უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რუსი ოკუპანტები უკრაინაში ჩიხში არიან და მათი „სპეციალური ოპერაცია“ გაკოტრდა.
„ოკუპანტებს დღემდე არ სურთ იმის აღიარება, რომ ჩიხში არიან და მათი ე.წ. „სპეციალური ოპერაცია“ უკვე გაკოტრდა. მაგრამ აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც უკრაინელი ხალხი აიძულებს დამპყრობლებს, აღიარონ რეალობა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა აგრძელებს საერთაშორისო აქტივობას იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდეს და რუსეთის კიდევ უფრო მეტად იზოლირება მოხდეს.
"ოკუპანტებმა უნდა იგრძნონ მათთვის ომის ფასის ზრდა, იგრძნონ მუდმივად. ახლა, პირველ რიგში, ეს არის ნავთობის ემბარგო. როგორც არ უნდა შეეცადოს მოსკოვი ამ გადაწყვეტილების ჩაშლას, ევროპის რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების დრო იწურება და ეს არ შეიცვლება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.
კოლექტიური დასავლეთი რუსეთს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, შეწყვიტოს საომარი მოქმედება და დატოვოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები.