თანამედროვე საბავშვო ავტორების მცდელობა, ბავშვებს არა პათეტიკური, არამედ სახალისო და ბავშვური ლექსები დაუწერონ, ხშირად აგრესიულ წინააღმდეგობას აწყდება. ავტორები ამბობენ, რომ ბევრი მშობელი უბრალოდ ვერ იგებს, ლექსში რა წერია.
„ქისა, ქისა, ბარაქისა,
თქმა ვინ იცის არაკისა?
ცაში გალობს კურდღელი,
ხოჭოს ადგას უღელი.
ხეზე დახტის იხვი,
ნიჩბებს უსვამს ციყვი.
წიგნს კითხულობს კალმახი,
არ სჭირდება კარნახი!“
ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე წონიანი ავტორის, მაყვალა მრევლიშვილის (1909-1992) ეს ლექსი სოციალურ ქსელებში ცხარე კამათის საგანი პერიოდულად ხდება.
„უფრო უკეთესი საბავშვო ლექსების ავტორები ვიცი და კიდევ კარგი, სკოლაში ქალბატონი მაყვალას ლექსებს არ მასწავლიდნენ“.
„კურდღლები რომ გალობენ ცაში, ესე იგი ჩიტები მიწაზე სტაფილოს მიირთმევენ, ჰმმ?“
მშობლების ნაწილს ავიწყდება, რომ საბავშვო ლიტერატურა ზოგადად ზღაპრულ, გამოგონილ ამბებზე იგება და საკუთარ, კონსპირაციულ თეორიებსაც აგებს: „ბევრი ფული მოკეცეს და მაგიტომ მოსწონთ მაყვალას მოგონილი უაზრო ზღაპრები“.
მაყვალა მრევლიშვილის ლექსებზე „დილა მშვიდობისა“, „საწყალი კურდღელი“, „ჩიტო-ჩიტო“, „შენ გიგალობ პატარავ“, თაობებია გაზრდილი, მაგრამ...
„ჯერ ხომ არ იცოდნენ, მაყვალა მრევლიშვილი ვინ იყო. ჩადეს მიწაში, ამოიღეს, თათხეს, აგინეს. ვიღაც ქალი მოითხოვდა, გამოვიდეს და პასუხი გაგვცესო. ძალიან მომეშალა ნერვები და ორი კვირა როგორც სამსახურში ისე ვიმუშავე. ბმულიდან ბმულზე გადავდიოდი და ათასობით კომენტარში მაყვალა მრევლიშვილის ბიოგრაფიას ვდებდი. ვიღაცებმა მერე მართლაც წაშალეს თავისი კომენტარები“, - იხსენებს საბავშვო მწერალი ირმა მალაციძე.
თანამედროვე საბავშვო ავტორები ამბობენ, რომ საქართველოში საზოგადოების გარკვეული ნაწილი საერთოდ ვერ აღიქვამს საბავშვო პოეზიას, რის გამოც პერიოდულად ცალკე ლექსს „აკრიტიკებენ“, ცალკე - ავტორს. კომენტარები ძირითადად ასეთია: „ეს რას ხედავს ჩემი თვალები, რა უნდა ისწავლონ ჩემმა შვილებმა, ჩემს დროს რომ იყო, ის სახელმძღვანელოები რა იქნა?“; „კაიფში ხომ არ იყო ამის დამწერი?“; „იასნია, ძმაო, მომავალი თაობების განვითარება ვის ადარდებს“....
ირმა მალაციძის დაკვირვებით, ლანძღვა მაშინ იწყება, როდესაც ვინმე ლექსს სოციალურ ქსელში, ძირითადად ფეისბუკზე გააზიარებს.
„თან მშობლებს ჰგონიათ, რომ ეს ლექსი აუცილებლად სახელმძღვანელოშია შეტანილი. იწყება ავტორის ლანძღა, სამინისტროს ლანძღვა, ყველას ლანძღვა. აი, რას ასწავლიან ჩვენს შვილებს... მოკლედ, საშინელ ტექსტებს წერენ. თან ერთი და ორი კი არა, ათასობით არიან“.
გამომცემლობა „დიოგენეს“ ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე ამბობს, რომ ქართული საზოგადოება დღემდე იმ საბავშვო წიგნებს ანიჭებს უპირატესობას, რომელიც წლების წინ იბეჭდებოდა. მართალია, საბავშვო მწერლობა მას შემდეგ შეიცვალა, განვითარდა, მაგრამ მშობლებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ საბავშვო ლიტერატურა შეიძლება მათი ბავშვობის წიგნებზე ბევრად მრავალფეროვანი იყოს. მისი თქმით, ზოგადად, მშობელი ნაკლებად იღებს იმას, რაც ცოტათი მაინც განსხვავებულია, რაც შესაძლებელია ბავშვის კრიტიკულ აზროვნებას აღვივებდეს.
„კიდევ ერთი ტალღა მარიამ წიკლაურის ლექსზე აგორდა. ილანძღებოდნენ ფრაზაზე „ფისი მინდა“. იქ ასეთი სიუჟეტია, დევი ბავშვებს ანბანს წაართმევს. ორი ბავშვი ამ ანბანის მოსაძებნად წავა. ყველა ასოზე პატარა, ბავშვური ლექსი იყო დაწერილი. „ფარ“-ზე მოყვანილ ლექსში პერსონაჟი ამბობდა, ფისი მინდაო. ყველა ბავშვმა იცის ეს „ფისი მინდა“. რატომ არ შეიძლება, მათ თავიანთ ენაზე ველაპარაკოთ? ჩათვალეს, რომ მეობა წაართვეს ქართველებს, - ამბობს ირმა მალაციძე, - კიდევ ვასო გულეური ჩადეს მიწაში, ლექსში დღემურა რომ ახსენა. ეს სიტყვების თამაშია, ძალიან სასარგებლო, ბავშვის სმენას, აზროვნებას ავითარებს... აი, რას ერჩოდნენ დღემურას?
Your browser doesn’t support HTML5
საბავშვო ლექსების ავტორმა ვასო გულეურმა ამ შემოტევებს სეზონური გრიპი უწოდა, ამბობს, რომ თავდამსხმელები ძირითადად სასწავლო წლის დასაწყისში აქტიურდებიან.
„ეს ამბავი დაიწყო რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჩემი ლექსი სახელმძღვანელოში შევიდა. მას შემდეგ პერიოდულად მეორდება. მე ამას სახელმძღვანელოებს შორის დაპირისპირებას ვუკავშირებ. თავიდან გაოცებული დავრჩი, ვერ ვხვდებოდი, რა უნდოდათ ან ჩემგან, ან ლექსისგან. წერდნენ: „ამის დამწერი ფეხებით უნდა ჩამოვკიდოთ“, „თვალები დავთხაროთ“, „ამათი ღამურა...“ მათ შორის ცნობადი სახეებიც იყვნენ. ელდა იყო ჩემთვის. მერე მივხვდი, რომ არ შეიძლება ამაზე ნერვიულობა. ნუთუ ამ ხალხს ან „საბრალო დედაბრისასა“ არ წაუკითხავს, ან „კურდღლის სიზმარი“, ან „სანთლის გუთანს გავაკეთებ“. მაშინ თაგვმა ყანა როგორ უნდა მომკას, ან „ზღვაში ვხნავ და ზღვაში ვთესავ“ რაღა არის?“ - ამბობს ვასო გულეური.
კიდევ ერთი ლექსი, რომელსაც სოციალურმა ქსელმა „გადაუარა“, პაატა პაპავასა და ლელა ქისტაურის „ორი ღორი“ იყო. ორივე ავტორი განათლების სფეროს სპეციალისტია და ლექსიც USAID-ის პროექტის ფარგლებში დაიწერა, როგორც დამხმარე რესურსი ბავშვებისთვის. ლექსში ღორების ოჯახზეა საუბარი, სადაც დედა ღორი და მამა ღორი შეხმატკბილებულად ცხოვრობენ. აქ მშობლებს სწორედ ის არ მოეწონათ, რომ პერსონაჟები ღორები იყვნენ.
Your browser doesn’t support HTML5
ირმა მალაციძე ჰყვება შემთხვევას, როდესაც სკოლაში ბავშვებთან შეხვედრისას მასწავლებელს არ მოეწონა მისი ლექსის პერსონაჟი - მგელი დახეული ჯინსით.
„გუშინ ჩვენი მგელუკა
ცამეტი წლის შესრულდა,
ელოდება საჩუქარს,
საჩუქრად კი რა უნდა?!
დახეული!
გაცვეთილი!
გახეხილი!
ძველი ჯინსი!
ბრაზობს ძლიერ მამა მგელი:
- გამიგია ყველაფერი!
მაგრამ ასე შემოსილი,
ჩვენი გვარი, ჩვენი ჯიში?!
აქეთ ბრაზობს დედა მგელი:
- მომიკალი, შვილო, გული,
სად გინახავს მგელი ჯინსით,
ჯინსით, თანაც დახეულით?!
მგელუკას კი გაგონება
არ სურს სხვა არაფრის, არა!
- ანტილოპას რომ აცვია,
მინდა ჯინსი იმისთანა!
ბებიამ თქვა: - რატომ გიკვირთ?
დაგავიწყდათ თქვენი თავი?
თქვენ არ გეცვათ ამ ასაკში
ტანსაცმელი ამდაგვარი?
გაილურსნენ დედა, მამა:
- არ ვიყავით ამის ღირსნი!
და მგელუკას მოუტანეს
დახეული, ძველი ჯინსი!!!“
მწერალ თამრი ფხაკაძეს კი, პირიქით, ლექსი „არქაული“ სიტყვების გამო დაუწუნეს. მისი ლექსიც ანბანის პრინციპზე იყო აგებული, მაგალითად, „ან“-ზე ასეთი სტროფი ეწერა:
„ანანურის ციხე-კოშკთან არაგვს ჩამოუდენია,
ანანო და ანანია ასკილს კრეფენ უთენია.
ალიონზე არე-მარეს ასე არსად ულხენია“.
„კიდევ „ქარვისფერი“, ვენახი“, „ვაზი“... ეს სიტყვები მქონდა ნახსენები და ცოტა არქაული, სოფლური, მივიწყებულიაო, ბავშვმა როგორ უნდა ისწავლოსო. ასე თუ დავივიწყეთ ყველა სიტყვა და მარტო ტიკ-ტოკი დავიტოვეთ, გაქრება ენა“, - წუხს თამრი ფხაკაძე.
პირველკლასელი ანა ჭუმბურიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სკოლაში რა ლექსებსაც ასწავლიან, არცერთის გაგება არ უჭირს: „ხალხული ლექსი მახსოვს: „მზე დედაა ჩემი, მთვარე მამაჩემი“... კიდევ ვიცი: „კამეჩი წევს და იცოხნის“... - ამბობს ანა.
თუმცა, საბავშვო მწერლები ფიქრობენ, რომ ლექსაც გააჩნია და მოსწავლის შესაძლებლობებსაც, და რომ დღეს ბავშვს არ მიეწოდება ის ლიტერატურა, რომელიც მისთვის საინტერესო, გასაგები და სასწავლად სახალისო იქნებოდა.
„არ შეძლება, 5 წლის პატარას ბაღში დააზუთხინო ლექსი „ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა“... შინაარსი არ ესმის, სიტყვები არ ესმის, უბრალოდ იზუთხავს და ეგაა. ვერ ვითარდება ბავშვი“, - ამბობს ირმა მალაციძე.
ნატალია სიხარულიძის უცროსი შვილი მეექვსე კლასშია. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ნატალია ამბობს, რომ ბავშვებს უჭირთ ლექსების დაზეპირება.
„ჩემს შვილსაც და სხვა მოსწავლეებსაც უთქვამთ, რომ „ვეფხისტყაოსანი“ დაწყებითი კლასებისთვის რთულია. მართალია, ეს გონების გავარჯიშებას, ზეპირობის უნარის გავითარებას უწყობს ხელს, მაგრამ ბავშვებისთვის მაინც უფრო იოლი ლექსები უნდა იყოს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ სთხოვენ ამას სკოლაში, საბედნიეროდ, ჩემს შვილს მასწავლებელში გაუმართლა. ამას წინათ რამდენიმე საათი მოანდომა ლექსის სწავლას და მეორე დღეს რომ უთხრა, მაინც ვერ ვისწავლეო, მასწავლებელმა შინაარსი გამოკითხა და ჩაუთვალა. დღეს კარგი მასწავლებელი ზეპირად სწავლას უკვე აღარ ითხოვს, რადგან ზოგს ეს ძალიან უადვილდება, ზოგს - პირიქით“.
შესაბამისი პირობების არარსებობის გამო, ბავშვების განათლება საქართველოში წლებია გამოწვევად რჩება. „იუნისეფის“ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ მოსწავლეთა ცოდნის შეფასების საერთაშორისო კვლევებში ქართველი მოსწავლეების მაჩვენებელი სასურველზე დაბალია.15 წლის მოსწავლეთა დაახლოებით ორი მესამედი ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს წაკითხულის გააზრების, საბუნებისმეტყველო საგნებისა და მათემატიკის ცოდნის თვალსაზრისით.