ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი, რომელიც მაისის დასაწყისში საქართველოში იმყოფებოდა სამუშაო ვიზიტით, რადიო თავისუფლების პრაღის შტაბ-ბინას ესტუმრა.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მილოშ ვისტრჩილმა ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ინტერვენციისა და უკრაინისადმი ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს დახმარების მნიშვნელობაზე.
კობა ლიკლიკაძე: გამარჯობა, ბატონო ვისტრჩილ, ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი სტუმრობა რადიო თავისუფლებაში. მაისის დასაწყისში თქვენ საქართველოში იმყოფებოდით და ნება მომეცით, ჩვენი საუბარი თქვენს შთაბეჭდილებებზე დავიწყოთ. როგორ დაინახეთ თქვენ ეს პატარა სამხრეთკავკასიური ქვეყანა: მისი კულტურა, ხელოვნება, ხალხი და პოლიტიკაც, რომლის მიზანიც ევროპასა და ევროკავშირთან დაახლოებაა?
მილოში ვისტრჩილი: ეს ლამაზი ქვეყანაა და აშკარაა, რომ მას სურს ევროკავშირის ნაწილი გახდეს. Საქართველოს აქვს ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ისეთი ამბიცია და მიზანდასახულობა, რომ ეს მის კონსტიტუციაშიც კია ასახული. ცალსახაა, რომ ეს ხალხის სურვილია და პოლიტიკური წარმომადგენლობაც შესაბამისად იქცევა, მაგრამ გზა ამ მიზნისკენ მარტივი არ იქნება.
კობა ლიკლიკაძე: საქართველოში ვიზიტის დროს თქვენ თქვით, რომ ჩეხეთი მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ასოცირებულ ტრიოს, რათა მოლდოვა, საქართველო და უკრაინა დაჩქარებული წესით გაწევრიანდნენ ევროკავშირში. რადგან ჩეხეთის რესპუბლიკა ივნისში იწყებს ევროკავშირის პრეზიდენტობას, თქვენი სიტყვები ძალიან მნიშვნელოვან გზავნილად იქნა აღქმული. რას ნიშნავს ევროკავშირის დაჩქარებული წევრობა? შეგვიძლია უკვე ვისაუბროთ კონკრეტულ ვადებზე?
მილოშ ვისტრჩილი: რაც მე აღვნიშნე, არის ის, რომ ვისურვებდი ჩეხეთმა წვლილი შეიტანოს მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსაკენ სწრაფვაში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ამ ქვეყნებს ამ გზაზე სიარულში-მეთქი. ჩეხეთი ყველაფერს გააკეთებს, რისი საშუალებასაც მას უახლოეს მომავალში ექნება, როგორც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანას, და ისევე, როგორც ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებშიც დაეხმარება ამ სამ ქვეყანას, რათა მათ შეძლონ იმ პირობების დაკმაყოფილება, რაც ევროკავშირის წევრობისთვისაა საჭირო. ეს გულისხმობს რეფორმების გატარებას, კანონის უზენაესობას, ეფექტიან მართლმსაჯულებასა და კორუფციასთან ბრძოლას. ვფიქრობ, ჩეხეთი ის ქვეყანაა, რომელსაც ძალიან კარგად ესმის, თუ რა პრობლემების გადალახვა უხდება საქართველოს ამჟამად და თუ რა პირობებში იმყოფება. დიახ, Ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის დაჩქარებაში. ამას ვგულისხმობდი, როდესაც თქვენ მიერ ნახსენებ შეკითხვას ვუპასუხებდი. ნაცვლად იმისა, რომ ახალი წინაღობები შევქმნათ, ჩვენ თქვენ არსებულების გადალახვაში დაგეხმარებით.
კობა ლიკლიკაძე: ბატონო ვისტრჩილ, თქვენ ახსენეთ გარკვეული პირობები, რომლებიც მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობისთვის. საქართველო დემოკრატიული რეფორმების მხრივ დაწინაურებულ ქვეყნად ითვლება, თუმცა, ამასთანავე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი „მთავარი არხის“ დირექტორ ნიკა გვარამიას. ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი აღშფოთებულია ამ გადაწყვეტილებით და შიშობენ, რომ მსგავსი ნაბიჯები დააზიანებს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას. თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე?
მილოშ ვისტრჩილი: მოვლენა, რომელიც თქვენ ახსენეთ, საკმაოდ ახალია, მაგრამ მქონდა საშუალება, გავცნობოდი საერთაშორისო გამჭვირვალობისა და სახალხო დამცველის შეფასებებს. ისინი მოწმობენ, რომ ეს პროცესი და სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებული იყოს. თუ ნამდვილად ასეა, ეს მეტად უსიამოვნო პრობლემა იქნებოდა, რადგან [დემოკრატიის] ერთ-ერთი პირობა სწორედ ისაა, რომ სამართლის აღსრულება მოხდეს თავისუფალი, პოლიტიკური მოტივებისგან დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში. საქართველოში სტუმრობისას პოლიტიკოსებთან ინტერვიუებისა და შეხვედრების დროს შევნიშნე, რომ თავად ისინიც ადასტურებენ ქვეყანაში არსებულ ფრაგმენტაციას და დაყოფას. „ერთი მხრივ, აშკარაა საქართველოს მოსახლეობის განზრახვა - 80% უჭერს მხარს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას. მეორე მხრივ, პოლიტიკური წარმომადგენლობა დაყოფილია სამთავრობო პარტიას - „ქართულ ოცნებასა” და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფრთას შორის. ისინი ვერ პოულობენ საერთო ენას, რამაც შეიძლება ისეთ სიტუაციებამდე მიგვიყვანოს, როგორიც გუშინდელი შემთხვევაა. ვფიქრობ, საქართველოს კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი და პოლიტიკოსებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ სჭირდებათ ერთიანობა კონსტიტუციით განსაზღვრული ისეთი მიზნების მისაღწევად, როგორსაც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს“.
კობა ლიკლიკაძე: საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი შიდა პრობლემა რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული ტერიტორიებია. თქვენი ვიზიტის დროს იმყოფებოდით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა სანქციათა რამდენიმე პაკეტი აამოქმედა მოსკოვის წინააღმდეგ. მაგრამ 14 წლის წინ, როდესაც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ორი ტერიტორიის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინა და შემდეგ მათი დამოუკიდებლობა აღიარა, ევროკავშირს მაშინ რუსეთისთვის არანაირი სანქცია არ დაუწესებია. ხომ არ ფიქრობთ, რომ რუსეთის დღევანდელი ომი უკრაინაში, ეს ევროკავშირის იმ პასიურობის შედეგია, რაც მან 2008 წლის ომის დროს გამოიჩინა?
მილოშ ვისტრჩილი: 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია ის საკითხია, რომელიც ბევრჯერ განგვიხილავს. აშკარაა, რომ დემოკრატიულმა სამყარომ შეცდომა დაუშვა, როცა 2008 წელს და შემდეგ 2014 წელს ყირიმის, უკრაინის ნაწილის, ანექსიას, რბილად უპასუხა. პუტინმა სწორედ ასეთი რბილი რეაგირების გამო გაბედა ახალი აგრესიული ომის წამოწყება. ზოგიერთი იმ დასავლური ქვეყნის ლიდერი, რომელთაც არ აქვთ უშუალო გამოცდილება, ვერ აცნობიერებს, რომ ისეთი ავტოკრატი ლიდერები, როგორიცაა პუტინი, არ კმაყოფილდებიან მცირე მონაპოვრით, მხოლოდ ქვეყნების ტერიტორიების ნაწილის მითვისებით. დარწმუნებული ვარ, მამაცი უკრაინელი მებრძოლების წინააღმდეგობა რომ არა, ის უბრალოდ გააგრძელებდა ომს და საბრძოლო მოქმედებებს სლოვაკეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და მოლდოვაში გადმოიტანდა. ამდენად, დიახ, რბილი რეაქცია იმაზე, რაც მოხდა 2008 და 2014 წლებში, პუტინის მიერ უკრაინაში ომის წამოწყების ერთ-ერთი მიზეზია. ამასთან, იმის გამო, რაც 2008 წელს მოხდა, საქართველოს არ აქვს რწმენა, რომ დემოკრატიული სამყარო მას ისევე დაეხმარება, როგორც ამჟამად უკრაინას ეხმარება.
კობა ლიკლიკაძე: დრო სწრაფად გარბის, მაგრამ თუ მაქვს უფლება, ორიოდე შეკითხვას კიდევ დაგისვამთ ძირითადად უკრაინის გარშემო. საქართველოში ყოფნის დროს თქვენ განაცხადეთ, რომ „ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელიც მიდის დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების მიმართულებით, უნდა გადადგას მკაფიო ნაბიჯები უკრაინაში რუსეთის ჯარის გასაჩერებლად“. ჩეხეთისგან განსხვავებით, საქართველო არ აწვდის იარაღს უკრაინას და მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლება. კიდევ რა შეუძლია საქართველოს? ეს თემა სერიოზული განხილვის საგანია საქართველოს შიგნით. ხომ არ დადგა დრო, რომ უკრაინასთან ერთად საქართველომა დაიწყოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის პროცესი? შეუძლია ევროპას ამ მხრივ საქართველოს დახმარება მის იმ განზრახვაში, რომ მოახდინოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია?
