მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი 72 საათით დააკავეს. მანამდე მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

იგორ დოდონი, ამჟამად რუსეთ-მოლდოვის ბიზნესკავშირის თავმჯდომარე

მოლდოვის ანტიკორუფციული პროკურატურისა და უშიშროებისა სამსახურის თანამშრომლებმა 24 მაისის დილით ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტია "სოციალისტების" არაფორმალური ლიდერის, იგორ დოდონის სახლი გაჩხრიკეს. რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურის ცნობით, სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს ასევე რუსეთ-მოლდოვის ბიზნესკავშირის ოფისებში, რომელსაც ასევე იგორ დოდონი უდგას სათავეში, ხოლო ყოფილი პრეზიდენტი 72 საათით დააკავეს,

ყოფილი პრეზიდენტი სამშობლოს ღალატში, პასიურ კორუფციაში, უკანონო გამდიდრებასა და ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი.
მანამდე რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა დეპუტატ იური რენიცეს მიერ 2020 წლის ზაფხულში გამოქვეყნებული ვიდეოების საფუძველზე. მათზე ასახულია 2019 წლის ივნისში მოლდოვის ყოფილ ლიდერსა და "დემოკრატიული პარტიის" ყოფილ ხელმძღვანელს, ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს შორის გამართული შეხვედრა, რომლის დროსაც ამ უკანასკნელმა დოდონს, სავარაუდოდ, ფულით სავსე პაკეტი გადასცა.

მაგრამ მიმდინარე წლის 17 მაისს კიშინიოვის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა კიშინიოვის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ძალაში დატოვა გადაწყვეტილება იგორ დოდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, ასევე გაუქმდა ბრძანება, რომელსაც ხელს აწერდა ანტიკორუფციული პროკურატურის ყოფილი მთავარი პროკურორის მოადგილე. ამგვარად, სამართალდამცველებს იგორ დოდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის კანონიერი საფუძველი მიეცათ.

რამდენიმე დღის წინ მოლდოვა-რუსეთის ბიზნესკავშირის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა დაიჩივლა, რომ მისი ასოციაციისთვის ყველა ანგარიში დაბლოკილია. "მოლდოვა-რუსეთის ბიზნესკავშირის ანგარიშებზე გადარიცხვები რუსული ბანკებიდან რამდენიმე თვეა დაბლოკილია, მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვა თითქოს სანქციებს არ შეუერთდა", - განაცხადა დოდონმა ტელეკომპანია "ენტევე-მოლდოვასთან" ინტერვიუში.

პრორუსული ორიენტაციის იგორ დოდონი 2016-2020 წლებში იყო მოლდოვის პრეზიდენტი.

მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 2020 წლის 15 ნოემბერს ჩატარდა, ხმების 57%-ით გაიმარჯვა ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პროევროპული ორიენტაციის კანდიდატმა მაია სანდუმ. პრორუსულად განწყობილი იგორ დოდონი დამარცხდა და პოლიტიკას ფორმალურად ჩამოშორდა, თუმცა კვლავ ინარჩუნებს თავის გავლენას ყოფილ მმართველ "სოციალისტურ პარტიაზე".