„მომავლისკენ უნდა გავიხედოთ - იმ მომავლისკენ, რომელშიც უკრაინა გაიმარჯვებს და რუსეთს მოუწევს, პასუხი აგოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე“, - ამბობს რუსეთში ლიეტუვის ელჩი ეიტვიდას ბაიარუნასი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. იგი აპრილამდე მოსკოვში რჩებოდა და „ბუჩის სასაკლაოდ” ცნობილი მოვლენების შემდეგ დატოვა რუსეთი. ვაჟა თავბერიძე ეიტვიდას ბაიარუნასს პრაღიდან ვილნიუსში ესაუბრა.
რადიო თავისუფლება: როგორი იყო ბოლო სამი თვე თქვენთვის? ადვილი არ უნდა იყოს რუსეთში ლიეტუვის ელჩობა ასეთ დროს, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ხანებამდე ჯერ კიდევ მოსკოვში რჩებოდით...
ეიტვიდას ბაიარუნასი: 2019 წელს, როდესაც ეს პოსტი შემომთავაზეს, უხალისოდ, პროფესიული პასუხისმგებლობის გრძნობის გამო დავთანხმდი. ომამდეც კი, ეს რთული საქმე იქნებოდა ნებისმიერი დიპლომატისთვის, აი, ლიეტუველი დიპლომატისთვის კი, ვიტყოდი, რომ ამაზე დიდი გამოწვევა ალბათ არ არსებობს. 2020 წელს, როდესაც ელჩად ჩავედი მოსკოვში, ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი, როცა რუსეთი ღია ომს გააჩაღებდა უკრაინის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, პრეზიდენტ პუტინს უკვე დაწყებული ჰქონდა თავისი მრავალსვლიანი ვოიაჟი ომისკენ - იქნებოდა ეს კონსტიტუციური ცვლილებები თუ იმ თავისუფლებების კიდევ უფრო შეკვეცა, რაც შემორჩენილი იყო რუსეთში - და ეს რუსეთს კარგ მომავალს ნამდვილად არ უქადდა. მაგრამ მაინც ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ რუსეთი შეელეოდა ჰიბრიდული ომის ტაქტიკას, რომელშიც კრემლი ასე გაიწაფა, და რომელიც ასე კარგად მუშაობდა ჩვენს ზოგ დასავლელ „მეგობარზე“ - ისინი გაიძახოდნენ: კი, კარგი საქმე ვერაა, მაგრამ რუსებს მაინც უნდა ვესაუბროთ, ჩართულობა უნდა გვქონდეს და ა.შ. - მაამებლობა, მოკლედ რომ ვთქვათ. ამის მოლოდინი გვქონდა, ნაცვლად იმისა, რომ რუსეთი ღია ომში ჩაებმებოდა. მაგრამ 24 თებერვლამდე 2 თვით ადრე, რუსეთმა მუქარა და ულტიმატუმების „ჩამორიგება“ დაიწყო, 24 თებერვლის ღამით კი ყველანაირ წითელ ხაზს გადაალაჯა - და ამან, სხვა ყველაფერთან ერთად, დრამატულად შეცვალა ისიც, თუ რას ნიშნავს იყო დასავლელი ელჩი და დიპლომატი რუსეთში.
გარდაუვალია, რომ ამ ომის ბედი ბრძოლის ველზე გადაწყდება და არა დიპლომატიური ძალისხმევით.
რა თქმა უნდა, როგორც დიპლომატმა, არასდროს არ უნდა შეხედო პრობლემას როგორც „შეუძლებელ მისიას“, მაგრამ მალევე გავიაზრეთ, რომ ძალიან ცოტა სივრცე იყო დარჩენილი დიპლომატიური მანევრებისთვის. რა თქმა უნდა, ზოგი დასავლელი ლიდერი კიდევ ურეკავს და ელაპარაკება პუტინს, მაგრამ თანდათან ცხადი ხდება, რომ ეს ამბავი მხოლოდ ბრძოლის ველზე გადაწყდება, რაც უნდა მძიმე იყოს ამის აღიარება დიპლომატისთვის.
ომის დაწყებიდან მალევე რუსეთმა ჩემი ქვეყანა „არამეგობრული ქვეყნების სიაში“ შეიყვანა, აპრილის დასაწყისში კი, როდესაც ბუჩის სასაკლაო ვიხილეთ, ლიეტუვამ გადაწყვიტა, რომ რუსეთის ელჩი ვილნიუსში აღარ უნდა ყოფილიყო, რანგი ქვემოთ დავწიეთ, charge d’affaires დონემდე და კლაიპედაში რუსეთის საკონსულო დავხურეთ. შესაბამისად, მეც უკან გამიწვიეს, ვილნიუსში, სადაც ველოდები მთავრობის შემდგომ გადაწყვეტილებას.
რადიო თავისუფლება: ლიეტუვის პარლამენტი იყო პირველი, ვინც რუსეთი ტერორისტულ ქვეყნად შერაცხა და მისი ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარა. თქვენ რას იტყოდით ამაზე?
