მოსკოვის მერიამ ფრანგული ავტომშენებლობის გიგანტ Renault Group-ისგან რუსეთში მდებარე საავატომობილო ქარხნის Renault Russia-ს სრული წილი გამოისყიდა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, გარდა იმისა, რომ სახელი შეეცვლება საწარმოს (დაერქმევა МАЗ „Москвич“ - მოსკოვის საავტომობილო ქარხანა „მოსკვიჩი“), ასევე გაცოცხლდება საბჭოთა ბრენდის, „მოსკვიჩისა“ წარმოება, რომელიც 2015 წლიდან ასევე Renault-ს საკუთრება იყო.
როგორ იქცევა რენო მოსკვიჩად
ინფორმაცია მოსკოვის მთავრობისათვის მთელი თავისი რუსული აქტივების მიყიდვის თაობაზე ფრანგულმა კომპანიამაც დაადასტურა. შეთანხმების თანახმად, Renault Russia-ს აქციათა 100% რუსეთის დედაქალაქის მთავრობას გადაეცემა. გარდა ამისა, Renault-ს საკუთრებაში არსებული АвтоВаз-ის აქციების 67,69%-ის მფლობელი გახდება ФГУП НАМИ (ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო „საავტომობილო და ავტოსამოტორო კვლევითი ინსტიტუტი“), რომელსაც რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო მართავს. აქციების დარჩენილი ნაწილი სახელმწიფო კორპორაცია Ростех-ის საკუთრებაა. მნიშვნელოვანია, რომ Renault მომავალი 6 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს AvtoVAZ-ში აქციების გამოსყიდვის უფლებას, თუმცა საუბარი არ არის მოსკოვში მდებარე Renault Russia-ს აწ უკვე ყოფილი საწარმოს დაბრუნებაზე.
Renault Russia-ს „ნაციონალიზაციას“ twitter-ზე გამოეხმაურა ინგლისურენოვანი რუსული სახელმწიფო არხის RT-ის მთავარი რედაქტორი, რუსული პროპაგანდის მთავარ რუპორად მიჩნეული, მარგარიტა სიმონიანი, რომელმაც მოსკოვის მერს დიდად მოუწონა საქციელი:
„სობიანინმა რენოს ქარხანა წამოიღო. კარგია და იმიტომ“.
სიახლეს აღტაცებით შეხვდნენ რუსი მემარცხენეებიც. მოძრაობა „წითელი ახალგაზრდობის ავანგარდის“ ლიდერისა და „მემარცხენე ფრონტის“ კოორდინატორის, სერგეი უდალცოვის თქმით, მოსკოვის მერიამ სწორი გადაწვეტილება მიიღო:
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ დასავლეთის სანქციების გამო რუსეთიდან წასული კომპანია Renault-ს აქტივები სახელმწიფოს ხელში გადავიდა და, რომ ლეგენდარული „მოსკვიჩის“ აღორძინებაზეც კი ალაპარაკდნენ. ეს სწორი ტენდენციაა! მემარცხენე ძალები უკვე დიდი ხანია საუბრობენ იმ საწარმოების აქტიურად დაბრუნების აუცილებლობაზე, რომლებიც თავის დროზე დასავლურმა კომპანიებმა წაიღეს. ველოდებით მაკდონალდსის რესტორნების გადაქცევას სამამულო კვების ობიექტებად, სადაც შესაძლებელი იქნება იაფად მიირთვათ უგემრიელესი ღვეზელები და პელმენები, ხოლო კოლას ნაცვლად - რუსული ლიმონათი“.
რის გაკეთებას აპირებს მოსკოვის მერი?
„ჩვენ ვეცდებით, რომ შევინარჩუნოთ გუნდის უმეტესობა, რომელიც უშუალოდ ქარხანაში ან მის ქვეკონტრაქტორებთან მუშაობს. Камаз-ი გახდება მოსკოვის აღორძინებული საავტომობილო ქარხნის „მოსკვიჩის“ მთავარი ტექნოლოგიური პარტნიორი. პირველ ეტაპზე მოეწყობა შიდაწვის ძრავის მქონე კლასიკური მანქანების წარმოება, სამომავლოდ კი ელექტრომობილების გამოშვებაც“, - თქვა სერგეი სობიანინმა.
მოსკოვის მერი იმედოვნებს, რომ „მოსკვიჩის“ ახალი ისტორია 2022 წელსვე დაიწყება. მეტიც, რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო მოელის, რომ ახალი „მოსკვიჩი“ წელსვე გამოჩნდება მოსკოვისა და რუსეთის სხვა ქალაქების ქუჩებში.
როგორ შეხვდა მოსკვიჩის დაბრუნებას რუსული ინტერნეტი
რუსულ სოციალურ ქსელებში ბევრი სარკასტული კომენტარი გამოქვეყნდა „მოსკვიჩის“ დ.
„რაო, სსრკ-ს მოყვარულებო, ოცნებები სრულდება? - იკითხა ერთ-ერთმა მომხმარებელმა, - ცენზურა, ავადმყოფი ბაბუა ხელისუფლებაში, 99% მისი მომხრე, ჯარისკაცები სადღაც ტანკებში იწვიან, АЗЛК უშვებს „მოსკვიჩს“... ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ კარაქის ტალონებს, იუგოსლავიურ ჩექმებზე ექვსთვიან რიგებს, შეგიძლიათ ბროლის ჭურჭელი კარადის ვიტრინაში მოათავსოთ და კედელზე ხალიჩა დაკიდოთ“.
თუმცა, აშკარაა, რომ მოსკოვის მერია, როგორც „მოსკვიჩის“ წარმოების განახლების მთავარი ინციატორი, არ აპირებს ძველი, საბჭოთა მოდელების აღდგენას. საუბარი არ არის არც „მოსკვიჩ-400“-ის (1946-1954წწ.), Opel Kadett K38-ის რეპლიკის წარმოებასა და არც „მოსკვიჩის“ ყველაზე ცნობილი მოდელის „მოსკვიჩ-412“-ის (1967-1976 წწ.) გაცოცხლებაზე. მით უფრო, რომ თავის დროზე, როცა კონვეიერის ლენტიდან ჩამოდიოდნენ ეს ავტომობილები, სულ ცოტა 20 წლით მაინც ჩამორჩებოდნენ მსოფლიო ავტომშენებლობის მიღწევებს.
როგორი იქნება ახალი მოსკვიჩი?
მოსკოვის მერიამ რამდენიმე წლის წინ სცადა დაერწმუნებინა Renault-ის ხელმძღვანელობა, დაეწყოთ ელექტრომობილების წარმოება. საუბარი იყო Renault Twizy-ის გამოშვების შესაძლებლობასა და ელექტრომობილების აწყობაზე სახელმწიფო შეკვეთით: განიხილეს ახალი მოდელების ტაქსებად გამოყენებისა და გაქირავების სერვისების შევსების შესაძლებლობა, თუმცა, მოლაპარაკებების დროს კომპანია არ დააკმაყოფილა წარმოებისა და გაყიდვების შესაძლო მოცულობამ რუსეთის ბაზარზე და, შესაბამისად, პროექტიც აღარ დაიწყო. ახალი მენჯმენტის პირობებში კი კომპანია გეგმავს 2030 წლისთვის წარმოების მნიშვნელოვანი მოცულობის შექმნას: საუბარია КАМАЗ-ის დახმარებით, წელიწადში 400 000-ზე მეტი ელექტრომობილის გამოშვებაზე.
ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად რომელი ავტომობილები გამოვა Москвич-ის ბრენდით, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ზოგიერთი მოდელი კვლავ იქნება გათვლილი ტაქსოპარკებისა და ავტომობილების გაქირავების სერვისებისთვის.
მაგრან, ერთია ავტომობილების წარმოება და მეორე - მათი გაყიდვა-რეალიზაცია. ეკონომისტ ნიკოლაი კულბაკას თქმით, რუსულ ავტოინდუსტრიას ორივე პრობლემასთან მოუწევს შეჯახება.
„თანამედროვე ავტომობილის შექმნა მოითხოვს ხარჯებს 0,5 მლრდ დოლარიდან 1,5 მლრდ დოლარამდე. ამასთან, აუცილებელია მინიმუმ 300-400 ათასი ავტომობილის გაყიდვა, რათა გაწეული ხარჯები ანაზღაურდეს, რასაც მინიმუმ 5-10 წელი დასჭირდება. ეს პროექტი კი ისევ დასრულდება ქარხნის ცარიელი შენობებით, თანამშრომლების გათავისუფლებით და ყველა დონის თანამდებობის პირთა, მათ შორის, მერის სრული უპასუხისმგებლობით“, - ამბობს რუსი ეკონომისტი.
ავტომობილების ექსპერტი ოლეგ მოსეევი კი მიიჩნევს, რომ გადამწყვეტი მნიშნელობა ექნება ფასს. თუ რუსულ ავტომობილებს მიმზიდველ ფასად შესთავაზებენ მომხმარებლებს, მაშინ მათზე მოთხოვნა აუცილებლად გაჩნდება. მოსეევის თქმით, საშუალო ფასის სეგმენტში ავტომობილების რუს მყიდველებს არ აქვთ ცრურწმენა სამამულო წარმოების ავტომობილების ხარისხთან დაკავშირებით.
„თუ სურთ ავტომობილების წარმოება უკვე 2022 წელს, ეს იმას ნიშნავს, რომ არის წინასწარი შეთანხმებები პარტნიორებთან. რადგან მოდელების ნულიდან განვითარებას წლები დასჭირდება. საწარმოს ხელმძღვანელობას უნდა ესმოდეს, რა პლატფორმები, ძრავები და ა.შ. ექნებათ. ელექტრომობილებზე საუბრისას, შეგახსენებთ, რომ КАМАЗ-ი უკვე დიდი ხანია ავითარებს თავის წარმოებას. ჯერ ძნელია განსაზღვრო პროექტის მზადყოფნის ხარისხი. ზოგადად, ახლა ელექტრომანქანების წარმოება ძვირადღირებული საქმიანობაა“, - ამბობს ოლეგ მოსეევი, რომელიც ვარაუდობს, რომ Renault-ს შეთანხმებები მოსკოვის მთავრობასთან გულისხმობს იმას, რომ ყველა აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა ქარხანაში დარჩება:
„წარმოების გამართვას, რა თქმა უნდა, დრო დასჭირდება, მაგრამ არც ისე დიდი დრო. შეცვლება პრეს-ფორმები, გადაყენდება რობოტები. ვერ ვხედავ რაიმე მნიშვნელოვან სირთულეს ამ პროცესებში. თუ ავტომობილები კარგი ხარისხის იქნება, ნორმალური ფასებითა და დიზაინით, მაშინ ვფიქრობ, რომ გაყიდვებიც ნორმალური იქნება“.
ყველა ასე ოპტიმისტურად განწყობილი არ არის. რუსეთის ეროვნული საავტომობილო კავშირის ხელმძღვანელ ანტონ შაფარინს საწარმოს წარმატებაში ეჭვი ეპარება. უპირველეს ყოვლისა, ის სირთულეებს ხედავს როგორც თავად წარმოების გაშვებაში, ასევე ბრენდის იმიჯში.
„მოსკვიჩის მარკა ბევრს ახსოვს, როგორც არასანდო მანქანა, რომელიც უამრავ პრობლემას ქმნიდა. თვითონაც მახსოვს, მამაჩემი როგორ „წვავდა“ ამ ავტომობილის თუჯის სანთლებს ტაფაზე, რათა სათანადოდ გამოეწრთო. პირველი მოდელის ისტორია უკავშირდება Opel-ს, უკანასკნელისა კი - Renault-ს. ახლა, მაღალი ხარისხის მანქანების შესაქმნელად, საჭიროა საიმედო პლატფორმები, ძრავები, ინჟინრები და ზოგადად, მაღალი ხარისხის პერსონალი. ამიტომ, მეეჭვება, რომ 2022 წელს რეალური წარმოება ვიხილოთ. შესაძლოა, ეს იყოს ავტომობილის მსხვილკვანძიანი აწყობა მზა მარაგნაწილების ნაკრებიდან“, - ამბობს ანტონ შაფარინი, რომელმაც ასევე დაასახელა საწარმოს განვითარების ორი შესაძლო გზა:
