„რეკორდი, რომელიც ჯობდა არ გვქონოდა” - საკუთარი სახლიდან 100 მილიონი ადამიანია გაქცეული

უკრაინის ქალაქი ირპენი. 2022 წლის 7 მარტი.

უკრაინაში მიმდინარე ომმა მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 100 მილიონამდე გაზარდა, - აცხადებს გაერო. ეს რეკორდია. ომებს, ძალადობასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს ერთბაშად ამდენ ადამიანზე ჯერ არასდროს უმოქმედია.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 3 თვე გადის. ამ დროისთვის, საკუთარი სახლი 14-მა მილიონმა უკრაინელმა დატოვა. მათგან 6 მილიონზე მეტი ქვეყნიდან გაიქცა. 20 მაისის მდგომარეობით, ლტოლვილების ნახევარზე მეტი, თითქმის 3,5 მილიონი უკრაინელი, პოლონეთმა შეიფარა.

23 მაისს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (UNHCR) განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა.

„ასი მილიონი - საშინელი რიცხვია, თანაბრად გამომაფხიზლებელიც და შემაშფოთებელიც. ეს რეკორდია, რომელიც ჯობდა, რომ არ გვქონოდა”, - განაცხადა უმაღლესმა კომისარმა, ფილიპო გრანდიმ.

მისი თქმით, ის დამოკიდებულება, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკრაინელი ლტოლვილების მიმართ იჩენენ, „შთამბეჭდავად პოზიტიურია” და იმის ნიშანია, რომ ადამიანებში „თანაგრძნობა ცოცხალია”. მაგრამ ეს არ კმარა, რადგან „ჰუმანიტარული დახმარება აგვარებს შედეგებს, და არა მიზეზებს”.

მეტი და მეტი

უკრაინაში მიმდინარე ომი ერთადერთი მიზეზი არაა. ბოლო ათი წელია, მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა სტაბილურად იზრდება. ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, 2021 წლის დეკემბერში, UNHCR-ი აცხადებდა, რომ მათი რიცხვი 90 მილიონს მიუახლოვდა. ამის მიზეზი გახდა კონფლიქტები ეთიოპიაში, ბურკინა-ფასოში, მიანმარში, ნიგერიაში, ავღანეთსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

აფრიკელი ლტოლვილები ყველა ხშირად დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გარბიან. მათ შორის, ესპანეთში. ბალეარის და კანარის კუნძულებზე მოსახვედრად მათ, ვინც დასავლეთ აფრიკიდან გამორბის, ატლანტის ოკეანეში დაახლოებით 220 კილომეტრი უნდა გადაცურონ. ესპანეთის საზღვაო სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს გზაში 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მთლიანობაში კი გზაში იღუპება ყოველი მეოცე ლტოლვილი.

შარშანვე, მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულ პირთა 68% მხოლოდ ხუთ ქვეყანაზე მოდიოდა: სირია - 6.8 მილიონი; ვენესუელა - 4.1 მილიონი, ავღანეთი - 2.6 მილიონი, სამხრეთი სუდანი - 2.2 მილიონი, მიანმარი - 1.1 მილიონი.

2020 წელს, 35 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი არასრულწლოვანი იყო. ყველაზე მეტი ლტოლვილი - 3,7 მილიონი ადამიანი, თურქეთმა მიიღო.

16 ივნისს UNHCR-ი ვრცელ ანგარიშს გამოაქვეყნებს 2021 წლის ვითარებაზე და ასევე უკრაინელი იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობაზე ამ წლის აპრილის ჩათვლით.

ტერმინი „იძულებით გადაადგილებული პირი” პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს. მაშინ ომს 40 მილიონზე მეტი ადამიანი გაექცა.