„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ეხმაურება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ პატიმრობის განაჩენს და აცხადებს, რომ განაჩენი ნიკა გვარამიას დასჯას და ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებას ემსახურება.
„საქმის მასალების შესწავლისა და პროცესზე დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნული საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, რომლის მიზანი ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა“, - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებაში.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „მედიის ცენზურისა და დაშინებისათვის მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება სახიფათო გზავნილია სხვა კრიტიკული მედიასაშუალებებისთვისაც. ამასთან, აღნიშნული განაჩენი გაგრძელებაა იმ პოლიტიკური დევნისა, რომელსაც სახელმწიფო ოპონენტების წინააღმდეგ წლებია აწარმოებს“.
„ამ საქმეზე, ბრალდებების უსაფუძვლობაზე მიუთითებდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და სახალხო დამცველის მიერ სასამართლოში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ორი მოსაზრება. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ნიკა გვარამიას დევნის პირველი ფაქტი. ნიკა გვარამია ხშირად საუბრობდა მისი მოსყიდვის, დაშინების მცდელობის, მის მიმართ განხორცილებული შანტაჟისა და ოჯახის წევრების თვალთვალის ფაქტზე.
ბოლო პერიოდში, კრიტიკული მედია საშუალების დამფუძნებლებისა თუ მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლის საქმეებით, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორებისათვის პასუხისმგებლობის დღემდე არ დაკისრების, ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მათი საქმიანობის ხელშეშლის ფაქტების გახშირებითა და არაეფექტიანი გამოძიების წარმოებით ცხადი ხდება, რომ კრიტიკული მედიასაშუალებების საქმიანობა საშიში გახდა.
წლებია, მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას და ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს. რთული წარმოსადგენია, იმ ფონზე, როდესაც საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარადგინა და გადაწყვეტილების მიღების მოლოდინშია, ხელისუფლებას არ ჰქონდეს წარმოდგენილი ის დამაზიანებელი ეფექტი, რომელიც მის ბოლო პერიოდის რიტორიკას, მედიაგარემოს გაუარესებისა და კრიტიკული მედიასაშუალების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შეიძლება მოყვეს. შესაბამისად, ჩნდება განცდა, რომ მმართველი პარტიის და მთავრობის ბოლო პერიოდის რიტორიკა და კონკრეტული ქმედებები მიზანმიმართულია იმისაკენ, რომ საქართველომ ევროკავშირის მხრიდან დადებითი პასუხი არ მიიღოს“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. მოსამართლემ დღეს, 16 მაისს, გამოცხადებული განაჩენით, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
მოსამართლე ჩხიკვაძემ გვარამიასთვის კიდევ ერთი, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით(მითვისება, ან გაფლანგვა) წაყენებული ბრალი დააკვალიფიცირა 220-ე მუხლით და ამ ნაწილში სასჯელად განუსაზღვრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარის ჯარიმის გადახდა.
ასევე ნახეთ მოსამართლემ ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯათბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, გვარამია გამართლდა სამი სხვა მუხლით - 194-ე(უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია), 221-ე(კომერციული მოსყიდვა) და 362-ე(ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენება).
მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, "რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენიაც და მას სასჯელად შეუფარდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარის ჯარიმის გადახდა. მოსამართლემ გაამართლა საქმეზე მესამე ბრალდებული, "ინტერ მედია პლუს“-ის დირექტორი ზურაბ იაშვილი.
საქართველოს პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის 2019 წლის ზაფხულში წარდგენილი ბრალი ეხება პერიოდს, როცა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.
ამავე საქმეზე, „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია ბრალდებულია „წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში“. „ინტერ მედია პლუს“-ის დირექტორ ზურაბ იაშვილს ბრალად ედებოდა „კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენება“.
ასევე ნახეთ ომბუდსმენი გვარამიას საქმეზე: იმედია, სასამართლო იხელმძღვანელებს საერთაშორისო პრაქტიკითსასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გვარამიას აღკვეთის ზომად შეფარდებული ჰქონდა გირაო, 40 000 ლარი, ხოლო დამენიას და იაშვილს - 50 000-50 000. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა 2022 წლის 11 მაისს დასრულდა.
საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას საქმეში დანაშაულად არის მიჩნეული საწარმოს მმართველის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - ხელშეკრულების პირობების შეცვლა და მისაღები შემოსავლის განსაზღვრა, რომელიც საწარმოს მფლობელთანაც იყო შეთანხმებული და ბრალდების თანახმად, დანაშაულია, რომ დირექტორს შეეძლო კომპანიისთვის მეტი შემოსავლის მოტანა და ეს შემოსავალი არ მიიღო.
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის ნოემბერში მიმართა „სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით“, რომელშიც განხილული იყო აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, კონტინენტური ევროპის ქვეყნებისა და საქართველოს სასამართლოების პრაქტიკა. ამ პრაქტიკის თანახმად, მსგავსი სამეწარმეო გადაწყვეტილება ვერ გამოიწვევს არათუ სისხლისსამართლებრივ, არამედ კორპორატიულ პასუხისმგებლობასაც კი. სახალხო დამცველის შეფასებით, დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა, ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, მაგრამ ემსახურებოდეს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს და მოკლე ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას.