„წაართვით ბიბილოვს კალამი“

ანატოლი ბიბილოვი

„წაართვით ბიბილოვს კალამი“ - ეს ფრაზა სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ცხინვალელმა კომენტატორმა თემურ კოკოითიმ დაწერა და ასე გამოეხმაურა დე ფაქტო მოქმედი პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის მიერ რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმის თარიღის დანიშვნას.

ბიბილოვი "კალამს ხელიდან მართლა არ აგდებს" და ყოველდღიურად გამოსცემს ბრძანებულებებს და განკარგულებებს სხვადასხვა პირის დაჯილდოების, სამხედრო ჩინის მომატების, მილიციის ადგილობრივი განყოფილებების ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ, თუმცა მისი ყველაზე ხმაურიანი ხელმოწერა, მაინც ე.წ. რეფერენდუმის თარიღის დანიშვნას უკავშირდება, რომელსაც რეაქცია როგორც მოსკოვიდან, ისე ადგილობრივი საზოგადოებიდან მოჰყვა. ბიბილოვმა ე.წ. რეფერენდუმის თარიღად 17 ივლისი დანიშნა. ადგილობრივი ექსპერტები, მსოფლიო პოლიტიკის პრაქტიკაში ვერ იხსენებენ შემთხვევას, რომ წარმავალ ე.წ. პრეზიდენტს, ახალი ხელმძღვანელის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე რეფერენდუმი დაენიშნოს.

ცხინვალელი პოლიტოლოგი ვიაჩესლავ გობოზოვი აცხადებს, რომ ბიბილოვმა სარეფერენდუმო პროცედურები მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები უკვე ცნობილი იყო და ბიბილოვმა ისიც იცოდა, რომ ეს არჩევნები წააგო.

„დამარცხებული პრეზიდენტი რეალურად ახორციელებს სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებებს და ამ ვითარებაში, როგორც ჩვენს კონსტიტუციაში წერია, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს არ შეუძლია რეფერენდუმის დანიშვნა და ეს ლოგიკურია: ადამიანი, რომელსაც ამომრჩევლებმა ნდობა არ გამოუცხადეს, ვერ დანიშნავს რეფერენდუმს ასეთ საბედისწერო საკითხზე“, - უთხრა ვიაჩესლავ გობოზოვმა „ეხო კავკაზას“.

ასევე ნახეთ გაგლოევმა ბიბილოვი გააკრიტიკა ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნის გამო

მოძრაობა „ალანია-რუსეთის კავშირის“ თანათავმჯდომარე, როლანდ ქელეხსაევი მიუთითებს რეფერენდუმის მომზადების არანორმალურად მოკლე დროზე - ყველა პროცედურა დასრულდა ორ დღეზე უფრო ნაკლებ დროში:

„12 მაისის საღამოს, საინფორმაციო სააგენტო „რესმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საარჩევნო კომისია ხელმოწერების სიებს გადასცემს შინაგან საქმეთა სამინისტროს მათი ნამდვილობის დასადასტურებლად. 13 მაისს შსს- უკვე გადაამოწმა და საბუთები ცესკოს დაუბრუნა. საარჩევნო კომისიამ დასკვნა პრეზიდენტს გაუგზავნა. ანატოლი ბიბილოვი, თავის მხრივ, სასამართლოს უგზავნის დოკუმენტებს. უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმი იმავე დღეს განიხილავს და ასკვნის, რომ რეფერენდუმის კითხვები არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ანატოლი ბიბილოვი ხელს აწერს განკარგულებას, 17 ივლისს რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. თითქმის ყველა პროცედურა დასრულდა ერთ დღეში! სად გაგონილა ასეთი რამ? ეს რა ცირკია?! ის რაც გაკეთდა, ეწინააღმდეგება რეფერენდუმის სულისკვეთებას, ეს უფრო სპეცოპერაციას ჰგავს“, - ამბობს ქელეხსაევი.

„გაურკვეველია, რომელ სახელმწიფოსა თუ სახელმწიფოთაშორის კავშირში, ან გაერთიანებაში გვთავაზობენ რეფერენდუმის ინიციატორები სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის გაერთიანებას? იმავდროულად, „ძირითადი გარანტიების შესახებ“ კონსტიტუციური კანონის თანახმად, რეფერენდუმზე წარდგენილი საკითხი ინტერპრეტაციის საშუალებას არ უნდა იძლეოდეს, ის ცალსახად უნდა იქნეს განმარტებული. მაგრამ ამ ვითარებაში პირდაპირ ირღვევა კანონი „ძირითადი გარანტიების შესახებ“, რადგან გაუგებარია, რა სახის ასოციაციას გვთავაზობენ ინიციატორები და არ არის ნათელი, თუ რას დაუჭერს მხარს ამომრჩეველი, თუ 17 ივლისს ეს მოხდება. რას სახის გაერთიანებას გვთავაზობენ ინიციატორები? რუსეთთან გაერთიანებას, როგორც მისი სუბიექტის, სამოკავშირეო სახელმწიფოში გაერთიანებას თუ ასოციაციას?“ - აცხადებს ვიაჩესლავ გობოზოვი.

რადიო თავისუფლების კიდევ ერთი წყარო ცხინვალიდან გვეუბნება, რომ ბიბილოვი თავისი პრეზიდენტობის ბოლო დღეებში თვითნებობს.

„მას კრემლიდან და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროდან უკვე უთხრეს, რომ ახლა ამის დრო არ არის და რომც ჩატარდეს ეს რეფერენდუმი, მაინც რუსეთის გადასაწყვეტი იქნება ეს საკითხი. თან ჩვენ უკვე ჩავატარეთ მსგავსი რეფერენდუმები და ხალხმა საკუთარი ნება დააფიქსირა. რუსეთს რომ უნდოდეს, ახლავე მიგვიერთებდა, მაგრამ გვეუბნებიან, ახლა ამის დრო არ არისო, ბიბილოვი კი თვითნებობს. ძალოვანებს გენერლების წოდებებს ურიგებს, მილიციის უფროსებს ნიშნავს, არადა, ეს ხომ ახალი პრეზიდენტის, გაგლოევის გასაკეთებელია? გაგლოევს ექნება სრული უფლება, მისი განკარგულება გააუქმოს, რადგან ბიბილოვი აღარ იყო უფლებამოსილი რეფერენდუმი დაენიშნა, მაგრამ მან ეს მაინც გააკეთა. ეს არ არის სწორი და ამას საზოგადოების ადეკვატური შეფასება აქვს“.

ასევე ნახეთ ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი დანიშნა, უცნობია გაგლოევის პოზიცია

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალარჩეული ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი მოქმედი ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის მიერ რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის თარიღის დანიშვნას გამოეხმაურა და ის გააკრიტიკა.

მე, როგორც ჩემი სამშობლოს შვილი და ხალხის მიერ არჩეული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სრულად ვუჭერ მხარს გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანების იდეას ერთიანი რუსეთის შემადგენლობაში. სხვა საკითხია, დადგა თუ არა ახლა ის ისტორიული მომენტი, როდესაც აუცილებელია რეფერენდუმის შესახებ განკარგულების გამოცემა და მისი ჩატარების დაჩქარება“, - თქვა გაგლოვმა, 14 მაისს, სააგენტო „რესთან“ ინტერვიუში. გარდა ამისა, გაგლოევი კითხვას სვამს, შეუთანხმა თუ არა ბიბილოვმა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას თარიღის დანიშვნის გადაწყვეტილება, რადგან სამხრეთ ოსეთის რუსეთთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები კოორდინირებულად მოქმედებენ.

გაგლოევმა ბიბილოვის მიერ ე.წ. რეფერენდუმის 17 ივლისს დანიშვნის შესახებ თქვა, რომ გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა, არ შეთანხმებულიყო რეფერენდუმის თარიღი მასთან, „რადგან [ბიბილოვმა] იცოდა, რომ მას უნდა გაეტარებინა რეფერენდუმისთვის რიგი სამართლებრივი ღონისძიებები, მით უმეტეს, საკადრო ცვლილებების პერიოდში“.

ფიქრობდა ანატოლი ბიბილოვი ასეთ ვითარებაში რეფერენდუმის მომზადების ხარისხსა და მის შედეგებზე?“ - იკითხა გაგლოევმა.

ვისაც დაავიწყდა, შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, რუსეთთან შეუთანხმებლად, ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში გაერთიანების შესახებ რეფერენდუმები გაიმართა. გავიდა რვა წელი და ჩვენ ვხედავთ, რომ მათ ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს მიზანს“, - ხაზგასმით აღნიშნა გაგლოევმა შაბათს, მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანების შესახებ რეფერენდუმის დანიშვნის განკარგულებაზე ხელმოწერის კომენტირებისას.

ანატოლი ბიბილოვმა 13 მაისს მოაწერა ხელი განკარგულებას რეფერენდუმის 17 ივლისს დანიშვნის შესახებ. ბიბილოვის განცხადებით, მალე ახდება „დიდი ოცნება“, რადგან სამხრეთი ოსეთი და რუსეთი „დაკავშირებული არიან ერთი ისტორიით" და მოვიდა დრო, რომ „ერთხელ და სამუდამოდ“ გაერთიანდნენ.

სამხრეთ ოსეთისახალარჩეული პრეზიდენტი ალან გაგლოევი არ იჩქარებს რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას“, - რუსულ სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში ამის შესახებ ილაპარაკა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა. მან, ფაქტობრივად, აღიარა, რომ ანატოლი ბიბილოვის მიერ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რუსეთთან შეერთების საკითხზე ინიცირებული რეფერენდუმის საკითხი გაურკვეველი ვადით გადაიდო, რადგან ბიბილოვი ამ არჩევნებში დამარცხდა.

ბიბილოვის მიერ რეფერენდუმის თარიღის დანიშვნას დსთ-ს საკითხებში სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე („ერთიანი რუსეთი“) კონსტანტინ ზატულინიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს რეფერენდუმი ახლა რუსეთისთვის უადგილოა:

მე პატივს ვცემ ანატოლი ბიბილოვს, მაგრამ ახლა მისი ქმედება მთლად კორექტული არ არის: შენ თუ არჩევნები წააგე, რეფერენდუმი ახალარჩეულმა პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს და თუ ეს საბოლოოდ რაღაცის გაკეთების სურვილიდან მოდის, არ არის ლამაზი. ეს რეფერენდუმი ახლა რუსეთისთვის უადგილოა“, - განუცხადა ზატულინმა „ვედომოსტს“.

24 მაისს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ახალარჩეული დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის ინაუგურაცია გაიმართება და ამის შემდეგ ის „უფლებამოსილების“ განხორციელებას დაიწყებს.

ასევე ნახეთ ოკუპირებულ ცხინვალში რეფერენდუმი არ იქნება - გზავნილი მოსკოვიდან