მოსკოვი ფინეთის და შვედეთის გეგმას, გაწევრიანდნენ ნატოში, „დიდ შეცდომას“ უწოდებს

ნატოში ფინეთის და შვედეთის გაწევრიანება იქნება „დიდი შეცდომა, რომელსაც შორსმიმავალი შედეგები“ მოჰყვება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა.

სააგენტო DPA-ს რუსეთის „ინტერფაქსზე“ დაყრდნობით მოჰყავს რიაბკოვის ნათქვამი, რომ ჩრდილოეთ ევროპის ტრადიციულად ნეიტრალური ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება გაზრდის სამხედრო დაძაბულობას.

„მათ არ უნდა ჰქონდეთ იმის ილუზია, რომ ჩვენ უბრალოდ შევურიგდებით ამას“, - განაცხადა რიაბკოვმა შვედეთის და ფინეთის მისამართით.

უფრო ადრე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ფინეთის სახელმწიფოს მეთაურის, საული ნიინისტეს სატელეფონო საუბრის დროს, პუტინმა განაცხადა ჰელსინკის „შეცდომის“ შესახებ და თქვა, რომ რუსეთი ფინეთის არ უქმნის საფრთხეს. რუსეთსა და ფინეთს 1300 კილომეტრიანი საზღვარი ყოფს.

ნატოში ფინეთის და შვედეთის გაწევრიანების გეგმაზე დიდი გავლენა იქონია უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრამ. ფინეთი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ნეიტრალიტეტს იცავდა, აპირებს მალე შეიტანოს განაცხადი 30 წევრიან ალიანსში შესვლის თხოვნით. შვედეთი, რომელიც ტრადიციულად მიუმხრობელი ქვეყანაა, ასევე აპირებს ისტორიულ შემობრუნებას: ამ ქვეყნის მმართველი სოციალ-დემოკრატები დასავლურ ალიანსში შესვლას ემხრობიან. ორი ქვეყნის პარლამენტებმა საკითხის განხილვა 16 მაისისთვის დაგეგმეს.