26 მაისის აღნიშვნაზე 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯება - სად რა იგეგმება?

26 მაისი, 2016 წელი

„საქართველო ევროპისკენ“ - ასეთია წელს დამოუკიდებლობის დღის კონცეფცია. პრემიერ-მინისტრის 4 მაისს გამოცემული განკარგულებით, საზეიმო ღონისძიებები - კონცერტები, გამოფენები და ბაზრობები, 26 მაისს, 15 ქალაქში გაიმართება. თბილისში ამას ჯარისკაცების ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია დაემატება.

საჯარო უწყებებს, სამინისტროებსა და ქალაქების მთავრობებს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტი აქვთ გამოყოფილი.

მიუხედავად იმისა, რომ 26 მაისი ყოველ წელს აღინიშნება, ეს თანხა მაინც დაჩქარებული წესით, გამარტივებული შესყიდვით შეძენილ მომსახურებასა და პროდუქტებში დაიხარჯება.

ვინ რამდენს, სად, როგორ და რისთვის დახარჯავს?

თბილისის მერია 740 000 ლარად რუსთაველის გამზირზე ინსტალაციებს, ფოტოგადაღების კუთხეებს, პავილიონებს, ბაზრობასა და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეებს მოაწყობს, ასევე ჩაატარებს საბავშვო კონცერტებს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 42 140 ლარად თბილისში აფრიანი გემის და შუქურას ინსტალაციებს მოაწყობს, მისი თანამშრომლები კი სპეციალურ კოსტიუმებში გამოეწყობიან და ბავშვებს საზღვაო კვანძების გაკეთებას ასწავლიან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 400 517 ლარად თბილისსა და ახალციხეში აპირებს დადგას ციფრული კუბები წყალქვეშა სამყაროს, გალაქტიკებისა და პლანეტების შესახებ. ასევე მოაწყობს არქეოლოგიურ კუთხეებს ბავშვებისთვის. კიდევ ერთ ციფრულ კუბს 123 310 ლარად განათავსებს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ი, განათლების საინფორმაციო სისტემა.

კუბი შესაძლოა იყოს ასეთი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ა (ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო 245 000 ლარად გორში მოაწყობს ადგილობრივი მეწარმეების გამოფენას/ბაზრობას, ღვინის დეგუსტაციის კუთხეს. 258 025 ლარი მოხმარდება თბილისში, რუსთაველის გამზირზე გარემოსდაცვით თემებზე საგანმანათლებლო სივრცეების შექმნასა და „მოსასვენებელი ეკოსივრცეების” მოწყობას - ეს საქმე დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაევალა.

VR-ის თემატური კუთხე, სადაც სტუმრებს შეეძლებათ დაათვალიერონ დაცული ტერიტორიები VR-ის სათვალეებით

ღვინის ეროვნული სააგენტო, 119 999 ლარად თბილისში ისტორიულ-საინფორმაციო კუთხეებს მოაწყობს. გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრი 173 955 ლარად საგანმანათლებლო სივრცეებს, საბავშვო გასართობ-შემეცნებით სახელოსნოს და მოსასვენებელ ეკოსივრცეს გააკეთებს თბილისში.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დროშებითა და ბანერებით უნდა მორთოს 14 მუნიციპალიტეტი (მესტია, თელავი, მცხეთა, ოზურგეთი, ახალციხე, ახალქალაქი, ამბროლაური, მარნეული, ფოთი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, ჭიათურა), ეს 271 880 ლარი ჯდება. 62 877 ლარს დახარჯავს ამ სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაცია, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო თბილისში საკუთარი საქმიანობის ამსახველი კუთხეების მოწყობაში. ზუგდიდის მთავარ მოედანზე ღონისძიებისთვის 433 245 ლარს ხარჯავს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. 404 549 ლარი აქვს გამოყოფილი რუსთავსა და ჭიათურაში ღონისძიებების ორგანიზებისთვის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ღონისძიებებს მესტიასა და თბილისში ჩაატარებს, რაშიც 527 095 ლარს დახარჯავს. ტურიზმის ადმინისტრაცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე 4 კონტეინერს დადგამს, სადაც სხვადასხვა ტურისტულ ადგილას ვირტუალური მოგზაურობა იქნება შესაძლებელი, მესტიაში კი მესტია სეტის სიახლოვეს აშენდება სცენა კონცერტისთვის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 26 მაისის ღონისძიებაზე 242 330 ლარის ღირებულების გამარტივებულ ტენდერს აცხადებს მცხეთაში ღონისძიებების გასამართად.

