინის პორტებიდან ხორბლის ექსპორტის უზრუნველსაყოფად შეთანხმების მიღწევას.
ასევე ნახეთ აშშ და გაერო ბელარუსისთვის სანქციების დროებით გაუქმებას განიხილავენ ხორბლის ტრანზიტის სანაცვლოდ