მმართველი პარტიის წევრები დღეს ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნატოს გენერალურ მდივანთან დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებას ამ უკანასკნელის, იენს სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობით ხსნიან. სტოლტენბერგმა დღეს პირადად ჩაიბარა შვედეთისა და ფინეთის განაცხადები ნატოში გაწევრიანების შესახებ.
„მოგეხსენებათ, მას ჰქონდა კოვიდი და ამის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებში წინა კვირაში და ამ კვირის დასაწყისშიც. ერთადერთი შეხვედრა, რომელიც სტოლტენბერგს ჰქონდა, ეს იყო ფინეთის და შვედეთის წარმომადგენლებთან, რომლებმაც ოფიციალურად შეიტანეს განაცხადი ნატოში წევრობაზე და ამ შეხვედრის გარდა, სხვა ყველა შეხვედრა გაუქმდა. ეს არის ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს ჩვენი საელჩოდან ბრიუსელში.
არანაირი შიდაპოლიტიკური მოვლენა ამ შეხვედრის გაუქმების მიზეზი არ შეიძლება რომ იყოს. ეს შეხვედრა გაუქმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო", - ასეთი კომენტარი გააკეთა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.
იენს სტოლტენბერგს კორონავირუსი 10 მაისს დაუდასტურდა.
"სტოლტენბერგს რამდენიმე დღის წინ ჰქონდა კორონავირუსი, მერე თითქოს გამოჯანმრთელდა, მერე ისევ შეუძლოდ გახდა და ამას უკავშირდება, რომ არა მარტო ღარიბაშვილთან, დღეს დაგეგმილი სხვა შეხვედრებიც გადადო", - ამბობს დეპუტატი ირაკლი ზარქუა.
"სტოლტენბერგს ჰქონდა კორონავირუსი, დღეს იყო მისი პირველი სამუშაო დღე და ვინაიდან შვედეთის და ფინეთის საკითხი არის აქტუალური, როგორც ჩანს, ამ შეხვედრას ვერ გადადებდნენ, ამ შეხვედრებს დაესწრო და ყველა სხვა მისი შეხვედრა დღეს გაუქმდა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო გამოწვეული. ეს არის ერთადერთი სწორი პასუხი", - უთხრა ჟურნალისტებს დეპუტატმა ბექა დავითულიანმა.
ინფორმაცია 18 მაისს ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების შესახებ ნატოს ვებსაიტზე დღეს, 18 მაისის დილას გამოქვეყნდა ისე, რომ მასში მიზეზები დასახელებული არ არის.
რადიო თავისუფლება დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების მიზეზების შესახებ კომენტარის მიღებას ცდილობს როგორც ნატოს პრესსამსახურიდან, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან.
ასევე ნახეთ გაუქმდა ღარიბაშვილისა და სტოლტენბერგის შეხვედრა17-18 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 17 მაისს ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს.