ბავარიის ბალეტის სახელმწიფო თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი, რუსეთის სახალხო არტისტი იგორ ზელენსკი ვლადიმირ პუტინის მორიგი სიძე აღმოჩნდა. Сurrent Time-მა „მედუზასა“ და ცენტრ „დოსიესთან“ ერთად გაარკვია, რომ უკვე რამდენიმე წელია ის ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფება რუსეთის პრეზიდენტის უმცროს ქალიშვილთან კატერინა ტიხონოვასთან. ბოლო დრომდე ზელენსკი მიუნხენში მუშაობდა, კატერინა კი ერთდროულად ორ ქვეყანაში, რუსეთსა და გერმანიაში ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, იგორ ზელენსკი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. ვარაუდოებენ, რომ მომავალში ის უხელმძღვანელებს ოპერისა და ბალეტის თეატრს, რომელიც ახლა რუსეთისგან ანექსირებულ სევასტოპოლში შენდება. ამ თეატრის მშენებლობის შესახებ 2018 წელს თავად პუტინმა განაცხადა.
2022 წლის აპრილში ბავარიის ოპერის თეატრის საიტზე უცნაური განცხადება გაჩნდა, იგორ ზელენსკი ბალეტის სამხატვრი ხელმძღვანელის პოსტს ტოვებდა. მისი კონტრაქტი, რომელიც 2026 წლამდე იყო, დაირღვა.
„საბალეტო დასის ხელმძღვანელობას სჭირდება აბსოლუტური კონცენტრაცია და შრომისუნარიანობა, - ნათქვამი იყო ზელენსკის განცხადებაში, - მაგრამ ახლა მთელი ჩემი ყურადღება და დრო პირად, ოჯახურ საქმეებს უნდა დავუთმო, რაც შეუთავსებელია ბალეტის ხელმძღვანელის საქმიანობასთან“.
სამხატვრო ხელმძღვანელის მეუღლე იანა სერებრიაკოვა, წარსულში მარიას თეატრის კორდებალეტის მოცეკვავე, ახლა კი რეპეტიტორი ბავარიის თეატრში - დღემდე თავის თანამდებობაზე რჩება.
თეატრში უარი თქვეს ეპასუხათ კითხვებზე, თუ რატომ დატოვა იგორ ზელენსკიმ თანამდებობა. „მე დიდ პატივს ვცემ მის, ამ არცთუ იოლ, გადაწყვეტილებას. იგორ ზელენსკის და მის ოჯახს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ“, - განაცხადა ბავარიის თეატრის წარმომადგენელმა სერჟ დორნმა.
ასევე ნახეთ „სუფთა ქართულით ლაპარაკობდა“ - პუტინის თბილისში გაზრდილი სიძე ზელენსკიერთი თვის შემდეგ რუსმა პლანკერებმა ვოვანმა და ლექსუსმა სერჟ დორნს დაურეკეს. მათ გაითამაშეს, ვითომდა უკრაინის კულტურის მინისტრი რეკავდა და ჰკითხეს, მართალია თუ არა, რომ იგორ ზელენსკიმ არ მოისურვა რუსეთი სახალხოდ გაეკიცხა. „ჩვენ რამდენჯერმე ვისაუბრეთ, - უპასუხა დორნმა, - მივახვედრე, რომ ჯობდა წასულიყო... თავისით არ გადაუწყვეტია“.
ოჯახის კაცი
თავის ოფიციალურ ცოლს იანა სერებრიაკოვას ზელენსკი მარიას თეატრში შეხვდა. „შესანიშნავი პროფესიონალიზმის“ გამოისობით სერებრიაკოვა კორდებალეტის სამშვენისად ითვლებოდა“, - ამბობს ზელენსკის ერთ-ერთი ნაცნობი.
„ჩემმა მეუღლემ იანამ ორი მშვენიერი გოგონა და ბიჭი მაჩუქა. ხანდახან გოგოების კაპრიზებს ვასრულებ, მაგრამ მათ ყოველთვის იციან, რომ მამა მამაა. ვცდილობ, ისინი უზრუნველვყო როგორც ემოციურად, ასევე მატერიალურად, რომ ოჯახში, როგორც ციხესიმაგრეში ისე გაიზარდონ. ამისთვის ხელებდაკაპიწებული ვმუშაობ“, - ამბობდა ზელენსკი ინტერვიუში.
თუმცა, თავის დასში არტისტებს ზელენსკი გაცილებით უარესად ეპყრობოდა. „ის ტიპური საბჭოთა ხელმძღვანელია“, - განმარტა ზელენსკის ნაცნობმა. „იქცეოდა არა როგორც საბჭოთა, არამედ როგორც პოსტსაბჭოთა ხელმძღვანელი“ , - დასძინა კიდევ ერთმა.
ისინი ზელენსკის ასე აღწერენ: „იგორ ალექსანდროვიჩი ძირითადად გინებით ლაპარაკობს. ის ხომ სამხედროს შვილია. ამასთან, ვაგანოვას სასწავლებელში მოსწავლეებს სხვაგვარად არც ექცეოდნენ. ეს სცენაზეა რომ დაფარფატებენ, თორემ ცხოვრებაში იმდენად მიწიერი არსებები არიან, ვერც წარმოიდგენთ“.
„ცნობილი კაცის შვილი“
იგორ ზელენსკისა და კატერინა ტიხონოვას ურთიერთობა სავარაუდოდ მაშინ დაიწყო, როდესაც იგორი მოსკოვის სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მუსიკალურ თეატრში დასის ხელმძღვანელი იყო. ის იქ 2011-2016 წლებში მუშაობდა.
ამ გამოძიების ორი წყარო ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც ზელენსკი ამ თანამდებობზე დანიშნეს, ტიხონოვამ სპექტაკლებზე დასწრება დაიწყო. სპექტაკლების შემდეგ კი მათ ერთად ხედავდნენ.
ტიხონოვას თეატრში მოსვლამდე ზელენსკი კოლექტივს აფრთხილებდა, რომ „ახლა ცნობილი კაცის შვილი მოვა“. ტიხონოვა თეატრში მარტო მოდიოდა, მას შემდეგ, რაც ხალხი ადგილებს დაიკავებდა და შუქს ჩააქრობდნენ. სკამამდე მას ზელენსკი მიაცილებდა ხოლმე. დაცვა არ ახლდა და თავი მაქსიმალურად უბრალოდ ეჭირა, ყურადღების მიქცევა არ სურდა.
ტიხონოვასა და ზელენსკის ახლო ურთიერთობა საბალეტო კოლექტივებში განხილვის საგანი გახდა. საბალეტო გილდიის ერთ-ერთი კრიტიკოსის თქმით, 2017 წელს რუსული საბალეტო აკადემიის ახლანდელი რექტორი ნიკოლოზ ცისკარიძე გეგმავდა ზელენსკისთვის ეთხოვა, მისთვის პროტექცია გაეწია, რომ დიდი თეატრის გენდირექტორად დაენიშნათ.
„ყველგან იძახდა, რომ ზელენსკის დაელაპარაკება, რადგან ის პუტინის ქალიშვილის საყვარელია“, - ამბობს წყარო. თავად ცისკარიძემ კი გამოძიების ავტორს მისწერა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. „პირველად მესმის“, - განაცხადა მან.
წყარო ამბობს, რომ საბალეტო სფეროში ზელენსკი მთავარია და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს. „ყოველთვის ჰქონდა მნიშვნელოვანი ადამიანის რეპუტაცია, თუმცა, მანქანები ციმციმებით მას არ ჰყოლია. ის ზედმეტობის მომხრე არ არის. ნივთებს, რომლებიც მის სტატუსს ხაზს გაუსვამდა, არ ატარებს, სასახლეებში არ ცხოვრობს“.
გამოძიების ავტორებმა რეესტრში ზელენსკის ორი ბინა აღმოაჩინეს: დიდი (169 კვ.მ) ნოვოსიბირსკში და პატარა (34 კვ.მ) პეტერბურგში, თუმცა ქალაქის ცენტრში. ძვირადღირებული უძრავი ქონება მას, როგორც ჩანს, არ აქვს. მაგრამ აქვთ მის ახლობლებს.
პოზიტიური ადამიანების კლუბი
ტიხონოვასა და ზელენსკის შორის ურთიერთობა მაშინაც არ გაფუჭებულა, როდესაც პუტინის ქალიშვილი 2013 წელს ბიზნესმენ კირილ შამალოვს გაჰყვა ცოლად. შამალოვს ბალეტი განქორწინების შემდეგაც (2018 წელი) არ გადაყვარებია, ის ყოფილი ცოლის ნათესავებსა და მეგობრებთან ურთიერთობას აგრძელებდა.
ზელენსკი ასევე იცნობს შამალოვის დამხმარეს ვიქტორ სნაკინს, რომელიც მინიმუმ 2016 წლიდან შამალოვის ფინანსური საკითხებით არის დაკავებული. სნაკინის სამუშაო ფოსტაზე, 2021 წელს „გაზპრომბანკის“ ორი ინდივიდუალური მენეჯერისგან ხშირად მოდიოდა შეტყობინება „ახალი განხილვის შესახებ“. ამ მიმოწერის ნახვის შესაძლებლობა გამოძიების ავტორს მიეცა. გზავნილების მიხედვით ჩანს, რომ სნაკინი თავისი ხელმძღვანელის ხარჯებს იხდიდა და ასევე თანხას იღებდა იგორ ზელენსკისგან (რაში - გაურკვეველია).
თავად ვიქტორ სნაკინმა გამოძიების ავტორებს არ უპასუხა.
