მკვლელობა ავტობუსში - ფემიციდის უცვლელი სტატისტიკა - რას არ აკეთებს სახელმწიფო

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ როინ მებონიას, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა კლდიაშვილმა, 23 მაისს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა და წინასასამართლო სხდომა 14 ივლისს დანიშნა.

38 წლის კაცს ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა (სისხლის სამართლის კოდექსის 11-ე პრიმა, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როინ მებონიას აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე ხმა არ ამოუღია. მისი პოზიცია ადვოკატმა, სულხან კომახიძემ გაახმოვანა და თქვა, რომ კაცი ბრალს არ ეწინააღმდეგება, თანახმაა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა განესაზღვროს, თუმცა, მკვლელობის დეტალებს ვერ იხსენებს.

როინ მებონია სასამართლოს სხდომაზე

რა მოხდა #323 ავტობუსში?

ავტობუსში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე ბრალდების მხარე ბევრს არაფერს ლაპარაკობს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ 21 მაისს, დღის საათებში, 31 წლის სოფო კვარაცხელია, მისი მეუღლე 38 წლის როინ მებონია და მათი ორი მცირეწლოვანი შვილი, #323 ავტობუსში ერთად იმყოფებოდნენ, როდესაც ბრალდებულმა ცივი იარაღით ათამდე ჭრილობა მიაყენა ქალს, ძირითადად ყელის არეში. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. კაცი დანაშაულის ადგილზე დააკავეს.

გარდა მოწმეების ჩვენებებისა, პროკურორი გიორგი ქობულაძე ამბობს, რომ საქმის მასალებში დევს რამდენიმეწამიანი ვიდეოჩანაწერი, რომელიც ავტობუსის ერთ-ერთმა მგზავრმა ტელეფონით გადაიღო. მისი თქმით, ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს კაცი ქალს დანას. უახლოეს დღეებში მიიღებს ბრალდების მხარე ავტობუსის ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის საშუალებით გადაღებულ მასალასაც:

გიორგი ქობულაძე

„ექსპერტიზა აჩვენებს, რომ ბრალდებულმა ქალს ძალიან ბევრჯერ ჩაარტყა დანა. დაახლოებით ათჯერ. ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში, მხოლოდ პატარა მონაკვეთია გადაღებული. ამ ეტაპზე, რაც იკვეთება, ტრანსპორტში წინარე კონფლიქტი არ იყო სახეზე. თუმცა, ჯერჯერობით, არ არის დაკითხული ყველა მოწმე. ტრანსპორტის სამეთვალყურეო კამერით გადაღებულ მასალას უახლოეს დღეებში ამოვიღებთ და უკვე დაზუსტებით გავიგებთ, უძღოდა თუ არა მკვლელობას წინ კონფლიქტი“.

როგორც პროკურორი ამბობს, ბრალდებული და მსხვერპლი ერთად მგზავრობდნენ და მისი თქმით, ეს არ ყოფილა „შემთხვევითი შეხვედრა“.

გიორგი ქობულაძის თქმით, გამოძიებისათვის მიცემული ჩვენების თანახმად, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, თუმცა კონკრეტულ ფაქტებს არ ასახელებს. სხვა დეტალების შესახებ პროკურორი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ლაპარაკობს. რაც შეეხება ბრალდებულის ადვოკატის განცხადებას, რომ რაულ მებონია „მომხდარ ფაქტს ვერ იხსენებს“, გიორგი ქობულაძე ამბობს:

„ეს გასარკვევია. შესაძლოა, ეს იყოს უბრალოდ დაცვის მხარის სტრატეგია. ნამდვილად ვერ იხსენებს თუ არ ახსოვს, ამას აუცილებლად დავადგენთ“.

რატომ აპელირებს დაცვის მხარე ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე?

„ფაქტია, რომ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა“, - ბოლო ორი დღეა, ამ ფრაზით იწყებს ბრალდებულის ადვოკატი, სულხან კომახიძე ჟურნალისტებთან ლაპარაკს. ეს თქვა მან 23 მაისსაც, მას შემდეგ, რაც მოსამართლემ როინ მებონიას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა განუსაზღვრა:

სულხან კომახიძე

„ქმედების განხორციელების დროს შეეძლო თუ არა მას სრულად გაეცნობიერებინა ის, რასაც აკეთებდა, ეს საჭიროებს სერიოზულ კვლევას და ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია და ვფიქრობ, რომ ბრალდების მხარე ამას თავად გააკეთებს და დანიშნავს სასამართლო სამედიცინო ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, რომლის შედეგადაც დადგინდება, ჰქონდა თუ არა დაკავებულს იმის უნარი, რომ გაეცნობიერებინა, რას აკეთებდა. ის ბრალდებას არ უარყოფს, შემთხვევის ადგილიდან არსად წასულა, თავისი ნებით ჩაბარდა პოლიციას, მაგრამ ფაქტია, რომ განვითარებულ მოვლენებს ვერ იხსენებს და ვერ ხსნის, რა მოხდა“.

სულხან კომახიძე ირწმუნება, რომ ბრალდებულს წარსულში ჰქონდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და დაახლოებით ერთი წლის წინ ის მკურნალობას სტაციონარში გადიოდა:

„საქმეში ჯერჯერობით არ გვაქვს მასალები, რატომ და რის ნიადაგზე გამოწერეს ბრალდებული სტაციონარიდან, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ სერიოზულ მკურნალობას გადიოდა და დღესდღეობითაც აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები“.

პროკურატურის განცხადებით, ისევე როგორც ყველა სხვა მკვლელობის საქმეში, ამ შემთხვევაშიც დაინიშნება სამედიცინო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა:

„როდესაც საქმე ეხება მკვლელობას, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, ყოველთვის ჩნდება ეჭვი, რამდენად იყო ფსიქიკურად ჯანმრთელი დანაშაულის ჩამდენი პირი. ამდენად, მკვლელობის ნებისმიერ საქმეზე ინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა და მათ შორის, მოცემულ საქმეშიც დაინიშნება ექსპერტიზა და სრულად იქნება შესწავლილი მისი ფსიქიკური მდგომარეობა“, - ამბობს გიორგი ქობულაძე.

რას უყვება რადიო თავისუფლებას მოკლული ქალის ახლობელი?

როგორც სოფო კვარაცხელიას ახლო ნათესავი უყვება რადიო თავისუფლებას, სოფო ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა, თუმცა, დაახლოებით სამი წლის წინ, უფროსი შვილის ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ცოლ-ქმარი, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად:

„ბინა იქირავეს ნაძალადევის რაიონში. ქმარსაც ნორმალური სამსახური ჰქონდა. ფინანსურად უზრუნველყოფილები იყვნენ და არჩიეს, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თბილისში ეცხოვრათ. კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, თუმცა, როგორც ვიცი, ბოლო პერიოდში, როინს თითქოს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. სოფოს ურჩიეს კიდეც, რომ დაშორებოდა ქმარს. თუმცა, უთქვამს, აგრესიული მომენტები კი აქვს პერიოდულად, მაგრამ მე არ მერჩის, უფრო საკუთარი თავის მიმართ აქვს აგრესიაო. ჩემი ინფორმაციით რამდენიმე ხნის წინ, მან თვითმკვლელობაც სცადა“.

სოფო კვარაცხელიას ოჯახის ახლობლის თქმით, ავტობუსში მკვლელობის ფაქტს შეესწრო გარდაცვლილის და და მისი მცირეწლოვანი შვილებიც.

როგორც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში უთხრეს რადიო თავისუფლებას, მოკლული ქალის 4 და 11 წლის შვილები ამ ეტაპზე, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

კიდევ ერთი მკვლელობის მცდელობა ავტობუსის გაჩერებაზე

31 წლის ქალის მკვლელობიდან ორი დღის თავზე, 23 მაისს, თბილისში, ავტობუსის გაჩერებაზე კიდევ ერთი ქალის მკვლელობა სცადა ყოფილმა ქმარმა. შემთხვევა დიდუბეში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაცი დაკავებულია, საქმეზე გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ქალი კლინიკაშია გადაყვანილი.

39 წლის ქალის ოჯახის ინფორმაციით, ყოფილი ქმარი ქალზე ფულის გამოძალვის მიზნით სისტემატურად ძალადობდა. რამდენიმე კვირის წინ, კაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა ის 3000 ლარიანი გირაოთი და შემაკავებელი ორდერით გათავისუფლდა. ოჯახის თქმით, ყოფილმა ქმარმა ქალს მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ექვსჯერ ჩაარტყა დანა.

რა არის ფემიციდი?

ფემიციდი არის მკვლელობა, გენდერული დანაშაული, რომლის მსხვერპლი არის ქალი და მკვლელობა ხდება ქალის გენდერთან დაკავშირებული მიზეზით.

ეს სიტყვა, ფემიციდი, საქართველოში აქტუალური 2014 წელს გახდა. იმ წელს, ყოფილმა ქმრებმა თუ პარტნიორებმა 20-ზე მეტი ქალი მოკლეს. მათ შორის იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, მაკა წივწივაძე, რომელიც ყოფილმა ქმარმა უნივერსიტეტის შენობაში მოკლა.

ამ მკვლელობიდან ერთი თვის თავზე, 25 ნოემბერს, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მსოფლიო დღე, საქართველოში უპრეცედენტო მანიფესტაციის დღედ იქცა. „ფეისბუკის“ საშუალებით შეკრებილმა ქალებმა საქართველოს 23 ქალაქში ერთობლივი მანიფესტაციის ორგანიზება მოახერხეს.

მიუხედავად ამ რვა წლის განმავლობაში განხორციელებული არაერთი საკანონმდებლო ცვლილებისა, უფლებადამცველები და ქალთა აქტივისტები თვლიან, რომ გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის, ფემიციდის ყოველწლიური შემთხვევები, აჩვენებს სახელმწიფოს მხრიდან პრევენციულ ღონისძიებებზე ორიენტირებული პოლიტიკის სისუსტეს.

საქართველოს კანონმდებლობა ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის შესახებ

სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს, ოჯახურ დანაშაულს, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობას საქართველოში სხვადასხვა საკანონმდებლო აქტი აწესრიგებს:

  • საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის;
  • კანონი ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ და სხვ.
  • სისხლის სამართლის კოდექსი

ამ კატეგორიის დანაშაულებთან ბრძოლის თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, რომელშიც ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე ცვლილება შევიდა.

2012 წლის 12 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, პასუხისმგებლობა განისაზღვრა ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობისთვის და კოდექსს დაემატა 126-ე პრიმა მუხლი, რომლის თანახმადაც, ოჯახში ძალადობა არის „ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება. რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) ან 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი“. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სხვა მუხლებით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში კი სახეზეა ოჯახური დანაშაულის შემადგენლობა, რომელიც განისაზღვრება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა მუხლზე (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის) მითითებით.

გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც საქართველომ 2017 წელს მოახდინა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) რატიფიცირება, გატარდა სხვა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები ეროვნული კანონმდებლობის სტამბოლის კონვენციასთან ჰარმონიზაციის მიზნით. შედეგად, სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა 151-ე პრიმა მუხლი, რომელიც ადევნების დანაშაულს არეგულირებს.

2017 წლის ცვლილებების შედეგად, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ასევე 53-ე პრიმა მუხლი, რომლითაც სასჯელის დამამძიმებელი გარემოებების განცალკევებით რეგულირება მოხდა. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამძიმებას იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის ჩადენა ხდება რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.

მიუხედავად კანონმდებლობაში ასახული ცვლილებებისა, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ანგარიშის თანახმად, მაგალითად, პრობლემად რჩება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებში დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის კომპონენტის გამოკვეთა. იმის გათვალისწინებით, რომ შეუწყნარებლობის მიმანიშნებელი გარემოებების არსებობისას პროკურატურა ყურადღებას არ ამახვილებს დისკრიმინაციულ მოტივზე, ბრალის წაყენებისას, ფაქტობრივად, არ ხდება მითითება დამამძიმებელ გარემოებებზე და, შესაბამისად, 53-ე პრიმა მუხლს არასათანადო გამოყენება აქვს.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ასევე ოჯახური დანაშაულების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით სპეციალიზებულ პროკურორთა არასაკმარისი რაოდენობა, რაც იწვევს სპეციალიზებული პროკურორების გადატვირთულობას.

სახალხო დამცველი 2022 წლის საპარლამენტო ანგარიშის საშუალებით მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაგრძელდეს თანამშრომლების გადამზადება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით. ასევე მიმართავს სახელმწიფო ზრუნვისა სააგენტოს, გაძლიერდეს და დაიხვეწოს ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებებში ბენეფიციართა გაძლიერების პროგრამები.

არა პრევენციაზე, არამედ დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკა

თუკი ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების სახელმწიფოს მიდგომას გადავხედავთ, ის შეიძლება სწორედ ასე დახასიათდეს - არა პრევენციაზე, არამედ დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკა.

ამავეს ამბობს ორგანიზაციის “ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველოს“ წარმომადგენელი, იდა ბახტურიძე. მისი თქმით, ეს მიდგომა თავდაპირველად ეფექტიანი იყო, მნიშვნელოვანი იყო, სახელმწიფოს ეჩვენებინა, რომ ამ ტიპის დანაშაულებზე რეაგირება იქნებოდა მკაცრი. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაული არ არის ჩვეულებრივი დანაშაული და მას საფუძვლად უდევს პატრიარქალური კულტურა, მხოლოდ დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკა არ ამართლებს და აუცილებელია, რომ სახელმწიფომ ამ დანაშაულის პრევენციაზე იზრუნოს:

იდა ბახტურიძე

„ეს გახდა ბოლო წლების მთავარი პრობლემა - სახელმწიფო დავიდა იქამდე, რომ სანამ ნაცემ და მოკლულ ქალს არ ნახავს, მანამდე არ იწყებს მოქმედებას. მაგრამ უნდა გავითავისოთ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრევენციაზე მუშაობა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მოიცავს უფრო დიდ და ფართო საქმიანობას, როგორც განათლების, ისე სოცმუშაკების გაძლიერების, ქალების ეკონომიკური გაძლიერებისა და პროგრამების შექმნის კუთხით. აი, სწორედ აქ გვაქვს პრობლემა. მოძალადეების დასჯის სტატისტიკას რომ შევხედოთ, ეს მაჩვენებელი მაქსიმალურად არის გაზრდილი, მაგრამ არაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს დანაშაული აღარ მოხდეს. დასჯა ხომ არ არის ჩვენი თვითმიზანი, ჩვენი მიზანია, რომ ძალადობა აღარ ხდებოდეს. ასეთ მძიმე ფორმებამდე არ მიდიოდეს. არ ვართ ბავშვები და არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ძალადობა აღარასდროს მოხდება, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ მინიმუმ ასეთი ფატალური შედეგები სანამ დადგება, მანამდე შეუძლია სახელმწიფოს იმოქმედოს და ამას არ აკეთებს“.

იდა ბახტურიძე თვლის, რომ სახელმწიფოს ქალების მიმართ ჩადენილი დანაშაულების მინიმუმამდე დასაყვანად ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი:

„მაგალითად, წამოიყვანენ ქალს მოძალადისგან და მიიყვანენ თავშესაფარში. რა ხდება მერე? ეს ქალები, როგორც წესი, ისევ მოძალადესთან ბრუნდებიან, რადგან სახელმწიფო მათ უტოვებს მხოლოდ ორ არჩევანს - მოძალადესა და ქუჩას შორის. სახელმწიფოს შეუძლია ამ ქალებს შესთავაზოს, მაგალითად, იაფიანი საცხოვრისები, რაც ნიშნავს, რომ იმ თავისი ხელფასით, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ქალს და როგორც წესი ამ ქალების შემოსავალი თვეში შეიძლება იყოს 700-800 ლარი, შეძლონ ბინის დაქირავება, შვილის რჩენა. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ამ ქალებს, რომ საბაზრო ფასისგან უფრო იაფი საცხოვრებელი იშოვოს. ასეთი ტიპის პროგრამები უნდა არსებობდეს“.

რას ფიქრობს ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების პრევენციის გზებზე, მაგალითად, სულ ახლახანს შექმნილი „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარეობის კანდიდატი და ამავე დროს, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი.

როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, ახლად შექმნილი ქალთა ორგანიზაცია ერთი მხრივ იმუშავებს თავად პარტიის რიგებში ქალების გაძლიერებაზე, მათი შესაძლებლობების გამოვლენაზე და მეორე მხრივ, ზოგადად ქალების საჭიროებების იდენტიფიცირებაზე. ნინო წილოსანის თქმით, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა მათი ორგანიზაციის ერთ-ერთი საკვანძო ღერძი იქნება:

ნინო წილოსანი

„ჩვენ ვიმუშავებთ როგორც საკანონმდებლო კუთხით, ისე სხვადასხვა კამპანიის მხრივ. არა მხოლოდ კანონმდებლობის გამკაცრება, არამედ საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებზე მუშაობა იქნება საჭირო და მნიშვნელოვანი, რადგან ქალები არ უნდა იყვნენ ჩუმად მოძალადე კაცების პირობებში და ისინი მყისიერად უნდა აცნობებდნენ შესაბამის სტრუქტურებს ამგვარი ძალადობის შესახებ, რადგან თითოეული ძალადობა თავის თავში მოიცავს რისკს, რომ ის შეიძლება ფატალურად დასრულდეს. ამავდროულად, პრევენცია არის ის საკითხი, რომელზეც, ვფიქრობ, რომ უფრო მეტი მუშაობა გვჭირდება, მათ შორის, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. მათ შორის არის სამართალდამცავი სტრუქტურები, რომელთა მგრძნობელობის გაზრდა ნამდვილად დგას დღის წესრიგში და ნამდვილად გვჭირდება“.

რაც შეეხება ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, როგორც ძალადობისაგან თავის დაღწევის ერთ-ერთ გზას, ნინო წილოსანი ამბობს:

„დიახ, ქალების ეკონომიკური გაძლიერება არის პრიორიტეტი, მათ შორის, გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში, 2022 წელს ჩვენ პრიორიტეტად დავასახელეთ ეს საკითხი. ვამზადებთ სახელმწიფო კონცეფციას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით გრძელვადიან ჭრილში განსაზღვრავს, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ რეალურად მივიღოთ ქალების ეკონომიკური გაძლიერება. ვიმედოვნებ, რომ სამინისტროები კონკრეტული დღისწესრიგებით წარსდგებიან პარლამენტის წინაშე და გარკვეული პერიოდის შემდგომ, ჩვენ გვექნება ხელშესახები შედეგები“.

როგორია ფემიციდის სტატისტიკა საქართველოში?

სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის შემთხვევების კლების ტენდენცია არ შეინიშნება.

სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიშის თანახმად, 2021 წელს საქართველოში 22 ქალი მოკლეს. 2020 წელს - 24. 2019 წელს კი - 19 ქალი.

წინა წლებთან შედარებით, მოიმატა ქალის მკვლელობის მცდელობის სტატისტიკამაც:

  • 2021 წელს - 31 შემთხვევა;
  • 2020 წელს - 27 შემთხვევა;
  • 2019 – 22 შემთხვევა.

წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია ქალთა თვითმკვლელობამდე და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის შემთხვევების რაოდენობაც.