"ვინმე აღიქვამს მათ სერიოზულად? სევდიანია ამის ყურება", - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ევროპარლამენტარები ანა ფოტიგა და ვიოლა ფონ კრამონი "ანტიევროკავშირები" არიან.
„ვიოლა ფონ კრამონზე საერთოდ არ შეიძლება სერიოზული განცხადების გაკეთება და ბევრი მიზეზი მაქვს. მათ შორის, პიროვნული ფაქტორების გამო“, - თქვა ირაკლი კობახიძემ 19 მაისს. ის, თანაგუნდელების მსგავსად, უკმაყოფილოა დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის გამო.
დასავლეთის კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ განახლდა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ, რაც პოლიტიკური მართლმსაჯულების მაგალითად და განსხვავებული ხმის ჩახშობის მცდელობად შეფასდა როგორც უფლებადამცველი ორგანიზაციების, ასევე პოლიტიკოსების მხრიდან.
„სად არის უკუსვლა? უკუსვლა არის აღქმებში. ამ აღქმებს აყალიბებენ აქ „ნაცმოძრაობა“, იქ - ფონ კრამონები, ფოტიგები და ა.შ. ეს არის, სინამდვილეში, ერთი პატარა რაღაც ჯგუფი. სინამდვილეში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც ვთქვი, მათ შორის, ბრიფინგზე, რომ ზუსტად ესენი არიან ანტიევროკავშირი. ასეთი ადამიანები, რომლებიც მუდმივად უსამართლობისკენ უბიძგებენ სისტემას, არიან თავისი არსით ანტიევროკავშირი. იმიტომ რომ ევროპული ღირებულებები არის ბევრი რამ, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი არის სამართლის უზენაესობა. როდესაც 2012 წლიდან მოყოლებული მთავარი, რასაც შენ გთხოვენ, რომ კანონი არ აღასრულო, ეს არის მათი მთელი ხაზი, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპული ღირებულებები მათთან საერთოდ არ არის ახლოს და ამას აქვს ერთადერთი მიზეზი - ისინი არიან კრიმინალების მფარველები, კონკრეტული კრიმინალური პოლიტიკური ძალის მფარველები“, - ასე უპასუხა კრიტიკას ირაკლი კობახიძემ 19 მაისს და დააზუსტა, რომ მხედველობაში ჰყავს 7-8 ევროპარლამენტარი.
ასევე ნახეთ კობახიძემ ევროპარლამენტარებს, ვიოლა ფონ კრამონს და ანა ფოტიგას „ანტიევროკავშირი" უწოდაირაკლი კობახიძის გარდა, ვიოლა ფონ კრამონს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანიც. ევროპარლამენტარმა 19 მაისს მასაც უპასუხა "ტვიტერზე" და მოუწოდა "ტანტრუმების გამართვის ნაცვლად", საქართველოს მთავრობამ ისწავლოს კრიტიკის მიღება.
ასევე ნახეთ ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იგივე მეთოდებს იყენებს, რასაც პუტინი!