რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატების მარიუპოლის დამცველი „აზოვის“ პოლკის მებრძოლების გაცვლის აკრძალვას მოითხოვენ. ამის შესახებ სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა, დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა და დუმის თავდაცვის კომიტეტს დაავალა მოამზადოს შესაბამისი ოქმი.
„ნაცისტი დამნაშავეები არ უნდა ექვემდებარებოდნენ გაცვლას, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ისინი სასამართლოს წინაშე წარდგნენ", - განაცხადა ვოლოდინმა, რომლის ამ განცხადებას დეპუტატები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
კომუნისტური პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელმა გენადი ზიუგანოვმა აღნიშნა, რომ დღეს ნაციზმისა და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ისევე როგორც უკრაინის დემილიტარიზაცია, ისტორიული ხასიათისაა. მისივე თქმით, რუსეთი ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ეს მიზნები და ამოცანები ბოლომდე მიიყვანოს.
დღეს, 17 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა კონაშენკოვმა მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „გუშინ მარიუპოლში დაიწყო აზოვსტალის ქარხანაში ბლოკირებული, ნაციონალისტური ქვედანაყოფის აზოვის ბოევიკების და უკრაინელი სამხედროების ტყვედ ჩაბარება“. კონაშენკოვის თანახმად, 16 მაისს „იარაღი დაყარა და ტყვედ ჩაბარდა 265 ბოევიკი, მათ შორის 51 მძიმედ დაჭრილი“.
უკრაინა კი „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციის ჰუმანიტარული ოპერაციის შესახებ იუწყება. ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, 16 მაისს, ევაკუირებული იყო 52 მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედრო, რომლებსაც მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ რუს ტყვეებში გაცვლიან.
წუხელ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან ევაკუირებულია 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო, რომლებიც გადაიყვანეს ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში, "აზოვსტალის" კიდევ 211 დამცველი კი, ჰუმანიტარული დერეფნით ჩაიყვანეს ოლენივკაში, საიდანაც გენშტაბის თანახმად, „გაცვლის პროცედურით“ დააბრუნებენ უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.
ნოვოაზოვსკი და ოლენივკა რუსეთის მიერ "დამოუკიდებელ რესპუბლიკად" აღიარებული, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზეა მოქცეული.