ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, ამნესტი ინტერნეიშენალი რუსთავი 2-ის ყოფილი ხელმძღვანელის და მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. მარია სტრუტერსი, ორგანიზაციის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, თვლის, რომ ნიკა გვარამიასთვის სამი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა არის პოლიტიკურად მოტივირებული უხეში დევნა ხელისუფლების მხრიდან კრიტიკის პასუხად.
ორგანიზაციაში თვლიან, რომ ნიკა გვარამია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, მისთვის გამოტანილი განაჩენი კი უარყოფითად იმოქმედებს საქართველოში მედიაგარემოზე და აჩენს შიშს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
"ამნესტი ინტერნეიშენალი ღრმად არის შეშფოთებული იმით, რამდენად არის ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებული, რომელიც მიზნად ისახავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. ორგანიზაცია შეშფოთებულია იმით, რომ ამ საქმეში არ იყო ბრალის წარსადგენად საკმარისი დანაშაული, როგორც ამაზე მიანიშნებდა საერთაშორისო გამჭვირვალობა და საქართველოს სახალხო დამცველი" - წერს ორგანიზაცია.
ასევე ნახეთ პოლიტიკური ოპონენტების გაჩუმების მცდელობა, თავდასხმა მედიის თავისუფლებაზე - პარტნიორების გამოხმაურებები გვარამიას საქმეზე16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. მოსამართლემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.