კობახიძე თვლის, რომ პრეზიდენტმა ნიკა გვარამია არ უნდა შეიწყალოს - მიზეზი გვარამიას "ბილწსიტყვაობაა"

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თვლის, რომ პრეზიდენტმა არ უნდა შეიწყალოს რუსთავი 2-ის ყოფილი ხელმძღვანელი და მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია. ამის შესახებ კობახიძემ დღეს, 17 მაისს პარტიის ოფისში გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა და თქვა, რომ გვარამიას შეწყალება პრეზიდენტის ინსტიტუტს დაასუსტებს.

„რაც შეეხება შეწყალებას, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით. მე აქ ვერ შევალ დეტალებში. ეს პრეზიდენტის ექსკლუზიური პრეროგატივაა. ერთ რამეს ვიტყვი, გვარამია განსაკუთრებით პრეზიდენტის მიმართ გამოირჩეოდა ბილწსიტყვაობით, არა შეურაცხყოფით, არამედ ბილწსიტყვაობით. როდესაც გვარამია ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის მიმართ, ეს არ არის ბილწსიტყვაობა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ეს არის ბილწსიტყვაობა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ.

თუ ასეთ პირობებში სალომე ზურაბიშვილი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც ჰქვია შეწყალება, გამოდის, რომ ის არ იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს. ეს ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, იქნებოდა ამის ნიშანი. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს. პრეზიდენტი უნდა გაუფრთხილდეს პრეზიდენტის ინსტიტუტს. სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბილწსიტყვაობა არის ინსტიტუტის მიმართ ბილწსიტყვაობა და ამის გატარება არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ჩამოგვეშლება ინსტიტუტები“ – განაცხადა კობახიძემ.

ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე "ისტერიულ კამპანიას" უწოდებს შეფასებებს ნიკა გვარამიას საქმეზე

ირაკლი კობახიძე დღესვე გამოეხმაურა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებული გადაყვეტილება ნიკა გვარამიას საქმეზე, ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციას და უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პროცესზე. კობახიძის თქმით, "სწორედ ნაციონალური მოძრაობა, ენჯეოები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან, თავისი არსით, ანტიევროკავშირი."

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. მოსამართლემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.