პუტინის ახალი პიონერები

2022 წლის 19 მაისს, საბჭოთა პიონერული ორგანიზაციის დაბადების 100 წლისთავზე, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში შევიდა კანონპროექტი „სრულიად რუსეთის ახალგაზრდული მოძრაობის, „დიდი შესვენების“ შესახებ“, რომლის ავტორები არიან რუსეთის მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ წევრები, მათ შორის, 28 წლის დეპუტატი და „ერთიანი რუსეთის ახალგაზრდა გვარდიის“ ყოფილი აქტივისტი არტემ მეტელევი. საიუბილეო თარიღთან დამთხვევისა და რუსულ საზოგადოებაში მზარდი მილიტარიზმის გამო, გაჩნდა ბუნებრივი ეჭვი, რომ რუსეთის ხელისუფლება, რომელიც ისედაც საბჭოთა წარსულის განდიდებით არის დაკავებული, აპირებს ახალი პიონერული ორგანიზაციის შექმნას, რომლის სავარაუდო მიზანი ახალი თაობის მობილიზაცია და ახალგაზრდების ტოტალური კონტროლია.

პუტინი და პიონერები (კარიკატურა)

ნამდვილი და პუტინის პიონერები

საბჭოთა კავშირში პიონერებს ჰქონდათ თავიანთი ე.წ. კანონები და ფიცი, რომელთა დაცვა და დადება აუცილებელი იყო ორგანიზაციაში მისაღებად.

„მე, საბჭოთა კავშირის ნორჩი პიონერი, ჩემი ამხანაგების წინაშე საზეიმო დაპირებას ვიძლევი, რომ მხურვალედ მეყვარება ჩემი საბჭოთა სამშობლო, ვიცხოვრებ, ვისწავლი და ვიბრძოლებ ისე, როგორც გვიანდერძა დიდმა ლენინმა, როგორც გვასწავლის კომუნისტური პარტია“, - ასეთი იყო პიონერის ფიცი, რომლის ერთგულების სწავლებას ემსახურებოდნენ როგორც უფროსი ასაკის პიონერხელმძღვანელები, ასევე საზაფხულო პიონერბანაკები, სადაც ხდებოდა საფუძვლის ჩაყრა მომავალი საბჭოთა ადამიანის მისაღებად.

საბჭოთა კავშირის ნორჩ პიონერთა კანონები

რა მიზანი აქვს ე.წ. პუტინის პიონერულ ორგანიზაციას?

რუსეთის დუმაში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ახალი მოძრაობის მიზნებია:

  • ბავშვთა ინტერესებიდან გამომდინარე სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა
  • აღზრდა-განათლებასა და დასასვენებელ აქტივობებში მონაწილეობა
  • ტრადიციულ რუსულ სულიერებასა და მორალურ ღირებულებებზე დაფუძნებული მსოფლმხედველობის, სამშობლოს სიყვარულისა და პატივისცემის ჩამოყალიბება
  • დღევანდელი და მომავალი თაობების წინაშე პირადი პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავება როგორც საკუთარ, ასევე სამშობლოს ბედზე

იგულისხმება, რომ ახალი ორგანიზაციის წევრობა იქნება ნებაყოფლობითი, ხოლო მისი ფილიალები და განყოფილებები შეიქმნება მთელი რუსეთის მასშტაბით.

ორგანიზაციის წესდებით, „დიდ შესვენებაში“ მიიღება 6 წელზე უფროსი ასაკის ყველა სკოლის მოსწავლე, ასევე ტექნიკური სკოლებისა და კოლეჯების სტუდენტები, თუმცა ორგანიზაციაში იქნებიან სრულწლოვნებიც, რომლებიც „დამრიგებლის“ (რაზმის ხელმძღვანელის) როლს შეასრულებენ. გასაგები მიზეზების გამო, ამ სტატუსს ვერ მიიღებენ ე.წ. უცხოელი აგენტები და მათთან აფილირებული პირები. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შესთავაზებენ უხელმძღვანელოს რუსეთის ბავშვთა მოძრაობის სამეთვალყურეო საბჭოს.

პიონერი საპატიო ყარაულში პარტიზანებისა და საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლთან

„ახალი პიონერული ორგანიზაციის“ შექმნისას რუსეთის ხელისუფლება დაეყრდნობა სკოლის მოსწავლეთა მოძრაობისა და სხვადასხვა რეგიონული ორგანიზაციის გამოცდილებას მათი ფაქტობრივი გაერთიანების გზით. ახალი ორგანიზაციის ლიდერის პოსტზე ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება „როსმოლოდიოჟის“ (რუსეთის ახალგაზრდობის) ხელმძღვანელის მოადგილე დამირ ფატახოვი (თათრეთის ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი და მხიარულთა და საზრიანთა კლუბის (КВН) გუნდის „ოთხი თათრის“ ყოფილი წევრი).

ომის ბავშვები - პროპაგანდა ბაღებსა და სკოლებში

რუსეთის ქალაქების მოედნებსა და სკვერებში ისედაც სულ იგრძნობა მილიტარიზმის სულისკვეთება, ძეგლად ქცეული ტანკებისა თუ ქვემეხების გამო, თუმცა, 2022 წლის 24 თებერვლის ანუ უკრანაში შეჭრის შემდეგ, მილიტარიზმის მუხტმა წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია. ყველგან, რეალურ თუ ვირტუალურ სივრცეში ჩანს ომის სიმბოლო Z და ყველგან გაისმის ლოზუნგი, „ჩვენ ამის [ომში გამარჯვების] გამეორება შეგვიძლია“, თუმცა როგორც რუსი ბლოგერი, ილია ვარლამოვი ამბობს თავის ერთ-ერთ ბოლო გადაცემაში, ზრდასრულ ადამიანს, ასე თუ ისე, შეუძლია თავი დაიცავს პროპაგანდისგან, მაგრამ რა გააკეთონ ბავშვებმა, რომლებსაც ბაღის ასაკიდან და დაწყებითი კლასებიდან ამზადებენ მტრის განადგურებისთვის?

ილია ვარლამოვი

„მილიტარიზმი მათაც ეხებათ. სკოლებში სპეციალური გაკვეთილები უტარდებათ, სადაც გამართლებულია რუსეთის ქმედება უკრაინაში. საბავშვო ბაღებში ბავშვებს სამხედრო ფორმებს აცმევენ და პატრიოტულ თამაშებს ასწავლიან. სამხედრო აღლუმებს აწყობენ. ფაქტობრივად ჩნდებიან ახალი „ომის ბავშვები“, მაგრამ მათ ბავშვობას ართმევს არა მტრის ჯარი, არამედ თავიანთი ქვეყნის სახელმწიფო პროპაგანდა“, - ამბობს ილია ვარლამოვი.

უკრაინაში შეჭრისთანავე რუსეთის სკოლებში დაიგზავნა მეთოდური მითითება, რომლის მიხედვითაც სკოლის მოსწავლეებს აუხსნეს, რომ:

  • უკრაინა არ არსებობდა XX საუკუნემდე
  • უკრაინელები ვერ იტანენ რუსებს
  • დონეცკს, ხარკოვსა და ოდესას არაფერი აქვს საერთო უკრაინასთან
  • 2014 წელს უკრაინაში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში მოვიდნენ აშშ-ის მარიონეტები
  • 8 წლის განმავლობაში უკრაინა ტანჯავდა დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობას
  • ომი დაიწყო ნატოსა და უკრაინის მხრიდან მომავალი ბირთვული საფრთხის გამო


3 მარტს რუსეთის განათლების სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ღია გაკვეთილიც კი მიუძღვნა უკრაინაში მიმდინარე ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას. სკოლის მოსწავლეებს აწერინებენ წერილებს უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცებისთვის.

„პუტინის დროს დაბრუნდა პატრიოტული აღზრდა, რომელიც დაკავებულია ხელისუფლებისთვის სასარგებლო ისეთი მოქალაქეების აღზრდით, რომლებიც დაიჯერებენ ყველაფერს, რასაც სახელმწიფო ეტყვის და გააკეთებენ იმას, რასაც სახელმწიფო დაავალებს. მშობლებიც კი, სამხედრო ფორმებში გამოწყობილ თავიანთ შვილებს მილიტარისტულ აქსესუარებად იყენებენ აღლუმებსა თუ პატრიოტულ მსვლელობებში. სკოლამდელი ასაკიდან ეუბნებიან ბავშვებს არა იმას, რომ ომი დაუშვებელია, არამედ იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია იგივე [ომში გამარჯვება] გავიმეოროთო. უქმნიან მტრის ხატს, რომ მუდმივად საფრთხეში იმყოფებიან, რომ გარშემო ყველა მათი მტერია და ა.შ. წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნება ასეთი ბავშვის ფსიქიკა, თუმცა ყველაფერი მარტო ფლეშმობებითა და გაკვეთილებით არ შემოიფარგლება, არსებობს იუნარმია (საყმაწვილო არმია), სადაც 8 წლიდან მიიღებიან ბავშვები, რომლებსაც ასწავლიან, რომ ომი და ძალადობა ნორმაა. ომისა და ძალადობის პროპაგანდა ყოველთვის ცუდია, მაგრამ პროპაგანდა ბავშვებში, ორჯერ უარესია“, - ამბობენ ილია ვარლამოვი და მისი რესპონდენტები.​

ახალგაზრდობის კონტროლი

რუსი პოლიტოლოგი ფიოდორ კრაშენინიკოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის მთავრობის მორიგი პროექტი განწირულია მარცხისთვის, რადგან ყველაფერი, რასაც რუსეთის ხელისუფლება აკეთებს, მთავრდება ფულის მოპარვით, მოჩვენებითობითა და კრახით.

„პიონერული ორგანიზაციის აღორძინება შეუძლებელია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის იყო კომუნისტური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია და ეწეოდა სკოლის მოსწავლეების ინდოქტრინაციას. როგორ შეიძლება ამის აღორძინება თანამედროვე რუსეთში, სადაც არ არსებობს არც კომუნისტური იდეოლოგია და არც მკაფიოდ ჩამოყალიბებული რამე სხვა იდეოლოგია, სრულიად გაუგებარია. ამიტომ, ამ სიტყვის საბჭოთა გაგებით პიონერის რაიმე აღორძინებაზე საუბარიც კი ზედმეტია. ეს იქნება რაღაც სრულიად ახალი, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი ექნება საერთო პიონერიასთან, გარდა, ალბათ, დაარსების თარიღისა“, - ამბობს ფიოდორ კრაშენინიკოვი.

ფიოდორ კრაშენინიკოვი.

მაინც რა იდეოლოგიის შეთავაზება შეუძლია რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას ახალგაზრდებისთვის? რა შეიძლება გახდეს სკოლის მოსწავლეების გაერთიანების საფუძველი?

რუსი პოლიტოლოგის თქმით, ახალი ორგანიზაციის მთავარი მიზანი ახალგაზრდების კონტროლია. რუსეთის მთავრობა დაკავებულია მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფზე კონტროლის გაზრდით, ახალგაზრდების დამოკიდებულება კი მას განსაკუთრებით აღელვებს. სკოლის მოსწავლეებს გააკონტროლებენ არა მხოლოდ კლასებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების, არამედ ამ ე.წ. ახალგაზრდული, ფაქტობრივად კი პოლიტიკური ორგანიზაციის ხაზითაც:


„რუსეთის ხელმძღვანელობაში მსხდომ ძველებს ახსოვთ, რომ პიონერია და კომკავშირი მეთვალყურეობდნენ ახალგაზრდებს, რომლებისთვისაც იგონებდნენ ყველანაირ აქტივობას, რათა უკეთესად ეკონტროლებინათ ისინი. ყურადღებას აქვევდნენ იმას, რომ ახალგაზრდებს რაც შეიძლება ნაკლები უკონტროლო, თავისუფალი დრო ჰქონოდათ. ვფიქრობ, ეს არის მთელი ამ ახალი მოძრაობის ერთადერთი აზრი. ეს იქნება, ფაქტობრივად, საპოლიციო ორგანიზაცია, რომელიც მეთვალყურეობას და ზეწოლას გაუწევს ახალგაზრდებს, დაგეშავს მათ ახალგაზრდების იმ ნაწილზე, რომელიც წინააღმდეგობის გაწევას შეეცდება. ეს იქნება ახალგაზრდა კონფორმისტებისა და ლოიალისტების ერთგვარი სამჭედლო, იდეოლოგია კი მარტივი იქნება: პრეზიდენტ პუტინისა და მისი მთავრობის ერთგულება, მზადყოფნა უმტრო ყველას, ვინც პუტინის წინააღმდეგია - ანუ რასაც ახლა ჩვეულებრივ პატრიოტიზმს უწოდებენ. აი, სულ ეს არის მთელი იდეოლოგია“.

ფიოდორ კრაშენინიკოვი ვერ იხსენებს თანამედროვე რუსეთში პროსამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციების შექმნის წარმატებულ მაგალითებს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ და ბავშვები

„შექმნეს იუნარმია და სად არის ის? - კითხულობს იგი, - ეს არის ერთგვარი აბსოლუტურად თაღლითური ორგანიზაცია, სადაც შეიქმნა რამდენიმე სანიმუშო-საჩვენებელი რაზმი, რომლებსაც ყველგან აჩვენებენ უნიფორმაში გამოწყობილებს, ყველა დანარჩენი კი თვალით არავის უნახავს. აქაც ასე იქნება, ცხადია. თუ ვიმსჯელებთ იმით, რაც წავიკითხე, მისი სახელია "დიდი შესვენება". საერთოდ რას ჰგავს ეს? აშკარაა, რომ ფულის მოტეხვის მორიგი პროექტი იქნება. შექმნიან ამ ორგანიზაციის სრულიად რუსეთის შტაბს, გახსნიან ოფისს მოსკოვში, მოაწყობენ მასში და რეგიონულ შტაბებში მუქთამჭამელების არმიებს. გადადით იუნარმიის ვებსაიტზე და ნახეთ, რა რაოდენობით პარაზიტებია იქ დასაქმებული. თაღლითობის და ახალგაზრდების ტვინში შეძრომის, დიდი ალბათობით, წარუმატებელი მცდელობა იქნება, რადგან პუტინს წარმატებით არასდროს არაფერი არ დაუმთავრებია“.

„უნდათ მიითვისონ ჩვენი შვილები“

ფსიქოლოგი ოლგა მახოვსკაია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ შემთხვევით არ გადაწყვიტა ახალი ახალგაზრდული ორგანიზაციის შექმნა უკრაინასთან ომის დროს.

ოლგა მახოვსკაია

„ამ გზით ისინი ცდილობენ გააერთიანონ ახალგაზრდობა ფიქტიური, გამოგონილი მტრის წინაშე, - ამბობს ფსიქოლოგი, - ზოგადად, ამ მოძრაობის შექმნა საყოველთაო მობილიზაციის კიდევ ერთი ვარიანტია. როდესაც 8 წლის წინ ყირიმის ამბავი დაიწყო, წვევამდელები, რომლებიც ახლა იხოცებიან უკრაინაში, სულ რაღაც 10 წლის იყვნენ და პიონერთა რიგებში შესვლაც ახლა მოუწევდათ. ვფიქრობ, ამ ახალგაზრდებს ამზადებენ იმისთვის, რომ მათ გაიარონ ინიციაცია და სამუდამოდ მოიწამლონ ომით. ვფიქრობ, მთავრობას მხოლოდ მოსახლეობის მობილიზაციის მექანიზმი აწუხებს. რადგან ომი ძალიან გრძელი ამბავია, ისინი ახალი თაობის ჯარისკაცებს ამზადებენ. ვფიქრობ, ეს არის ხელისუფლების მთავარი ინტერესი. მშვენიერი მომავლის კომუნისტური იდეა, რომელსაც საბჭოთა ფორმატის პიონერებს ჰპირდებოდნენ, აღარ არსებობს, ხოლო ლოზუნგი "იყავ მზად" საკმაოდ თანამედროვედ ჟღერს. რა თქმა უნდა, მზად უნდა იყოთ სახელმწიფოსთვის სიცოცხლის გასაწირად. რადგან მომავლის არანაირი პროექტი არ გამოჩნდა. აღმოჩნდა, რომ ჩვენი მომავალი - ომი, ნგრევა და სიკვდილია. სხვა მიზანს ვერ ვხედავ“.

რუსეთის "სკოლამდელი ჯარი"


ოლგა მახოვსკაია ფიქრობს, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ინიცირებულ პროექტს ბევრი უკმაყოფილო მოქალაქე გამოუჩნდება:

„ვიღაც აუცილებლად შეეცდება ისეთ სკოლებში გადასვლას, სადაც ამგვარი იდეოლოგიური გავლენა არ იქნება, რადგან ეს ართულებს ბავშვების აღზრდას. ჩნდება კონკურენტი სახელმწიფოს სახით, ანუ სახელმწიფოს უნდა, როგორმე მიითვისოს ჩვენი შვილები. და ვფიქრობ, რომ ეს მცდელობები წინააღმდეგობას გამოიწვევს. რაღაც მსგავსი უკვე ვნახეთ კიდეც - ხალხის ნაწილს უბრალოდ ქვეყნიდან გაჰყავს თავისი შვილები. ვფიქრობ, ასეთი ინიციატივა, რა თქმა უნდა, მოსახლეობის ნაწილს დააფრთხობს“.

ხელახლა გასაბჭოება და უღიმღამო მძ...ერი

პიონერული ორგანიზაციის ასი წლისთავზე პოეტმა და პუბლიცისტმა ლევ რუბინშტეინმა გაიხსენა სკოლის წლები და თქვა, რომ მაშინაც კი ბავშვები გრძნობდნენ თავსმოხვეული იდეოლოგიის სიყალბეს.

ლევ რუბინშტეინი


„ნაკლებად სავარაუდოა, რომ დღევანდელი მთავრობა შეძლებს ტვინი აურიოს ახალგაზრდების იმ ნაწილს, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს ინტერნეტში ატარებს, - ამბობს პოეტი, - რა თქმა უნდა, ამაში დიდ ფულს დახარჯავენ, მაგრამ, როგორც ხალხში იტყოდნენ, ეს იქნება უღიმღამო მძ...ერი, სხვა უბრალოდ არაფერი გამოუვათ. ფულის ნახევარს მოიპარავენ, რადგან ფული მათთვის ყველაფერია და მაყუთი, როგორც მოგეხსენებათ, ბოროტებაზე იმარჯვებს, თუმცა ასევე შობს ბოროტებასაც. ეს ახალი მოძრაობა კიდევ ერთი შტრიხია იმ იდიოტიზმისა, რომელიც ახლა მიმდინარეობს სახელმწიფო პროპაგანდის ველზე. არაფერი გამოუვათ, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. რატომ აკეთებენ ამას, გასაგებია. ისინი ახორციელებენ სრულიად გიჟურ ხელახალ გასაბჭოებას, ყველა მისი გამოვლინებით - პიონერიით, კომკავშირით და სხვა ნაგვით. რა თქმა უნდა, აცოცხლებენ ძველს, რადგან ახლის მოფიქრება არ შეუძლიათ. სხვა რა უნდა მოიფიქრონ, გარდა იუნარმიისა და ამ რაღაცისა?“


ლევ რუბინშტეინს, როგორც თვითონ ამბობს, კარგად ახსოვს პიონერთა რიგებში შესვლით გამოწვეული ჯერ ღელვა და შემდეგ იმედგაცრუება.

„დაახლოებით 1955-56 წლები იყო, მგონი მესამე კლასში ვსწავლობდი. მახსოვს, როგორ ვღელავდი წინა დღეს, ღამე არ მეძინა, როგორ მეშინოდა ფიცის ტექსტის დავიწყების: „მე, საბჭოთა კავშირის ნორჩი პიონერი, საზეიმოდ ვპირდები ჩემს ამხანაგებს..." - და ასე შემდეგ. გავხდი პიონერი, მაგრამ ძალიან მალე, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, ყველა ჩვენგანს, ახალბედა პიონერებს, ცოტა გვრცხვენოდა ჩვენი ყელსახვევების გამო და დავიწყეთ მათზე ხუმრობა. მახსოვს, სკოლიდან გამოსვლისას როგორ ვიხსნიდით გაბრაზებულები, როგორ ვიტენიდით რაც შეიძლება ღრმად ჯიბეებში და როგორ მივდიოდით ჩვენ-ჩვენს საქმეებზე. ეს ახალი ორგანიზაციაც ასეთივე მკვდრადშობილი რამე იქნება. არც მაშინ იყო დიდი რაღაცა, მაგრამ ახლა უბრალოდ კომედიაა. ფარსი მეორდება კლოუნადის სახით, - ამბობს პოეტი და პუბლიცისტი ლევ რუბინშტეინი.