რას წარმოადგენს რუსული „ტერმინატორი“, რომელიც უკრაინაში შენიშნეს?

ახალი ფოტოები ადასტურებს, რომ რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში.

ეს ტანკების დამხმარე საბრძოლო მანქანა (БМПТ), რომელიც რუსეთში იწარმოება, სწავლების დროსაა გადაღებული, 2017 წელს.

მწარმოებლის, „ურალვაგონზავოდის“, მიერ „ტერმინატორად“ წოდებული ეს მანქანები მედიის ყურადღებას იპყრობს მას მერე, რაც ისინი უკრაინაში შენიშნეს.

ფოტო ზემოთ და კიდევ ორი ვიდეოჩანაწერი, რომლებიც მოყვარულებმა გადაიღეს, აჩვენებს „ტერმინატორების“ ყოფნას უკრაინის აღმოსავლეთში, სევეროდონეცკის რაიონში. ამ საბრძოლო მანქანების უკრაინაში გადასროლა 18 მაისს დაადასტურა რუსეთის საინფორმაციო სააგენტომ „რია ნოვოსტიმ“.

„ტერმინატორი“ რუსეთის მცდელობის შედეგია, შეექმნა ისეთი მანქანა, რომლის დანიშნულება იქნებოდა საომარი მოქმედების წარმოება ვიწრო საქალაქო პირობებში.

ეს აუცილებლობა გაჩნდა ჩეჩნეთის ომის შემდეგ, როცა ჩეჩენმა მეამბოხეებმა გაანადგურეს რუსეთის ჯავშანტექნიკის დიდი რაოდენობა.

ჩეჩენი მებრძოლები გროზნოში ბრძოლების დროს განადგურებულ რუსულ ჯავშანტრანსპორტიორთან, იანვარი, 1995 წელი.

ჩეჩნეთის დედაქალაქისთვის ბრძოლებისას, 1994-1995 წლებში, ადგილობრივ მეამბოხეებს შეეძლოთ შენობების ფანჯრებიდან და კარებიდან იაფიანი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმმტყორცნებით ესროლათ და შემდეგ მიმალულიყვნენ მათთვის ნაცნობ ტერიტორიაზე.

რუსული ტანკების საცეცხლე ეფექტიანობა ნულამდე დავიდა, რადგან მათ არ შეეძლოთ მკვეთრად მაღლა სროლა, ან ლულის ისე დახრა, რომ სარდაფებში ჩასაფრებული ჩეჩენი მებრძოლები მწყობრიდან გამოეყვანათ.

ხედი ზემოდან ტანკების დამხმარე საბრძოლო მანქანაზე, გადაღებულია მოსკოვში, აღლუმის დროს

თანამედროვე სამხედრო ტაქტიკის თანახმად, ტანკები ქალაქებში გამოიყენება ქვეით ძალებთან ერთად.

თანმხლები ქვეითი ჯარი ტანკის ეკიპაჟის „თვალი და ყურია“ და შეუძლია მტრის მეომრები სწრაფად შენიშნოს ნებისმიერ მხარეს, ხოლო ტანკი, თავის მხრივ, საიმედო დაცვაა ქვეითებისთვის.

რუსული „ტერმინატორების“ დანიშნულებაა საბრძოლო მოქმედების წარმოება საქალაქო პირობებში ტანკებთან ერთად და მათ უნდა შეცვალონ ქვეითი ჯარის აუცილებელი მხარდაჭერა.

არ არის ცხადი, შეძლებენ თუ არა „ტერმინატორების“ ეკიპაჟები, რომლებიც მძიმე ჯავშანში იმყოფებიან, ღია სივრცეში დაუხმარებლად ორიენტირებას.

„ტერმინატორს“ შეიარაღებაში აქვს წყვილი, 30-მილიმეტრიანი ქვემეხი, რომლებსაც წამში ათი გასროლის განხორციელება შეუძლიათ ერთად და ცალ-ცალკე. ამ ქვემეხებს შეუძლიათ გაისროლონ როგორც ჯავშანსაწინააღმდეგო ჭურვები, ასევე - ფეთქებადი.

ამ საბრძოლო მანქანებს, გარდა ამისა, აქვთ მართვადი რაკეტები (ამ ფოტოზე ქვემეხების ორივე მხარეს) და ტყვიამფრქვევი. „ტერმინატორის“ ამ ვერსიას, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, ორი ნაღმმტყორცნი აქვს (ერთი მოჩანს ქვემოთ მარცხნივ).

რუს სამხედროს „ტერმინატორიდან“ გამოაქვს ნაღმმტყორცნი, 2017 წელი.

დღეისათვის არსებობს „ტერმინატორის“, სულ მცირე, ორი სხვადასხვა ვერსია.

ერთს წყვილი ნაღმმტყორცნი აქვს და მისი ეკიპაჟი ხუთი კაცისგან შედგება, მეორის ეკიპაჟი სამკაციანია და მას ნაღმმტყორცნები არ აქვს. უკრაინაში შემჩნეული „ტერმინატორები“, ჩანს, ნაღმმტყორცნებითაა აღჭურვილი.

რუსული წარმოების ამ საბრძოლო მანქანებს აქვს ჯავშანი, რომელიც ჭურვის მოხვედრის შემდეგ გარეთ ფეთქდება და ზოგიერთ ტანკსაწინააღმდეგო ჭურვს ანეიტრალებს. სხვა თავდაცვითი საშუალებაა ჯავშანი ლითონის ცხაურის სახით, რომელიც ჩანს ზემოთ მოცემულ ფოტოზე. მას შეუძლია ზოგიერთი ტანკსაწინააღმდეგო იარაღის გამჭოლი ძალის შეფერხება. სულ მცირე, ერთი რუსული ტანკი მსგავსი თანამედროვე ჯავშნით განადგურდა უკრაინაში ბრძოლების დროს.

არ არის ცნობილი, რამდენი „ტერმინატორი“ აქვს რუსეთის არმიას შეიარაღებაში დღეს. 2021 წლის ბოლოს რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის სატანკო პოლკს „ტერმინატორის“ ათი ეგზემპლარ დაემატა.

ზოგიერთი დასავლელი მიმომხილველი ფიქრობს, რომ

რამდენიმე იშვიათი საბრძოლო მანქანის განთავსება კრემლის „სასოწარკვეთილების“ ნიშანი უნდა იყოს. ამ დროს რუსეთის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს რუსეთის არსენალის სიღრმეზე მიანიშნებს.

ყველა შემთხვევაში, „ტერმინატორების“ გამოჩენა დონბასში, სადაც რუსეთის იერიშს მოწინავე ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება ელოდება, ცხადია, რისკის შემცველი თამამი ნაბიჯია.

რუსეთის არმიის „უძლეველობის“ მითი უფრო მეტად დაიმსხვრევა, თუ „ტერმინატორმა“ უკრაინაში თავი ცუდად გამოავლინა.