აშშ-ის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი და უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას:
„თავიდანვე ამ საქმემ წარმოშვა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით. შერჩევითი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკა, მიმართული ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოებისა და თვით მთავრობის მიმართ. განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია. აშშ-ის მტკიცე პოზიციაა, რომ ჯანსაღი დემოკრატია სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და მედიის თავისუფლების დაცვაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მუდმივად მოვუწოდებდით მთავრობას არსებითი რეფორმების განხორციელებისკენ, ამ ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების დასაცავად“, - ნათქვამია განცხადებაში.
16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. მოსამართლემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.