რუსეთის ხელისუფლებამ რამდენიმე მაღალი რანგის რუსი სამხედრო მოსამსახურე ჩამოაშორა სარდლის თანამდებობას და დააქვეითა უკრაინის ფრონტზე განცდილი წარუმატებლობის გამო, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამსახურის ანგარიშში.
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, პირველი გვარდიული სატანკო არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კისელი თანამდებობიდან დაითხოვეს ხარკოვის აღების ოპერაციის წარუმატებლობის გამო. მოხსენების თანახმად, შავი ზღვის ფლოტის მეთაური, ადმირალი იგორ ოსიპოვი კრეისერ "მოსკოვის" ჩაძირვის გამო დაემშვიდობა თანამდებობას. (ანგარიშში იგი მოხსენებულია, როგორც ვიცე-ადმირალი). თავის პოსტზე რჩება რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი ვალერი გერასიმოვი, მაგრამ უცნობია, შეინარჩუნა თუ არა მან პუტინის ნდობა მის მიმართ.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და სპეცსამსახურებში ახლა ფართოდ არის გავრცელებული "დუმილისა და ე.წ. განტევების ვაცებზე ყველაფრის გადაბრალების პრაქტიკა."
"უკრაინაში შეჭრაში მონაწილე მრავალი ოფიციალური პირი სულ უფრო მეტად შეეცდება არ გამოიჩინოს ინიციატივა, რათა თავიდან აიცილოს პირადი პასუხისმგებლობა სამხედრო წარუმატებლობის გამო. ეს კი დამატებით ტვირთად დააწვება რუსეთის ცენტრალიზებულ სარდლობისა და კონტროლის მოდელს, რადგან ოფიცრები სულ უფრო ხშირად ცდილობენ ყველა საკვანძო გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ზემდგომ ხელმძღვანელობას დაეკისროს", - ნათქვამია ანგარიშში.
ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი დადასტურება არ არსებობს. მანამდე უკრაინის სპეცსამსახურებმა და რუსმა საგამოძიებო ჟურნალისტებმა რუსეთის არმიისა და სპეცსამსახურების უმაღლეს ხელმძღვანელობაში ჩატარებული საკადრო წმენდის შესახებ რამდენჯერმე გაავრცელეს ინფორმაცია, რომელსაც რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური დადასტურება არც ერთხელ არ მოჰყოლია. ომის პირობებში, კონფლიქტების მხარეები მტრის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას ცდილობენ, რომლის გადამოწმება დამოუკიდებელი წყაროების საშუალებით პრაქტიკულად შეუძლებელია.