შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან, რომელიც ავარიულ ისტორიულ შენობაში ფუნქციონირებს, მუზეუმის ადმინისტრაცია ფონდების ევაკუაციას იწყებს და გამარტივებული შესყიდვით ყიდულობს 383 625 ლარის შესაფუთ მასალას ექსპონატებისთვის.
სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში განთავსებული სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ხელოვნების მუზეუმიდან ფონდების ევაკუაცია განხორციელდება ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ბალანსზე რიცხულ შენობებში მდებარე ქ. თბილისი გუდიაშვილის ქ. N1, N3. ალტერნატიულ ფართში, სადაც სარემონტო სამუშაოები 8 აპრილს დასრულდა.
მუზეუმის ადმინისტრაცია 140 000-მდე ექსპონატის ევაკუაციას ალტერნატიულ ფართებში გეგმავს 2021 წლის ივნისში მინისტრის მიერ დამტკიცებული საევაკუაციო გეგმის მიხედვით, რომლის თანახმადაც ისტორიული შენობიდან ფონდები 2022 წლის თებერვალში სრულად უნდა ყოფილიყო გადატანილი სხვა, უსაფრთხო სივრცეებში.
"ზემოაღნიშნული გეგმით გათვალისწინებული პროცესების ვადაში გაჭიანურება გამოწვეულია ქვეყანაში არსებული კოვიდ ვითარების, კონკრეტული კვლევების შესაბამისი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების (ექსპერტების) დეფიციტმა. ამასთანავე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გასული და მიმდინარე წლის ბიუჯეტში, არ იყო გათვალისწინებული, ექსპონატების შესაფუთი სპეციალური მასალის შეძენისათვის აუცილებელი თანხების რესურსი, სახსრების მოძიება (მობილიზება) განხორციელდა მიმდინარე პერიოდში. რის შემდგომაც ჩატარდა ბაზრის კვლევა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით დადგენილი მაღალი ხარისხის შესაფუთი მასალების მოთხოვნების შესაბამისი ბაზრის კვლევა მიმდინარეობდა ერთ თვეზე მეტ ხანს. აღნიშნული პროცესის ნაჩქარევ წარმოებას შესაძლოა მომავალში სავალალო შედეგები გამოეწვია" - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში, სადაც არ არის დაკონკრეტებული ევაკუაციის პროცესის დაწყების და დამთავრების ვადები.
ექსპონატების შესაფუთად საჭირო ნივთების სია, რომელსაც მუზეუმი ევაკუაციისთვის ყიდულობს, ასეთია:
ხელოვნების მუზეუმი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ ისტორიული შენობა, სადაც მუზეუმია განთავსებული, "არარენტაბელურია". მინისტრის ბრძანებითვე, ხელოვნების მუზეუმი "მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე" იმყოფება 2021 წლის ზაფხულიდან. ამ დროიდან დღემდე სამსახურიდან გაათავისუფლეს ათობით მეცნიერი. მათი უმეტესობა თვლის, რომ სამსახური ახალ მენეჯმენტთან მიუღებელი მოსაზრებების გამო დაკარგეს.
ასევე ნახეთ ვინ როგორ გამოიყენა მითი “გამოშიგნულ მუზეუმზე”