მილოშ ვისტრჩილი: საქართველოში ეს ახლა მნიშვნელოვანი საკითხია. მთავრობა და ოპოზიცია ვერ თანხმდებიან ამ თემაზე და იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს. საქართველოსა და ქართველ ხალხს არ სურს ომი. ქართულ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ თუ უკრაინას შეიარაღება მიეწოდება, ეს საქართველოში ამჟამად არსებულ მშვიდობას საფრთხეს შეუქმნის. საქართველოს მიერ სანქციებთან მიერთებისა და უკრაინისათვის იარაღის მიწოდების შემთხვევაში, რუსეთისგან შესაძლო რეაგირებას არ მოჰყვება დემოკრატიული სამყაროს მხარდაჭერა საქართველოსადმი, რადგან ის არ არის ნატოს ან ევროკავშირის დამცავი ქოლგის ქვეშ. თუმცა საქართველო უკრაინას სხვა მხრივ ეხმარება: ჰუმანიტარული კუთხით, თქვენ იღებთ ლტოლვილებს, არაერთი თქვენი ჯარისკაცი იბრძვის უკრაინელი სამხედროების მხარდამხარ. მნიშვნელოვანი ასპექტია ისიც, რომ საქართველოს 300-400 ათასი მოქალაქე ჰყავს რუსეთში და, რა თქმა უნდა, არსებობს შიში მათ ბედთან დაკავშირებით, კონფლიქტის შესაძლო გამწვავების შემთხვევაში. ამდენად, ეს რთული სიტუაციაა. მე არ მინდა ქართველ ხალხს ვუთხრა, რა გააკეთონ, მაგრამ ჩვენ ჩვენსავე გამოცდილებაზე დაყრდნობით უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ თუ ავტოკრატ მმართველს სურს რაღაც, ის ამას გააკეთებს და დასახული მიზნისაკენ სწრაფვას არ შეწყვეტს, ჩვენი ქმედებების მიუხედავად. არ უნდა ვიფიქროთ, რომ აგრესორის შეჩერებას ჩვენი ქცევის შეცვლით შევძლებთ. როცა ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციაზე ვსაუბრობთ, ამ პროცესის დაწყება ახლა რთულია. რადგან ქართული არმია ახლა კარგად შეიარაღებული არაა და არ მგონია, ახლა ამისთვის შესაბამისი დრო იყოს, რადგან დემოკრატიული სამყაროს მთელი ძალისხმევა იქითაა მიმართული, რომ რუსეთი უკრაინაში დამარცხდეს.
კობა ლიკლიკაძე: 24 თებერვლის შემდეგ, ევროკავშირმა სანქციების რამდენიმე პაკეტი მიიღო რუსეთის წინააღმდეგ. მინდა გკითხოთ, რამდენად ეფექტიანად მოქმედებს ეს სანქციები ჩეხეთის მაგალითზე. ცნობილი ჩეხური ლუდი უკვე აღარ შედის ჩეხეთიდან რუსეთში? ან ჩეხეთი აღარ უხდის რუსეთს ნავთობისა და გაზის საფასურს?
მილოშ ვისტრჩილი: როცა საქმე სანქციებს ეხება, ვფიქრობ, სანქციები შეიძლებოდა უფრო სრულყოფილი და ეფექტიანი ყოფილიყო, მაგრამ ეფექტიან სანქციებს ერთიანობა სჭირდება. Რაც ნიშნავს, რომ საჭიროა მასზე შეთანხმებული იყოს და უნდა იყოს ევროკავშირი და მთელი დემოკრატიული სამყარო, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ სანქციების თითოეულ პაკეტზე და თითოეული პაკეტის ყველა დეტალზე. სხვაგვარად, თუ არ იქნება მიღწეული შეთანხმება და წარმოვქმნით ხვრელებს, მაშინ ადამიანები შეეცდებიან გამოიყენონ ეს ხვრელები და გვერდი აუარონ სანქციებს. როდესაც საქმე შეეხება სანქციებს და მათდამი ერთგულებას, დარწმუნებული ვარ, რომ ჩეხეთი არის ლიდერი და ამ თვალსაზრისით ვამაყობ ჩეხეთის მთავრობით. რაც შეეხება თქვენ მიერ ნახსენებ ჩეხურ ლუდს, რუსულ ნავთობსა და გაზს და სანქციების ყველა, ხუთივე პაკეტს, ჩეხეთი ასრულებს ყველა მათგანს და ცოტა იმაზე მეტსაც კი ვაკეთებთ. მაგალითად, ვყინავთ ჩეხეთში არსებულ რუსი ოლიგარქების აქტივებს. რაც შეეხება რუსეთის ნავთობსა და გაზს, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა რუსეთს რაც შეიძლება გავურთულოთ ცხოვრება, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ ჩეხეთის ეკონომიკის კოლაფსი. რადგან, თუ გვსურს, რომ ვიბრძოლოთ და სხვებსაც დავეხმაროთ ბრძოლაში, მაშინ შესაძლებლობაც უნდა გვქონდეს დახმარებისა. ასე რომ, ერთი მხრივ, ჩვენ ვცდილობთ გამოვნახოთ გზები რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად და, მეორე მხრივ, ცხადია, რომ ამას დასჭირდება გარკვეული დრო და უნდა გვესმოდეს, რომ ეს ერთ ღამეში ვერ მოხდება.