„მცხეთაში ჩამოსული ადამიანები, გაეცნობიან იმ ისტორიულ მოვლენებს, რომლებიც საქართველოს წლებია აკავშირებს ევროპასთან და ასევე გაეცნობიან იმ შედეგებს, რომელიც დღეს საქართველოს აქვს მიღწეული ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით”, - წერს უწყება სატენდერო დოკუმენტაციაში.

727 079 ლარს დახარჯავს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც თბილისსა და ქუთაისში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებაზეა პასუხისმგებელი. ქუთაისში სამინისტრო საქართველოს ევროპული იდენტობის წარმოსაჩენად შემეცნებით სივრცეებსა და პავილიონებს მოაწყობს, თბილისში კი განათავსებს ინსტალაციას „ევროპისკენ”. საგარეო უწყებამ უნდა აწარმოოს „შესაბამისი საინფორმაციო კამპანიაც” უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ოზურგეთში შემეცნებით/ისტორიულ პავილიონებსა და საბავშვო გასართობ კუთხეებზე 210 000 ლარს დახარჯავს.

74 982 ლარი უჯდება საქართველოს ფოსტას თბილისში „პოსტ ევროპის” სტენდის მოწყობა, სადაც საქართველოს მარკების ისტორია იქნება გამოფენილი.

26 მაისისთვის ფოთში ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულია და ინსტალაციის მოსაწყობად 49 102 ლარს დახარჯავს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა. 49 100 ლარად აწყობს ფოთშივე სცენას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია.

286 193 ლარი დაუჯდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამბროლაურში ღონისძიების გამართვა. აქ კონცერტს ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლები გამართავენ, ქალაქში კი ევროპის ქალაქების ამსახველი 3-განზომილებიანი ფოტობანერები განთავსდება.

26 მაისის ღონისძიებისთვის თანხები გამოყოფილი აქვთ სხვადასხვა ქალაქის მთავრობებსაც:

  • 15 000 ლარს დახარჯავს 26 მაისისთვის რუსთავის მერია, ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ მომსახურებაში, 11500 ლარს კი ჯგუფ Killages-ს. კონცერტების გარდა რუსთავში დაგეგმილია გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის, ასევე კანოეს მართვის ინსტრუქტაჟი დამწყებთათვის.
  • 60 000 ლარია გამოყოფილი 26 მაისის ღონისძიებებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან. 20 000 ლარი დამოუკიდებლობის დღისთვის აჭარის მთავრობამაც გამოყო.
  • 15 000 ლარს გადაუხდის გარდაბნის მერია „ღამის შოუს ბენდს“ და გიორგი გაბუნიას. გაბუნია ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ტელევიზიის, „იმედის“ ეთერში გასართობი შოუს ავტორი და წამყვანია. მისგან საკონცერტო მომსახურებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყება 2021 წლის ზაფხულში, პანდემიის მწვავე ტალღის დროსაც ყიდულობდა.
  • კონცერტის ჩასატარებლად 14 811 ლარად ქირაობს სენაკის მერია ჯგუფ „ერთ მეოთხედს (1/4)“. ამ ჯგუფის ხელმძღვანელია გიორგი არჩვაძე.
  • 3 750 ლარს გადაუხდის დმანისის მერია „კვარტეტ რანინას“ იმ პირობით, რომ შეასრულებენ „არაუმეტეს 20 და არანაკლებ 15 სიმღერას” დამოუკიდებლობის დღეს ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტზე.