IDFI: ყველაზე დახურული საჯარო უწყება 2021 წელს კულტურის სამინისტრო იყო

თეა წულუკიანი, საქართველოს კულტურის მინისტრი

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" თანახმად, 2021 წელს ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით ყველაზე დახურული საჯარო უწყება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იყო, რომელმაც ორგანიზაციის არცერთ წერილს არ უპასუხა. IDFI ყოველწლიურად აქვეყნებს ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო უწყებების შესახებ განახლებულ მონაცემებს.

ორგანიზაციამ გასულ წელს 8 500-მდე მოთხოვნა გააგზავნა სამასამდე საჯარო დაწესებულებებში და უწყებების ღიაობისა და დახურულობის მაჩვენებელი ამ წერილებზე მიღებული პასუხების სტატისტიკის დამუშავების შედეგია.

როგორც "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" პროგრამების ხელმძღვანელი ლევან ალაფიშვილი განმარტავს, კულტურის სამინისტროსთვის გაგზავნილი მიმართვები სტანდარტული წერილები იყო, რომლებსაც ყველა სამინისტროს ერთნაირად უგზავნიან ყოველ წელს.

სამინისტროებს შორის საჯარო ინფორმაციის გაცემის ყველაზე კარგი მაჩვენებელი გასულ წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჰქონდა. IDFI-ს განმარტებით, საჯარო ინფორმაციის გაცემა შედარებით პრობლემურია სახელმწიფოს მიერ დაარსებული სსიპ-ებისა და ააიპ-ებისთვის. არსებობს ასევე კონკრეტული შინაარსის ინფორმაცია, რომელსაც სახელმწიფო უწყებები რთულად გასცემენ - ამგვარია, მაგალითად, შიდა აუდიტის დასკვნები, ასევე მრჩევლების შესახებ ინფორმაცია.

IDFI-ს მონაცემებით, 2021 წელს საჯარო ინფორმაციის მაჩვენებელი ზოგადად ქვეყანაში, 2020 წელთან შედარებით, გაუმჯობესდა, მაგრამ ბოლო 10 წლის განმავლობაში მაინც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი ხელისუფლებას 2013 წელს ჰქონდა.

რაც შეეხება კონკრეტულად კულტურის სამინისტროს, ის საკმაოდ ღია უწყება იყო როგორც დამოუკიდებლად არსებობის დროს, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემადგენლობაში ყოფნისას.

კულტურის სამინისტროს დახურული პოლიტიკის ფონზე, გამჭვირვალობის მაჩვენებელი გაიუმჯობესა იუსტიციის სამინისტრომ, რომელსაც 2012 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის სექტემბრამდე თეა წულუკიანი მართავდა. კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი 2021 წლის მარტში დაინიშნა. იუსტიციის სამინისტრომ გასული 1 წლის განმავლობაში თითქმის 50%-ით გაზარდა ინფორმაციის გაცემის მაჩვენებელი.

კულტურის სამინისტროსგან ინფორმაციის მიღება გამოწვევად რჩება მედიისთვისაც - მათ შორის რადიო თავისუფლება თითქმის ნახევარი წელია უშედეგოდ ელოდება პასუხს გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე.

ასევე ნახეთ წულუკიანი რკინის ფარდის მიღმა - როგორ ჩაიკეტა კულტურის სამინისტრო ჟურნალისტებისთვის