ბაიარუნასი: ეს პარლამენტის გადაწყვეტილებაა, სუვერენული ორგანოსი, რომელიც ლიეტუველი ხალხის ნებას წარმოადგენს და სრული უფლება აქვს, გამოხატოს, რასაც ეს ხალხი ფიქრობს. მე ამ გადაწყვეტილებას ცალსახად მხარს ვუჭერ. ყოველდღე რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების ახალ-ახალ მტკიცებულებებს ვნახულობთ. მომავლისკენ უნდა გავიხედოთ - იმ მომავლისკენ, რომელშიც უკრაინა გაიმარჯვებს და რუსეთს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე პასუხისგება მოუწევს მისი ჯარის მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამო. რუსეთისთვის ეს გზავნილია - ინფორმაციის ერაა, ვიცით, რომ ინფორმაციას ბოროტად იყენებთ ჩვენ წინააღმდეგ, მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ ინფორმაცია თქვენ წინააღმდეგაც იქნება გამოყენებული: თითოეული დანაშაული, რასაც რუსეთი დღეს უკრაინაში სჩადის, არსად გაქრება - ისინი ჩაიწერება და მათ გამოვიძიებთ.
რუსებს ტვინი ისე ოსტატურად გამოურეცხეს, რომ თავიანთი თავები კეთილები ჰგონიათ და ყველა დანარჩენი - ცუდები და ბოროტები: უკრაინა ფაშისტია, ევროკავშირი და ნატო კი გახრწნილები და რუსეთის მტრები.
რადიო თავისუფლება: ზემოთ მომავალი ახსენეთ, რომლისკენაც უნდა გავიხედოთ - სადაა რუსეთის ადგილი ამ მომავალში?
ბაიარუნასი: ომამდე ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ერთგვარი ოპტიმისტური განწყობა, სასურველის რეალობად გასაღების მცდელობა - რომ ერთ დღესაც რუსეთში დემოკრატიული ცვლილებები მოხდება, რომ რუსები გაიაზრებენ ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების სიკეთეებს, როგორიცაა თავისუფალი არჩევნები, თავისუფალი მედია, ან, ბოლოს და ბოლოს, კორუფციისგან თავისუფალი ბიზნესგარემო და მიხვდებიან, რომ ეს ბევრად უკეთესი ალტერნატივაა, ვიდრე ის, რომ ცხოვრობდე ტოტალიტარული რეჟიმის ქვეშ. ბოლომდე ეს ოპტიმიზმი ვერ მივატოვეთ, მუდმივად ვახსენებდით რუსეთს, რომ მეორე, სხვა გზაც არსებობდა, იმ ბილიკის ალტერნატივად, რომელიც მათ აირჩიეს. ახლა კი, ომის შემდეგ, რუსეთმა იმდენ წითელ ხაზს გადააბიჯა, რომ ძალიან ძნელი წარმოსადგენია, დასავლეთი ამ მთავრობასთან “business as usual” ურთიერთობის მოდელს დაუბრუნდეს. რაც შეეხება რუს საზოგადოებას, წლების განმავლობაში ისე ოსტატურად გამოურეცხეს ტვინი საკუთარმა ლიდერებმა და სახელმწიფო ტელევიზიამ, რომ თავიანთი თავები კეთილები ჰგონიათ და ყველა სხვა დანარჩენი - ცუდები და ბოროტები: უკრაინა ფაშისტია, ევროკავშირი და ნატო გახრწნილები და რუსეთის მტრები. მათთვის სამყარო ორადაა გაყოფილი, ჩვენ მათ წინააღმდეგ, შუალედი არ არსებობს. ამას კიდევ უფრო განამტკიცებს ის ნარატივი, რომლის მიხედვითაც მეორე მსოფლიო ომი მარტო რუსეთმა მოიგო, სხვა ერებსა და ქვეყნებს ამაში არანაირი დამსახურება არ მიუძღვით. არც ლიეტუველებს ახსენებს ვინმე, არც ქართველებს, უკრაინელებს ხომ არა და არა. ისიც საგულისხმოა, რომ რუსეთში 9 მაისი ომში გარდაცვლილების ხსოვნისთვის პატივის მიგების დღის ნაცვლად იქცა რუსული სამხედრო ძალისა და გონების განდიდების დღესასწაულად. და ამაში არის ლოგიკა, თუ გავიხსენებთ იმას, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ძალაუფლება პირველად ჩეჩნეთის მეორე ომით განიმტკიცა, შემდეგ ამას საქართველო მიაყოლა, მერე ყირიმი, სირია და დღემდე აგრძელებს. მისი ფილოსოფია მაჩო პრეზიდენტის იმიჯზეა აგებული, მილიტარიზებული სახელმწიფოს სადავეებით ხელში.
[რუსებისთვის] მეორე მსოფლიო ომი მარტო რუსეთმა მოიგო, სხვა ერებსა და ქვეყნებს ამაში არანაირი დამსახურება არ მიუძღვით. არც ლიეტუველებს ახსენებს ვინმე, არც ქართველებს, უკრაინელებს ხომ არა და არა.
რადიო თავისუფლება: როგორ გგონიათ, როგორია მისი ამ სამხედრო კამპანიის საბოლოო მიზნები?
ბაიარუნასი: 24 თებერვლის დილით, პუტინმა ერთობ მკაფიოდ ჩამოგვიყალიბა თავისი მიზნები: დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია და ა.შ. ახლა კი, ომის დაწყებიდან ორთვე-ნახევრის გასვლის შემდეგ, ეს მიზნები გაუჩინარდნენ, და დღეს პუტინი თავის გამოსვლებს იმის განსამარტად იყენებს, თუ რატომ. ცდილობს, საბაბები გამოძებნოს. მაგრამ ის მაინც ცხადია, რომ რუსეთი არ შეჩერდება, ის ომის გზიდან არ გადაუხვევს. სწორედ ამიტომ, დასავლეთიც ბოლომდე უნდა იდგეს უკრაინის გვერდში.
რადიო თავისუფლება: სწორედ დასავლეთის მხარდაჭერაზე მინდოდა მეკითხა ბოლოს - გრძელვადიან პერიოდში რამდენად უნდა გვქონდეს დასავლეთის სიმტკიცის იმედი?
ბაიარუნასი: როგორც აღვნიშნე, რაც უნდა გულდასაწყვეტი იყოს, ამ ომის ბედი ბრძოლის ველზე გადაწყდება და არა დიპლომატიური ძალისხმევით. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია სამი ფაქტორი:
პირველი, დასავლეთი თანმიმდევრული და განუხრელი უნდა იყოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხში. და კარგია, რომ დასავლური ქვეყნები ერთიმეორის მიყოლებით უგზავნიან სამხედრო დახმარებას უკრაინას. ვილნიუსის გადმოსახედიდან, ეს ადრევე უნდა მომხდარიყო, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
სანქციების, გაუარესებული ეკონომიკის, სამხედრო მარცხებისა და რუსეთში ტომრებით ჩატანილი ცხედრების ფონზე ხალხის უკმაყოფილებაც გაიზრდება.
მეორე: დასავლეთის ერთიანი და პრინციპული პოზიცია სანქციების საკითხის მიმართ გადამწყვეტ როლს ითამაშებს ამ კონფლიქტში. მოხარულები ვართ, რომ სანქციების პოლიტიკა თანმიმდევრულად ხორციელდება - მიუხედავად იმისა, რომ ახლა გარკვეული უთანხმოებების ეტაპი გვაქვს, მჯერა, რომ საბოლოოდ გამოსავალს ვიპოვით. როდესაც საქმე რუსულ ენერგიას შეეხება, ლიეტუვას შეუძლია არხეინად იყოს, რადგან ჩვენ არ ვართ რუსულ გაზზე ჩამოკიდებულები, ზოგი სხვა ქვეყნისთვის კი ალტერნატივის პოვნა საკმაოდ რთული და ბევრად უფრო ხანგრძლივი პროცესია. მაგრამ საგულისხმოა ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ქვეყანა ითხოვს სანქციების ამ კომპონენტის გადავადებას, პოლიტიკურად ამ თემის წინააღმდეგ არცერთი ქვეყანა აღარ გამოდის. აი, ამას მიაღწია პუტინმა, გაზის საკითხზეც კი - დიახ, შეიძლება ქვეყნებმა თქვან: ახლა ვერა, ერთ თვეში ან ერთ წელიწადში [ვიზამთ], მაგრამ საბოლოოდ ისინი მაინც უარს აცხადებენ რუსულ ენერგობაზარზე. რა თქმა უნდა, იარაღის მიწოდების საკითხის მსგავსად, ვილნიუსში ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი გუშინ უნდა გაგვეკეთებინა, იმის ნაცვლად რომ დღეს ვაკეთებდეთ, მაგრამ პუტინამდე მაინც მიდის სიგნალი, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ის უსმენს: სიგნალი, რომ ნატოსა და ევროკავშირში მისი ყველაზე ახლო მოკავშირეებიც კი თანხმდებიან, რომ ეს ნაბიჯი გადასადგმელია, რომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას უნდა დაემშვიდობონ.
და მესამე ელემენტი: პუტინის მიმართ რუსი საზოგადოების მხარდაჭერის ჩამოშლა. ეს ჯერ არ ხდება, მაგრამ სანქციების, გაუარესებული ეკონომიკის, სამხედრო მარცხებისა და რუსეთში ტომრებით ჩატანილი ცხედრების ფონზე საზოგადოების უკმაყოფილებაც გაიზრდება. დაუყოვნებლივ და უცებ არა, მაგრამ ეს მოხდება და ამიტომ დასავლეთმა სტრატეგიული მოთმინება უნდა გამოიჩინოს.