ფინეთის პარლამენტმა ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

საარქივო ფოტო

ფინეთის პარლამენტმა სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე დაამტკიცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნატოში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენა. ამ გადაწყვეტილებს მხარი დაუჭირა 188 დეპუტატმა, 8 - წინააღმდეგი იყო.

მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და მთავრობამ ამ ნაბიჯს ფუნდამენტური გადაწყვეტილება უწოდეს. ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში პრეზიდენტი ნიინისტე დაამტკიცებს საპარლამენტო კენჭისყრის შედეგებს.

მანამდე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან ლინდემ დღეს, 17 მაისს ხელი მოაწერა ნატოში შვედეთის შესვლის განაცხადს. ხელმოწერას სტოკჰოლმიდან პირდაპირ ეთერში გადასცემდა შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი. როგორც ან ლინდემ თქვა, ეს დიდი, სერიოზული და შვედეთისთვის საუკეთესო ნაბიჯია.

შვედეთამდე ცოტა ხნით ადრე, ნატოში შესვლის ოფიციალური გადაწყვეტილება გამოაცხადა ფინეთმა. ევროკავშირის ამ ორმა სახელმწიფომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ გადაწყვიტა.

ოთხშაბათს, 18 მაისს ფინეთი და შვედეთი ერთობლივად წარადგენენ ნატოს წევრობის განაცხადს, აღნიშნა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ შვედეთი და ფინეთი ხელიხელჩაკიდებულნი გაივლიან მთელ პროცესს, ხვალ კი ერთობლივად წარვადგენთ ჩვენს განაცხადებს", - განაცხადა მან სტოკჰოლმში ფინეთის პრეზიდენტ საული ნინისტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ნატოში ფინეთის და შვედეთის მიღებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30-ივე წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. ამ ეტაპზე უარყოფითი პოზიცია აქვს თურქეთს.