ბელარუსს დროებით გააუქმებენ სანქციებს, თუ მინსკი თავისი ტერიტორიის გავლით უკრაინის ხორბლის ევროკავშირში გადატვირთვის ნებართვას გასცემს.
საქმე ეხება ბელარუსის ფირმებს, რომლებიც აწარმოებენ კალიუმის სასუქს.
ინფორმაცია გაავრცელა The Wall Street Journal-მა, წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის თანახმად, ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ სანქციების გაუქმება შეიძლება ნახევარი წლით. ამის სანაცვლოდ, ბელარუსის რკინიგზის გავლით, უკრაინის ხორბალს გაიტანენ ლიეტუვის ნავსადგურ კლაიპედამდე.
აშშ-მა ბელარუსის კომპანიებს მათი წარმოებული სასუქის ექსპორტზე შეზღუდვა დაუწესა მიგრანტების გარშემო კრიზისის და ოპოზიციის მიმართ დევნის გამო.
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში, თავის მხრივ, ასევე ცდილობს შეთანხმებას უკრაინის პორტებიდან ხორბლის გასატანად საზღვაო დერეფნის შესაქმნელად და უკვე შეხვდა რუსეთის, თურქეთის და უკრაინის წარმომადგენლებს. ეს ვარიანტიც ბელარუსის და რუსეთის სასუქის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნას გულისხმობს.
უკრაინა ხორბლის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია. უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ აღარ შეუძლია ხორბლის გატანა, რადგან რუსეთს დაბლოკილი აქვს შავი ზღვის ნავსადგურები. რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს და უკრაინას აბრალებს ხომალდების ბლოკირებას.
აშშ-ის შეფასებით, უკრაინას ახლა დაუგროვდა 20 მილიონი ტონა ხორბალი, რომელიც მსოფლიო ბაზრისთვისაა განკუთვნილი. უკრაინიდან ხორბლის მიწოდების შეზღუდვის კომპენსირება სურდა ინდოეთს, მაგრამ, ჩანს, ეს ვერ განხორციელდება, რადგან იქ ანომალიური სიცხეა და სურსათზე დეფიციტი გაჩნდა. შედეგად, დელიმ ხორბლის ექსპორტი აკრძალა.