უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პარტნიორ სახელმწიფოებს მოუწოდებს, დააჩქარონ უკრაინისთვის შეიარაღების და საბრძოლო მასალების, განსაკუთრებით ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემების, შორ მანძილზე ბრძოლისთვის საჭირო არტილერიისა და ჯავშანტექნიკის მიწოდება.
„საკმაოდ ნაადრევია დასკვნა, რომ უკრაინას უკვე აქვს ყველა საჭირო იარაღი“, - დაწერა დღეს, 24 მაისს, კულებამ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, დონბასზე რუსეთის შეტევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის მიწაზე ყველაზე დიდი, დაუნდობელი ბრძოლაა.
23 მაისს, რიგით მეორე შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით აპრილში შექმნილმა, უკრაინის სამხედრო დახმარების კოორდინაციის მართვის ცენტრმა, რომელიც 40-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.
ონლაინ შეხვედრაზე უკრაინას ოცი ქვეყანა დაჰპირდა ახალ სამხედრო დახმარებას. მათ შორის, დანია უკრაინას გადასცემს სარაკეტო სისტემებს, Harpoon-ს.
ასევე ნახეთ აშშ უკრაინას გაუწევს კიდევ 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებასრუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად". რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს დასავლეთის არაერთი სახელმწიფო, განსაკუთრებით აშშ და დიდი ბრიტანეთი.