რატომ არიან „ძალოვანი სტრუქტურები“ უკმაყოფილო პუტინით?

რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე - ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია, როგორც მას ოფიციალურად უწოდებენ რუსეთში, სულ უფრო მეტ ცოცხალ ძალას, სამხედრო ტექნიკასა და მატერიალურ რესურსს მოითხოვს. დასახული მიზნების ვერშესრულება და გაჭიანურებული საბრძოლო მოქმედებები მძიმე მდგომარეობაში აგდებს რუსეთის როგორც ფინანსურ ელიტას, ასევე ძალოვან უწყებებსა და სპეცსამსახურებს. რუსი და უცხოელი სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, ვლადიმირ პუტინი ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზეც კი ერევა ომის მსვლელობაში, რაც ძალოვანი უწყებების გულისწყრომასა და დისტანცირებას იწვევს. რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებითვე, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მთავარ სპეცსამსახურად გამოცხადდა გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო (ГРУ), აქამდე ეს ფუნქცია უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს (ФСБ) ჰქონდა დაკისრებული.

პუტინი ერევა ყველაფერში...?

ომის შესწავლის ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთის არმიამ ომის დაწყებიდან ყველაზე დიდი მარცხი განიცადა მდინარე ჩრდილო დონეცკის ფორსირებისას. ISW-ის ანალიტიკოსების თქმით, 550 რუსი სამხედრო მოსამსახურიდან დაიღუპა 485 და განადგურდა 80 ერთეული საბრძოლო ტექნიკა, „რაც დასტურდება ბრძოლის ველის აეროფოტოგადაღებებით“.

ბრიტანული სამხედრო დაზვერვის შეფასებით, სულ ომის მსვლელობისას რუსეთმა უკვე დაკარგა იმ სახმელეთო ძალების დაახლოებით მესამედი, რომლითაც 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა.

რუსეთის არმიის განადგურებული ტექნიკა მდინარე ჩრდილოეთის დონეცის ნაპირთან

როგორც ბრიტანული The Guardian-ი წერს, უკრაინის ფრონტზე რუსული არმიის წარუმატებლობის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა სარდლობა საკუთარ ხელში აეღო. საუბარია ოპერატიულ და ტაქტიკურ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც ჩვეულებრივ ოფიცერი იღებს „პოლკოვნიკის ან ბრიგადის გენერლის დონეზე“. ბრიტანული გამოცემის თქმით, პუტინი ამას აკეთებს გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ ვალერი გერასიმოვთან „მჭიდრო თანამშრომლობით“.

სწორედ „ზემოდან არაკომპეტენტური ჩარევით“ ხსნის რუსული არმიის გახშირებულ შეცდომებსა და წარუმატებლობებს საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე, რომელმაც „ბათუმელებს“ უთხრა, რომ სხვა ახსნას ვერ უძებნის ასეთი მასშტაბის არაპროფესიონალურ შეცდომებს:

ვახტანგ კაპანაძე

„ვაბრალებ ზევიდან ზეწოლას, ძირითადად, ვადებთან დაკავშირებით, აჩქარებენ ყველაფერს და ქვემდგომ მეთაურებს არ გააჩნიათ სათანადო უნარ-ჩვევები, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები მსგავს რთულ სიტუაციასა და მოკლე დროში“.

პუტინის არჩევანი: ФСБ-ს ნაცვლად ГРУ

რუსეთის მდგომარეობის სირთულეზე უნდა მეტყველებდეს ის გარემოება, რომ, პუტინის გადაწყვეტილებით, შეიცვალა უკრაინაზე პასუხისმგებელი უწყება. საუბარია ФСБ-ზე, რომელიც ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციისათვის ნიადაგის მომზადებაზე იყო პასუხისმგებელი. როგორც გამოცემა Agentura.ru-ს მთავარმა რედაქტორმა ანდრეი სოლდატოვმა უთხრა რადიო თავისუფლებას, უკრაინაში რუსული ჯარების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და უკრაინის ტერიტორიაზე სადაზვერვო ინფორმაციის შესაგროვებლად, პუტინმა მთავარ სპეცსამსახურად ГРУ გამოაცხადა, აქამდე ეს ფუნქცია ФСБ-ს (უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს) ჰქონდა დაკისრებული.

როგორც ირკვევა, ამ ახალ გადანაწილებაში ორი გენერალი თამაშობს მთავარ როლს: ვლადიმირ ალექსეევი - ГРУ-ს ხელმძღვანელის პირველი მოადგილე და სერგეი ბესედა - ФСБ-ს V სამსახურის უფროსი.

ანდრეი სოლდატოვის თქმით, ФСБ-ს V სამმართველო ბოლო დრომდე (ფაქტობრივად, 20 წლის განმავლობაში) პასუხისმგებელი იყო უკრაინაზე.

ანდრეი სოლდატოვი

„ზოგადად ФСБ-ს V სამმართველოს თანამშრომლები არიან ყოფილი საბჭოთა სივრცის ჟანდარმები. ისინი, როგორც პოლიტიკური ოპერატორები, ერევიან პოლიტიკურ პროცესებში ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, მათ შორის, ბალტიის ქვეყნებში. ახლა უკვე მათ შორის ე.წ. ახლო საზღვარგარეთშიც. ГРУ კი ეს არის სტრუქტურა, განსაკუთრებით სამხედრო კონფლიქტის ვითარებაში, რომელიც უნდა იყოს ჩართული ტაქტიკურ და სტრატეგიულ დაზვერვაში, რათა დაეხმაროს რუსეთის ჯარს ამ ომის წარმოებაში. ანუ საუბარია იმაზე, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, კრემლი ფსონს დებდა უკრაინის პრობლემის პოლიტიკურ გადაწყვეტაზე, რუსულად რომ ვთარგმნოთ, პოლიტიკურ გადატრიალებაზე, რაც უნდა დაწყებულიყო მას შემდეგ, რაც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები შევიდოდნენ. ახლა კი, როგორც ჩანს, უკრაინაში შიდაპოლიტიკური კრიზისის შექმნის იმედსა თუ იდეაზე უარი თქვეს და გადაწყვიტეს, ფსონი დადონ საკითხის წმინდა სამხედრო გადაწყვეტაზე“, - ამბობს ანდრეი სოლდატოვი.

რას წარმოადგენს ФСБ-ს მეხუთე სამმართველო?

ФСБ-ს ეს სამმართველო თავდაპირველად შეიქმნა 90-იანი წლების ბოლოს, როგორც მცირე სამმართველო სახელწოდებით „ოპერატიული ინფორმაციის კოორდინაციის სამმართველო“, ეს მოხდა მაშინ, როცა ვლადიმირ პუტინი იყო ФСБ-ს დირექტორი. თავდაპირველად სამმართველოს ძალიან მოკრძალებული ამოცანა ჰქონდა. მას უნდა გაეწია კოორდინირება ФСБ-ს რეგიონული პირველი განყოფილებების საქმიანობისთვის. ФСБ-ს თითოეულ რეგიონალურ სამმართველოს აქვს სპეციალური დანაყოფი, რომელიც პასუხისმგებელია ამ რეგიონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უცხოელების გადაბირებაზე. ჯერ კიდევ საბჭოთა ტოტალიტარული პრაქტიკაა, რომ თუ უცხოელი გამოჩნდება სადმე მაგალითად როსტოვის ოლქში, ადგილზე უნდა იყოს ხალხი, ვინც მის გადაბირებას შეეცდება. როდესაც КГБ დაიშალა და საგარეო დაზვერვა იქცა დაზვერვის ცალკეულ სამსახურად, ФСБ-ს რეგიონალური სამმართველოების ეს პირველი განყოფილებები აღმოჩნდნენ საკოორდინაციო სტრუქტურის გარეშე. სწორედ ამისთვის შეიქმნა ოპერატიული ინფორმაციის კოორდინაციის სამმართველო (УКОИ), მაგრამ შემდეგ ამ განყოფილების მადა ძალიან სწრაფად გაიზარდა და მისმა მესვეურებმა მოითხოვეს პასუხისმგებლობის ცალკე სფერო.

„სწორედ ამ დროს უთხრეს მათ: ”ბიჭებო, რადგან თქვენ, ზოგადად, ახალბედები ხართ, ხოლო 90-იანი წლების დასაწყისში ძველები (საგარეო დაზვერვის სამსახური და ГРУ) შეთანხმდნენ თავიანთ დსთ-ელ (СНГ) კოლეგებთან, რომ უხერხულია სადაზვერვო საქმიანობის განხორციელება ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეში, თქვენთვის ეს უხერხულობა არ არსებობს, რადგან ხელი არ მოგიწერიათ ამ შეთანხმებაზეო". პასუხისმგებლობის ზონად გამოეყოთ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. რა თქმა უნდა, „ფერადი“ რევოლუციების დაწყების შემდეგ მათ მაშინვე აუხსნეს, რომ მთავარი ამოცანა იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში პოლიტიკური პროცესების მეთვალყურეობა. ამის შემდეგ ისინი გადაიქცნენ არა იმდენად დაზვერვის ოფიცრებად, რამდენადაც პოლიტიკურ ოპერატორებად“, - ამბობს ანდრეი სოლდატოვი, რომლის თქმითაც, რუსეთის სპეცსამსახურები პირველად ცდილობენ დაიცვან დისტანცია პუტინსა და თავიანთ სტრუქტურებს შორის:

რუსეთის ФСБ-ს უფროსი ალექსანდრ ბორტნიკოვი, ვლადმირ პუტნი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ

„2014 წელს, როდესაც ყირიმის ანექსია მოხდა, არანაირი დისტანცია არ ყოფილა, საიდუმლო სამსახურები და სამხედროები მხურვალედ უჭერდნენ მხარს პრეზიდენტს, თვლიდნენ, რომ ის ყველაფერს სწორად აკეთებდა. როგორ და რას აკეთებდა - ყველაფერს იწონებდნენ. ახლა კი ამ ხალხს მიაჩნია, რომ დიახ, რაღაც უნდა მოეხერხებინათ უკრაინისათვის, ისინი საკმაოდ ქსენოფობიურად და პარანოიდულად არიან განწყობილი, მაგრამ მათ არ მოსწონთ, როგორც ეს კეთდება. სპეცსამსახურებში საუბრობენ, რომ უკრაინაში რაღაც არ არის კარგად და ამას ვლადიმირ პუტინს აბრალებენ. არავის ესმის, რატომ იყო საჭირო ასეთი მოკრძალებული მიზნისთვის ასეთ საშინელ ომში ჩაბმა ამდენი მსხვერპლითა და ამგვარი სავალალო შედეგებით რუსეთის პოლიტიკისა და ეკონომიკისათვის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი სერიოზულ პოლიტიკურ რისკს უქმნიან ვლადიმირ პუტინს. სრულიად არასწორია იმის თქმა, რომ რუსი სამხედროები ან ჩეკისტები აპირებენ სერიოზული შეთქმულების მოწყობას ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ. არა, ეს სრულიად სხვა ამბავია. შეთქმულების საფრთხე არ არსებობს. უფრო სწორად, საქმე სულ სხვა რამეშია. საქმე ისაა, რომ როდესაც სამხედროები, განსაკუთრებით კი საიდუმლო სამსახურები (ამ შემთხვევაში, უფრო მნიშვნელოვანია სპეცსამსახურებზე საუბარი), იწყებენ დისტანცირებას ან ჩუმად დრტვინვას, ეს მათ პასიურს ხდის. სპეცსამსახურები ხომ მხოლოდ რეპრესიული უწყებები არ არიან, მათ ინფორმაციული ფუნქციაც აქვთ. ადეკვატურად უნდა მოახსენონ პოლიტიკურ ხელმძღვნელობას, თუ რა ხდება. ამ მიმართულებით უკვე დიდი პრობლემებია“.

გადატრიალების საფრთხე გაიზრდება

ქმნის თუ არა სამხედროებისა და სპეცსამსახურების უკამაყოფილება დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების საფრთხეს?

გამომძიებელი ჟურნალისტი, Bellingcat-ის ხელმძღვანელი, ხრისტო გროზევი ამბობს, რომ აშკარაა გარემოცვის უკმაყოფილება პუტინით.

„ეს აშკარაა როგორც ანალიტიკურად, ასევე მონაცემების საფუძველზეც, მაგრამ გადაიზრდება თუ არა ეს უკმაყოფილება რაიმე სახის აჯანყებასა თუ მინირევოლუციაში - ვერ ვიტყვი. ის ადამიანები, ელიტები, რომლებიც ხშირად იღებდნენ ფულს, რომლებსაც ევალებოდათ როგორმე მისი შენახვა და მოვლა, არასოდეს იყვნენ თავიანთ ქმედებებში დამოუკიდებლები, მაგრამ კონფლიქტი პროგნოზირებადია, რადგან ეს ხალხი ახლა იხდის საფასურს, თუმცა წინასწარ არავის უთქვამს, რომ უნდა გადაეხადათ. გარიგების ნაწილი, რომელიც დაიდო ელიტასთან, მოიცავდა ინტერესთა ამგვარ ბალანსს: „შეგიძლიათ იფრინოთ მონაკოში, შეხვდეთ და დააფინანსოთ პოლიტიკური პარტიები, გამოიყურებოდეთ თეთრად და ფუმფულად, მაგრამ არის წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთაც არ შეიძლება. ფული კი უნდა გქონდეთ შენახული „ობშიაკისთვის“. ახლა ეს ყველაფერი გაქრა. მას [პუტინს] პრაქტიკულად არაფერი აქვს მათთვის შესათავაზებელი, რათა კვლავ ერთგულად ემსახურონ. არ არსებობს რესურსები, რომელთა გადანაწილება და მათთვის მიცემა შეიძლება. მათ ამ ომში ვერაფერი ღირებული ვერ მოიგეს და ვერც მოიგებენ. ამიტომ, ანალიტიკური თვალსაზრისით, შეიძლება ველოდოთ უფრო და უფრო მეტ კრიზისს კრემლსა და ელიტას შორის. ჩვენ ვხედავთ უამრავ მიმოწერას, რომელსაც ჰაკერები გვიზიარებენ და იქ ვხედავთ ნამდვილ, პირდაპირ უკმაყოფილებას, სარკასტულ დამოკიდებულებას ომისადმი, არავინ ელის რუსეთისთვის რამე დადებითს, ცალკეულ შემთხვევებში კი ვხედავთ ძალიან ხისტ კრიტიკას ომის დაწყებასთან დაკავშირებით. ასე რომ, აქ საკითხავია არა ის, არის თუ არა კონფლიქტი, არამედ ის, გარდაიქმნება თუ არა იგი კრემლის წინააღმდეგ რაიმე სახის ქმედებებად“.

ჰრისტო გროზევი

უკმაყოფილება, რომლის შესახებაც ხრისტო გროზევი საუბრობს, მნიშვნელოვნად გაიზრდება, თუკი რუსეთის წარუმატებლობის მასშტაბი მნიშვნელოვან ტერიტორიულ დანაკარგებში გადაიზრდება, თუ რუსეთის არმია დაკარგავს, მაგალითად, ლუგანსკის ოკუპირებულ ტერიტორიას და ფრონტის ხაზი გადავა რუსეთის ფედერაციის საზღვარზე, თუმცა, გროზევის თქმით, რუსეთის უსაფრთხოების ძალების ინფორმირებული ელიტა ახლაც ხვდება, რომ ომი წაგებულია.

„ომი დოქტრინის დონეზე ერთ კვირაში უნდა დასრულებულიყო. ახლა რაც ხდება, არის ერთგვარი „მეორე“ ომი. "მეორე ომის“ მოგების შანსები გარანტირებული არ არის. ჩვენ ვხედავთ პროგნოზებს, რომლებსაც რუსებისთვის ოპტიმისტურს ვერ ვუწოდებთ. დაქირავებული მებრძოლების, „ვაგნერელების“ და სხვათა ტელეგრამარხები აკრიტიკებენ რუსეთის ხელმძღვანელობას სტრატეგიის არარსებობის, ხოლო გენერლებს ტაქტიკური შესაძლებლობების სიმწირის გამო. ძალოვანი სტრუქტურების ელიტას ესმის, რომ მობილიზაციის გარეშე (რომელსაც შესაძლოა სოციალური აფეთქება მოჰყვეს) ამ ომის მოგების ძალიან მცირე შანსი არსებობს. პუტინი კი მობილიზაციას ვერ აცხადებს სწორედ მოსალოდნელი სოციალური აფეთქების გამო. უშიშროების ძალებში პესიმიზმია იმის თაობაზე, თუ როგორ გამოვიდნენ შექმნილი ვითარებიდან. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ხელისუფლების შეცვლის სცენარი სავსებით შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ეს სცენარი შეიძლება მოდიოდეს უსაფრთხოების ძალების იმ ნაწილისგანაც, ვისაც სურს, რომ ომი იყოს უფრო სასტიკი, რათა არ იყოს რაიმე ეთიკური დაბრკოლება ქიმიური ან ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში. შეიძლება მოდიოდეს ძალოვნების სხვა ნაწილისგან, რომელიც ფიქრობს, რომ „საკმარისია, ერთხელ უკვე ვცადეთ, ჯობია აღარ დავკარგოთ კიდევ 10 ათასი ჩვენი ჯარისკაცის და ოფიცრის სიცოცხლე“. რა თქმა უნდა, არსებობს ვარიანტი, რომ თავად პუტინი გასცემს ბრძანებას ისეთი კრიტიკული გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, როგორიცაა, მაგალითად, ბირთვული იარაღის გამოყენება და ერთ-ერთი, ვინც უნდა შეასრულოს, უარს იტყვის ბრძანების შესრულებაზე. ეს უარი, დიდი ალბათობით, სახელმწიფო გადატრიალების გამომწვევი იქნება, რადგან მეფის ბრძანების შესრულებაზე უარის თქმის შემდეგ ყველაფერი ძალიან სწრაფად წავა“, - ამბობს ხრისტო გროზევი.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) შენობების კომპლექსი მოსკოვში

სარდლობის რა დონეზე შეიძლება იყოს საპროტესტო პოტენციალი? ვის ესმის, რომ ეს ომი საეჭვოა, რომ მცირე შანსია, მოუგო ომი უკრაინასა და ნატოს?

ხრისტო გროზევის თქმით, ყველაზე მეტი საპროტესტო პოტენციალი უსაფრთხოების ყველაზე ინფორმირებულ ძალოვნებს შორის ანუ ГРУ-ს ინტელექტუალურ ნაწილშია:

„ასევე ФСБ-ს ელიტაში, რომელმაც იცის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა რუსულ ჯარებში, იცის, რომ დაღუპული ან დაკარგული რუსი ჯარისკაცების დედები, ცოლები, დები კითხვების დასმას არ შეწყვეტენ. მათ იციან, რომ ოდესღაც ეს მდგომარეობა კონტროლიდან გამოვა. ეს არის ძალოვანი უწყებების ის ნაწილები, რომლებმაც იციან, რომ რეჟიმისთვის არსებობს საფრთხე და, რომლებიც თავად ამზადებენ თავიანთ მომავალს. ზოგიერთი მათგანი ეძებს შესაძლებლობას, გაიყვანონ ოჯახები რუსეთიდან, ყველა ეძებს გზებს, რომ დაგროვილი ფული (ხშირ შემთხვევაში კორუფციული ფული) გადაცვალოს დოლარსა და ევროში. ეს უკვე თავისებური ღალატია, რადგან ისინი არ ასრულებენ კრემლის იდეოლოგიურ ბრძანებებს, არამედ ემზადებიან ალტერნატიული რეალობისთვის“.