„წითელი ჯვარი“ მარიუპოლიდან გამოყვანილი უკრაინელი სამხედრო ტყვეების რეგისტრაციას აგრძელებს

წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია აგრძელებს დატყვევებული უკრაინელი სამხედროების რეგისტრაციას, რომლებიც რუსეთის ძალების მიერ დაკავებულ ქალაქ მარიუპოლის მეტალურგიულ ქარხნის ტერიტორიიდან გამოჰყავთ.

1949 წლის ჟენევის კონვენციის ხელისმომწერ სახელმწიფოთა მი ერ მინიჭებული მანდატის თანახმად, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას დაუყოვგნებლივ უნდა მიეცეს ყველა სამხედრო ტყვესთან წვდომის საშუალება.

ორგანიზაციის თანახმად, უკრაინელი სამხედრო ტყვეების რეგისტრაცია დაიწყო 17 მაისს და გრძელდება. სამხედროებს საშუალება აქვთ შეავსონ შესაბამისი ანკეტები პირადი მონაცემების შესახებ. მათი საშუალებით შესაძლებელი იქნება დაკავებულების მომავალი გზისთვის თვალყურის დევნება და ახლობლებთან კავშირის დამყარება.

სამხედრო ტყვეების ტრანსპორტირებაში პრორუსული სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე, „წითელი ჯვარი“ არ მონაწილეობს, აცხადებს ორგანიზაცია.

სხვადასხვა მონაცემების თანახმად, 16 მაისის შემდეგ მეტალურგიული ქარხნიდან ათასზე მეტი სამხედრო გაიყვანეს, მათ შორის ბევრი - დაჭრილი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუს სამხედროებს „ტყვედ ჩაბარდა“ მარიუპოლის „აზოვსტალში“ მყოფი 771 „ბოევიკი“.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, მარიუპოლში მებრძოლებს, რომელთა შორის არიან უკრაინის არმიის და სამხედრო დაჯგუფება „აზოვის“ ჯარისკაცები, უცხოელი ოკუპანტებისგან სამშობლოს გმირ დამცველებად მიიჩნევს.

Reuters-ს თანახმად, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ „აზოვის“ ორი მეთაური, სერჰი ველიჩკო და კონსტანტინ ნემიჩევი ძებნილთა სიაში შეიყვანა.

რუსული არმიის ალყაში მყოფ მარიუპოლში მეტალურგიული ქარხნის, "აზოვსტალის" ტერიტორია რჩებოდა ქალაქის ერთადერთ რაიონად, რომელსაც უკრაინელი მებრძოლები თითქმის სამი თვის განმავლობაში იცავდნენ. მაისის დასაწყისიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უფრო ინტენსიური გახადეს "აზოვსტალზე" საჰაერო და სახმელეთო შეტევა. რუსეთი უკრაინელი მებრძოლებისგან მოითხოვდა იარაღის დაყრას და დანებებას, რასაც ისინი არ თანხმდებოდნენ.