გარდა ამისა, შამალოვი პერიოდულად უკავშირდებოდა ზელენსკის მეუღლეს იანა სერებრიაკოვას. 2017 წელს მან რამდენიმეჯერ დაურეკა ხან მას, ხან საკუთარ ცოლს კატერინა ტიხონოვას (ამის გაგება შესაძლებელი გახდა შამალოვის კომპანიის კორპორაციური ფოსტიდან გაჟონილი ინფორმაციის მეშვეობით). ამასთან, ზელენსკის ცოლს ის იმაზე დიდხანს ესაუბრებოდა, ვიდრე საკუთარს. თანაც ყოველ ჯერზე ტიხონოვა და სერებრიაკოვა ერთსა და იმავე ადგილას იმყოფებოდნენ - შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და პეტერბურგში.
ჟურნალისტებისთვის ცნობილი ბოლო ზარი შამალოვასა და სერებრიაკოვას შორის იყო 2017 წლის 17 აპრილს, მაშინ იანა გერმანიაში იმყოფებოდა. საათის შემდეგ (უკვე 18 აპრილს) შამალოვმა ცოლს, კატერინას მოსკოვში დაურეკა. 25-27 აპრილს მან გაყიდა კომპანია „სიბურის“ 17 პროცენტი - წილი, რომელსაც „კატერინა ტიხონოვას მზითვებს“ უწოდებდნენ.
„შვიდ-ნახევარი თვის შემდეგ ტიხონოვას იგორ ზელენსკისაგან გოგონა შეეძინა“, - განუცხადა გამოძიებას წყარომ, რომელსაც ხელი მიუწვდება სამოქალაქო მდგომარეობის აქტებზე. უკვე 2018 წელს Bloomberg-მა გამოაცხადა, რომ ტიხონოვა და შამალოვი განქორწინდნენ.
ვიქტორ სნაკინმა, იანა სერებრიაკოვამ და იგორ ზელენსკიმ „მედუზას“ შეკითხვებს არ უპასუხეს. კირილ შამალოვთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
მოსკოვის სამოქალაქო მდგომარეობის აქტების რეგისტრატურაში შეადგინეს აქტი პუტინის შვილიშვილის მამის პიროვნების დადგენის შესახებ. წყაროს ცნობით, გოგონას დაბადების მოწმობაში მითითებულია მშობლები: იგორ ზელენსკი და კატერინა ტიხონოვა. დაბადების მოწმობა ბავშვის დაბადებიდან სამი თვის თავზე გაფორმდა. ამასთან, ზელენსკიმ და ტიხონოვამ, როგორც მშობლებმა, რომლებიც არ არიან ქორწინებაში, დაწერეს განცხადებები ბავშვის მამის პიროვნების დასადგენად.
იმავე დღეს პუტინმა, რომელიც კიდევ ერთხელ გახდა ბაბუა, პირობა დადო, რომ მუსიკოსებისა და ბალეტის არტისტების აღსაზრდელად სევასტოპოლში კულტურის ცენტრსა და თეატრს ააშენებდა. „კარგი ადგილი უნდა შევარჩიოთ, რომ ეს იყოს ერთ-ერთი ახალი დომინანტი“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. აღსანიშნავია, რომ ყირიმში ბალეტის განსაკუთრებული ტრადიცია არასდროს ყოფილა.
კულტურულ-საგანმანათლებლო და მუსიკალური კომპლექსების შექმნა პუტინმა ერთ-ერთ ეროვნულ მიზნად გამოაცხადა და მის განსახორციელებლად შექმნა ფონდი, რომლის სამეთვალყურეო საბჭოში იგორ ზელენსკიც შევიდა. ზელენსკი ასევე კურირებდა სევასტოპოლის პროექტსაც. ამის შესახებ „მედუზას“ უამბო ნატალია ვოლინცკაიამ, რომელიც 2021 წლამდე ხელმძღვანელობდა ფონდს „ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა“.
ამავე დროს, მოცეკვავე და ზელენსკის პროტეჟე სერგეი პოლუნინი გახდა კიდევ ორი, ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციის ხელმძღვანელი სევასტოპოლში.
2020 წელს კი სევასტოპოლის თეატრის დირექტორის მოადგილედ ანდრეი უვაროვი დაინიშნა, რომელთან ერთადაც ზელენსკი ადრე მუშაობდა. არც პოლუნინსა და არც უვაროვს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
გამოძიების ავტორებთან ერთბაშად ოთხი წყარო ჰყვება, რომ სევასტოპოლის თეატრს პუტინი იგორ ზელენსკისთვის ამზადებს.
ავტორები: სვეტლანა რეიტერი და დენის დმიტრიევი ("მედუზა"), ანდეი სოშნიკოვი ("Сurrent Time"), დენის კოტორკოვი ("დოსიე").