ევროვიზიის 2022 წლის კონკურსზე ორგანიზატორმა განაცხადა, რომ ქულებით მანიპულირების „უპრეცედენტო მასშტაბი“ გამოავლინა და 6 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ჟიურის ქულები გააუქმა. ფინალზე ქვეყნებიდან გაგზავნილი შედეგები „დაჯამებული ერთიანი ქულით“ ჩაანაცვლა და შეცვლილი ქულები გამოაცხადა.
სადავო ქულების მქონე ქვეყნები, მათ შორის საქართველო, ამბობენ, რომ კონკურსის ორგანიზატორების ბრალდებების საფუძველი არ არსებობს და საკითხს მხარეები იკვლევენ.
რა მოხდა ევროვიზიის ფინალში?
როდესაც ქართველი წამყვანი, ელენე კალანდაძე კონკურსის ფინალში პირდაპირი ჩართვისთვის ემზადებოდა, მოულოდნელად, მის ნაცვლად ეკრანზე ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენელი გამოჩნდა და გამოაცხადა: „საქართველოდან 12 ქულა დიდ ბრიტანეთს“. ამ გადაწყვეტილების გამო უკრაინას საქართველოსგან 12-დან მხოლოდ 6 ქულა ერგო.
„ელენე გამზადებული იდგა და ლაპარაკი რომ უნდა დაეწყო, ამ დროს გამოჩნდა სხვა ადამიანი, რომელმაც გამოაცხადა ქულა. არაფერი ვიცოდით, სრულიად მოულოდნელი იყო ის, რაც მოხდა. როგორც მაყურებელმა, ჩვენც პირდაპირ ეთერში ვნახეთ ყველაფერი, დავიწყეთ რეკვა, წერა აქეთ, იქით“, - იხსენებს ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ნათია მშვენიერაძე, რომელიც თავადაც ტურინში იყო ფინალზე.
შოუს დასრულებიდან მალევე, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ ჟიურის ქულები ფინალზე არასწორად გამოცხადდა და სინამდვილეში საქართველომ უკრაინას მაქსიმალური, 12 ქულა მიანიჭა.
საქართველოს ჟიურის გადაწყვეტილებამ, რომელიც ტურინში გამოცხადდა 15 მაისს, ევროვიზიის ფინალის დროს ბევრი ქართველი გულგატეხილი და გაბრაზებული დატოვა.
იგივე მოხდა რუმინეთის შემთხვევაშიც, რუმინელი წამყვანის ნაცვლად ქვეყნის ჟიურის ქულები მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენელმა, მარტის ოსტერდალმა გამოაცხადა. წამყვანს უთხრეს, რომ ის „კავშირის პრობლემების“ გამო ვერ ჩართეს.
ტვიტერში გავრცელდა ვიდეო, სადაც რუმინეთის წარმომადგენელი ბოლო წუთს იგებს, რომ "ტექნიკური სირთულეების გამო" არ რთავენ.
ის რაც მოხდა საქართველოსა და რუმინეთში, განმეორდა აზერბაიჯანის წარმომადგენლის ჩართვის დროსაც. მუსიკალური კონკურსის წამყვანმა, რომელიც ტურინში იყო, თქვა, რომ აზერბაიჯანთან კავშირი გაწყდა და მის ნაცვლად ქულა ისევ კონკურსის ორგანიზატორმა გამოაცხადა. საქართველოს მსგავსად, აზერბაიჯანისგანაც 12-ვე ქულა დიდ ბრიტანეთს გადაეცა.
რას ამბობს ევროვიზიის ორგანიზატორი?
ევროვიზიის ორგანიზატორმა (EBU) კონკურსის მეორე ნახევარფინალის შეფასების ეტაპზე ეჭვი შეიტანა ხმის მიცემის სამართლიანობასა და პატიოსნებაში. ექვსი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ჟიურიმ ერთმანეთს მაღალი ქულები წინასწარი შეთანხმებით დაუწერეს - ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება EBU-ს 19 მაისის განცხადებიდან. ორგანიზატორი ჟიურის წევრებს შორის ამ სავარაუდო გარიგებას „არარეგულარულ სქემას“ უწოდებს და წერს, რომ
„ჟიურის კენჭისყრის ასეთი მასშტაბის დარღვევა უპრეცედენტოა“.
EBU-ს განმარტებით, დარღვევა ფინალამდე, მეორე ნახევარფინალის შეფასების ეტაპზე მოხდა, თუმცა ამ შედეგების გაუქმებამ ფინალის ქულებიც შეცვალა.
მათივე წესების მიხედვით, თუ ქვეყანას არ ექნება ჟიურის ვალიდური ქულები, შემცვლელი შედეგი დადგინდება წინასწარ შერჩეული ქვეყნების ჯგუფის ჟიურის შედეგებით. კერძოდ, ეს გამოითვლება სხვა ქვეყნების შედეგების საფუძველზე, რომლებსაც აქვთ მსგავსი ხმის მიცემის ისტორია.
ევროვიზიის ორგანიზატორი დეტალურად აღწერს დარღვევის მექანიზმს, რომლის წყალობითაც ჟიურის წევრებმა ერთმანეთის ქვეყნები მოწინავე პოზიციებზე გაიყვანეს.
„მეორე ნახევარფინალში დაფიქსირდა, რომ 6 ქვეყნის ჟიურიდან, ოთხმა 5-ეულში შეიყვანა ერთმანეთი (მათ არ ჰქონდათ საშუალება, ხმა საკუთარი თავისთვის მიეცათ). ერთმა, თავის ექვსეულში, 5 ქვეყანა შეიყვანა. მეექვსემ კი, თავის შვიდეულში დასახელებული 5 ქვეყანა მოწინავე ადგილებზე გაანაწილა“, - წერს EBU განცხადებაში.
BBC-ის მუსიკის კორესპონდენტი მარკ სავაჟიც წერდა ტვიტერზე, რომ სწორედ „არარეგულარული კენჭისყრის“ გამო გამოაცხადა შედეგები მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენელმა აზერბაიჯანისა და საქართველოს ჟიურის ნაცვლად.
ევროპის მაუწყებელთა კავშირი ამ საკითხზე ცალკეული ქვეყნების მაუწყებლებთან ერთად მსჯელობს და აძლევს საშუალებას, გამოიძიონ ჟიურის ხმის მიცემის პროცედურა თავიანთ ქვეყნებში.
„აი, ვიკვლევთ მათი მხრიდან, ჩვენი მხრიდან, რა იყო მიზეზი, რა მოხდა და ა.შ. [...] ჩვენგან მოისმინეს ჩვენი აღშფოთება, მოსაზრება, თქვეს, რომ მოიკვლევენ ამ ყველაფერს და გვაცნობებენ. ველოდებით და ამის შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას“, - ამბობს ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ნათია მშვენიერაძე.
რას ამბობენ სხვა ქვეყნები?
ქართული დელეგაციის მსგავსად აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელი ისა მელიკოვი ირწმუნება, რომ ფინალის შედეგების გამოცხადებამდე, ჟიურის თითოეული წევრის ხელმოწერით, ნოტარიულად დამოწმებული ფურცლები გაუგზავნეს. ამ გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის ჟიური 12 ქულას უკრაინას აძლევდა და არა დიდ ბრიტანეთს (როგორც ეს ტურინში, ფინალზე გამოცხადდა).
ასევე ნახეთ რუსი ჰაკერები ეჭვმიტანილი არიან "ევროვიზიაზე" თავდასხმის მცდელობაში„საპასუხოდ, ორგანიზატორებმა აზერბაიჯანის ჟიურის წევრებს კენჭისყრის საკუთარი ვერსია გაუგზავნეს და მოითხოვეს ბეჭდის დადება და ხელმოწერა. ჩვენი ჟიურის კენჭისყრაზე გავლენის მოხდენის მცდელობის მიზეზები არ დასახელებულა“, - ჰყვება ის და ამატებს იმასაც, რომ ორგანიზატორებს დაუყოვნებლივ გაუგზავნეს საპროტესტო წერილი:
„იმ წერილში ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენი წარმომადგენელი ეთერში ჩვენი ჟიურის მიერ მიღებულ რეალურ ქულებს გამოაცხადებდა. მხოლოდ ამის შემდეგ გვითხრეს, რომ მეორე ნახევარფინალში კენჭისყრის შედეგები უცნაურად ეჩვენათ და ჩვენს ჟიურის ჩამოართვეს პროფესიული აზრის გამოთქმის უფლება, წინასწარ გაუფრთხილებლად.
როდესაც კონკურსის ორგანიზატორები მიხვდნენ, რომ ჩვენი ჟიური გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა, პირდაპირ ეთერში მოატყუეს მაყურებელი და განაცხადეს, რომ კომუნიკაციის პრობლემა იყო“.
მელიკოვმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ფინალის დღესვე ორგანიზაციას ახსნა-განმარტება მოსთხოვეს, თუ რატომ არ გაითვალისწინეს მათი ხმები. მელიკოვი ამბობს, რომ ორგანიზატორების პასუხზე იქნება დამოკიდებული, საერთოდ მიიღებს თუ არა აზერბაიჯანი მომავალში მონაწილეობას მუსიკალურ კონკურსში.
რუმინეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა იულიანა მარჩუკმა თქვა, რომ არ იცის, რატომ შეიცვალა მათი ჟიურის მიერ მინიჭებული ქულები და რატომ დაეწერა უკრაინას 12 ქულა, რომელიც რუმინულმა ჟიურიმ მოლდოვას მისცა. მარჩუკმა თქვა, რომ რუმინეთის ჟიურიმ ხმის მიცემისას ევროპის მაუწყებელთა კავშირის ყველა წესი დაიცვა.
მონტენეგროს ჟიურის 12 ხმა სერბეთს დაეწერა. მონტენეგროს მაუწყებელი RTCG აცხადებდა, რომ მათი ხმის მიცემის პროცედურა იყო რეგულარული და „ვერ ხედავენ რაიმე სახის დარღვევაზე ეჭვის საფუძველს“.
როგორ ავლენენ ევროვიზიის გამარჯვებულს?
ფინალამდე ერთი დღით ადრე მუსიკალური კონკურსის გენერალური რეპეტიცია იმართება, რომელსაც საერთაშორისო ჟიური უყურებს. ჟიური წერს ქულებს და უგზავნის ევროპის მაუწყებელთა კავშირს. ეს ქულები ცხადდება მეორე დღეს, ფინალური კონცერტის ბოლოს, რის შემდეგაც ჯამდება მაყურებლის ქულებთან.
უფრო კონკრეტულად: ბოლო გამომსვლელის შემდეგ, 40 ქვეყნის წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში ამბობს, ვის მიანიჭა მათი ქვეყნის ჟიურიმ უმაღლესი (12) ქულა, შედარებით დაბალი შეფასებები კი ნაწილდება სხვა ქვეყნებზე. 25 ფინალისტს ჯამში 40 ქვეყნის ეროვნული ჟიური აფასებს.
ამის შემდეგ რეიტინგით ყველაზე დაბალი ქულის მქონე ქვეყნიდან იწყებენ მაყურებელთა ხმების გამოცხადებას, რათა გამარჯვებული ყველაზე ბოლოს გახდეს ცნობილი.
მაყურებელი ზარით ან და სმს-ით ირჩევს ფავორიტს, მხარდამჭერთა რაოდენობას დამთვლელი კომპანია აჯამებს.
საბოლოო შედეგი დგება ეროვნული ჟიურისა და მაყურებელთა ხმების შეკრებით, 50/50-ზე. იმ შემთხვევაში, თუკი დარჩენილ ორ ფინალისტს თანაბარი ქულა ექნება, გამარჯვებულად ცხადდება ის, ვისაც მაყურებლის მეტი ქულა ექნება.
ვინ გაიმარჯვა ევროვიზიაზე 2022 წელს?
2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული საბოლოოდ უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra გახდა, სიმღერით - Stefania.
40 ქვეყნის ეროვნული ჟიურისა და მაყურებლების დაჯამებული ხმებით, უკრაინული ჯგუფის ბედი სწორედ მაყურებლის ხმებმა გადაწყვიტა და ჯამში ყველაზე მაღალი, 631 ქულა მიიღო.
ასევე ნახეთ უკრაინა "ევროვიზია 2022"-ის გამარჯვებულიააზერბაიჯანისა და საქართველოს შემთხვევაში, უკრაინას ჟიურისგან განსაზღვრული 12-12 ქულის ნაცვლად, ორგანიზატორის შეცვლილი 6-6 ქულა დაეწერა. რუმინეთისა და პოლონეთისგან, შეცვლის შედეგად, 12-12 ქულა მიიღო, სან მარინოსგან - 2, მონტენეგროსგან კი - 6 ქულა. შესაბამისად, რთულია იმის განსაზღვრა, იმოქმედა თუ არა განახლებულმა ქულებმა უკრაინის საბოლოო შედეგზე.