ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ადვოკატი: "ფაქტებს ვერ იხსენებს"

შემთხვევის ადგილი. თბილისი 21 მაისი, 2022 წ.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირის ადვოკატი სულხან კომახიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვერ იხსენებს მომხდარს.

„ბრალის წარდგენა ჯერ არ ყოფილა და არ გვაქვს ინფორმაცია, როდის იქნება, ამაზე პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას. შევხვდი მას [დაკავებულს] და ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია მომხდარით, სინანულშია და რა მოხდა, ჯერჯერობით, ამის აღდგენა უჭირს“, - უთხრა ადვოკატმა სულხან კომახიძემ სააგენტო "ინტერპრესნიუსს".

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ახალგაზრდა ქალი ქმარმა მოკლა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 21 მაისს, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ს.კ.-ს, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ს.კ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა", - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.