„ქარხანას შეუძლია მოძებნოს გარე მოთამაშე პარტნიორი, რომელსაც აქვს საკუთარი პლატფორმები და მანქანების სათადარიგო ნაწილების მიწოდების შესაძლებლობა. მაშინ ქარხანაში შეგიძლიათ გამართოთ ასაწყობი კვანძები. ერთი КАМАЗ-ი აშკარად არ იქნება საკმარისი. ახლა ძნელი სათქმელია, ვინ იქნება პარტნიორი. თეორიულად, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ჩინური კომპანია. მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ვინმე გადაწყვეტს ამ პარტნიორობას უახლოეს მომავალში. მეორე გზა, შიდა პარტნიორთან მუშაობაა, მაგრამ აქაც არის სირთულეები. არც КАМАЗ-სა და არც ГАЗ-ს არა აქვს მზა პლატფორმა მსუბუქი მანქანებისა და ძრავებისთვის. АвтоВАЗ-ს აქვს ასეთი შესაძლებლობები, მაგრამ ამ შესაძლებლობებით უნდა დატვირთონ საკუთარი საწარმოო სიმძლავრეები. რაც შეეხება ელექტრომობილებს, КАМАЗ-ს ჰქონდა პროექტი Кама, რომელსაც განვითარება არ მოჰყოლია. თანაც, ეს ყველაფერი შორს არის კონვეიერული წარმოების მიღწევამდე. თუმცა, შეგახსენებთ, რომ არსებობდა Москвич-2141-ის ელექტროვერსია. გარდა ამისა, საჭირო იქნება ჩინელი პარტნიორების მოძიება, რომლებიც მზად იქნებიან ბატარეების მიწოდებისთვის“.
ვინ იქნება შემდეგი?
ფრანგული ავტომშენებლობის გიგანტ Renault Group-ის მენეჯმენტმა და Renault Russia-მ 2022 წლის მარტის ბოლოს გამოაცხადეს რუსეთში საქმიანობის შეჩერებისა და მოსკოვის ქარხანაში ავტომობილების წარმოების შეწყვეტის შესახებ. მალევე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ფრანგები განიხილავდნენ AvtoVAZ-ში თავიანთი წილის ადგილობრივ ინვესტორზე გადაცემის ვარიანტებსაც.
რუსი პროსახელისუფლებო პოლიტოლოგი და პოლიტიკოსი, სერგეი მარკოვი Renault Russia-ს „ნაციონალიზაციას“ არ განიხილავს ერთ, ცალკე აღებულ შემთხვევად. პირველია, მაგრამ არა უკანასკნელიო, ამბობს მარკოვი, რომელიც პუნქტობრივად ჩამოწერს რუსეთის ხელისუფლების გადაწვეტილების ანალიზს:
- Renault-ის ნაციონალიზაცია - ეს არის რუსეთში მსხვილი დასავლური კომპანიის ქარხნის ნაციონალიზაციის პირველი შემთხვევა, კომპანიისა, რომელმაც სანქციების გამო რუსეთში მუშაობა შეაჩერა.
- ამ მაგალითზე შემუშავდება დასავლური კომპანიების ბიზნესის ნაციონალიზაციის მოდელი.
- რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ჯერჯერობით ასეთია: ყველაფერი გააკეთოს რაც შეიძლება მეგობრულად. ეს კომპანიები აქ მუშაობდნენ მრავალი წლის განმავლობაში და ალბათ მათ ნაწილს სურს კიდეც უკან დაბრუნება. ჩვენ უნდა მივცეთ მათ დაბრუნების შანსი.
- ფაქტობრივად, რუსეთის მთავრობა დასავლურ კომპანიებს არ ართმევს ქონებას, არამედ დროებით იღებს საკუთარი კონტროლის ქვეშ - ვიდრე ეს კომპანიები არ დაბრუნდებიან, ხოლო როცა დაბრუნდებიან, უკან დაუბრუნებს. რენოსაც აქვს აქციების გამოსყიდვის უფლება მომდევნო 6 წლის განმავლობაში.
- კომპანიების ნაციონალიზაციის მთავარი მიზეზი ისაა, რომ წარმოება არ შეჩერდეს, ხალხი მუშაობდეს, უმუშევრობა არ იყოს.
- რუსეთში იმ დასავლური კომპანიების ქარხნების ნაციონალიზაცია, რომლებმაც მუშაობა სანქციების გამო შეწყვიტეს, დიდი პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობს. არსებითად, ეს რუსული საზოგადოების მოთხოვნაა.
რომელი კომპანია იქნება შემდეგი? მაკდონალდსი?