Reuters-ი: უკრაინელი სამხედროები გაჰყავთ აზოვსტალის ქარხნიდან

უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია აზოვსტალიდან, მარიუპოლი

უკრაინელი სამხედროები, რომლებიც მარიუპოლში აზოვსტალის შენობას იცავდნენ, გაჰყავთ ქარხნის ტერიტორიიდან - იუწყება სააგენტო როიტერსი და ავტობუსების ფოტოს აქვეყნებს.

რუსეთის ტელეარხი RT ირწმუნება, რომ აზოვსტალი დატოვა 300-მდე სამხედრომ, რომელთაგან დაახლოებით 50 ჯარისკაცი დაჭრილია. ვარაუდობენ, რომ ოპერაცია დილით ადრე გაგრძელდება. გაურკვეველია სად მიჰყავთ სამხედროები, ან არის თუ არა საუბარი ტყვეებზე.

ტელეგრამის არხმა Mash გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც თითქოს ასახულია როგორ მიჰყავს აზოვის პოლკის მძიმედ დაჭრილი სამხედრო სასწრაფო დახმარების მანქანას თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაჭრილები მიჰყავთ ნოვოაზოვსკში - დონეცკის ოლქის ქალაქში, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ. უკრაინის მხარე ამის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

ორშაბათს საღამოს გამოქვეყნდა ვიდეოჩანაწერო, სადაც აზოვის დანაყოფის მეთაური, დენის პროკოპენკო ამბობს, რომ "ადამიანთა სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით მთელი მარიუპოლის გარნიზონი ასრულებს უმაღლესი სამხედრო სარდლობის დამტკიცებულ ბრძანებას და იმედი აქვს უკრაინის ხალხის მხარდაჭერის". კერძოდ რა გადაწყვეტილებაზეა საუბარი დაკონკრეტებული არ არის.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებიდა, რომ უკრაინის მხარესთან მიღწეულია შეთანხმება აზოვსტალის მეტალურგიული ქარხნის შენობიდან დაჭრილი უკრაინელი სამხედროების გაყვანაზე.

აზოვსტალის ქარხანას უკრაინელი სამხედროები არ ტოვებენ მას მერეც, რაც მარიუპოლის საცხოვრებელი უბნები რუსეთის სამხედროების კონტროლის ქვეშ მოექცა. ისინიც და უკრაინის ხელმძღვანელობაც არაერთხელ გამოვიდნენ მოწოდებებით აზოვსტალიდან განხორციელებულიყო დაჭრილთა ევაკუაცია - რომელთა რაოდენობაც, ბოლო ცნობებით, რამდენიმე ასეულია.