"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", რომელიც მონიტორინგს უწევდა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესს, აცხადებს, რომ მის მიმართ 16 მაისს გამოტანილი განაჩენი უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია.
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ გამოტანილი განაჩენი პრობლემურია როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე არსებობს საეჭვო გარემოებები მართლმსაჯულების განხორციელებასთან მიმართებით.
საიას განცხადებით, ტელეკომპანია “მთავარი არხის” დირექტორის და წილის მფლობელის მიმართ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, სერიოზულ ზიანს მიაყენებს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებელს, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემოს გამძაფრებას.
„საგულისხმოა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლოს მიმართა სასამართლო მეგობრის პოზიციით, სადაც მიუთითებს, რომ კანონმდებლობისა და საერთაშორისო გამოცდილების/სტანდარტების გათვალისწინებით, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება. დირექტორის გადაწყვეტილება, თუნდაც ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, შესაძლებელია ემსახურებოდეს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს და უზრუნველყოფდეს მოკლე, ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას. ამასთან, სახალხო დამცველის მოსაზრებით, ნიკა გვარამიას მიმართ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებული გარემოებების გადაწყვეტა უშუალო გავლენას ახდენს როგორც ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე, ასევე, სასამართლოს შემდგომი პრაქტიკის განვითარებაზე.
ასევე, ამავე საქმეზე საერთაშორისო გამჭირვალობის წარდგენილი სასამართლო მეგობრის მოსაზრების მიხედვით, არ დასტურდება ნიკა გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტი. აგრეთვე, ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდება ვერ პასუხობს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული ფულის გათეთრების დანაშაულის ნიშნებსა და მის კონვენციურ შინაარსს.
საგულისხმოა, რომ საქმეზე საწყის ეტაპზე სწრაფად წარიმართა გამოძიება და მცირე ინტერვალში მოხდა ნიკა გვარამიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, არაერთი გაჭიანურებული გამოძიების ფონზე აღნიშნული გარემოებაც შესაძლოა დამატებით მიუთითებდეს მოცემული საქმით სავარაუდო დაინტერესებაზე“, - ვკითხულობთ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებაში.
საიას განცხადების თანახმადვე, სასამართლო პროცესის მსვლელობისას გაჩნდა კითხვები მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით:
„კერძოდ, სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე არის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელი ჰოლდინგის დირექტორის ზ. გ.-ის ბავშვობის მეგობარი. შესაბამისად მას, როგორც ჰოლდინგის დირექტორს გააჩნია პირდაპირი ფინანსური ინტერესი საქმის შედეგის მიმართ. მოსამართლემ თავი არ აიცილა მაშინვე, როდესაც შეიტყო რომ საქმე რუსთავი 2-ს ეხებოდა და ზ. გ. ბრალდების მხარეს მოწმეთა სიაში ჰყავდა. შემდგომში აღნიშნულთან დაკავშირებით დაცვის მხარემაც დააყენა მოსამართლის აცილების თაობაზე შუამდგომლობა. პროცესზე წარმოდგენილი იქნა მოსამართლისა და ზ. გ.-ს ახლო მეგობრობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც მოსამართლემაც არ უარყო. მათ შორის მტკიცებულებებიდან ირკვეოდა, რომ მათ მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდათ საქმის მიმდინარეობის პერიოდშიც. ამის მიუხედავად, მოსამართლემ თავი არ აიცილა“.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებითვე, საბოლოოდ, საქმეზე განაჩენის 2022 წლის 16 მაისს გამოცხადებით, დაირღვა საქმის განხილვის 24 თვიანი ვადაც. კერძოდ, სასამართლომ თითქმის ხუთი თვით გადააჭარბა კანონმდებლობით დადგენილ ვადას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. მოსამართლემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
ასევე ნახეთ მოსამართლემ ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა